ნატოს ოფიცრებს 10 დღით ქართველი სამხედროები უმეთაურებენ
ნატოს ოფიცრებს 10 დღით ქართველი სამხედროები უმეთაურებენ
"ნატო-საქართველოს სწავლება-2019"-ზე იმ კრიზისებზე რეაგირებაც გათამაშდება, რომლებიც არ ითვალისწინებს ალიანსის მე-5 პუნქტის გამოყენებას...

თბილისში 18 მარტს დაიწყო და 29 მარტამდე გაგრძელდება მორიგი საერთაშორისო სამხედრო ღონისძიება "ნატო-საქართველოს სწავლება-2019".

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის­ წევრებთან ერთობლივი სამხედრო სწავლებით დღეს ვეღარავის გააკვირვებ, თუმცა ეს მაინც გამორჩეულია, რადგან სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებას პირველად უხელმძღვანელებენ საქართველოს თავდაცვის ძალები - ანუ ათი დღე ნატოს წევრი ქვეყნების მაღალჩინოსანი ოფიცრები ქართველი სამხედროების ბრძანებებს შეასრულებენ.

თუმცა ვერც ერთ პოლიგონზე ვერავინ დაინახავს, თუ
როგორ უბრძანებს სანგრების გათხრას ქართველი პოლკოვნიკი გერმანელ კაპიტანსა და ამერიკელ მაიორს - ეს ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა და ის ოპერატიულ რუკებზე, კაბინეტებში მიმდინარეობს და არა ველზე.
სწავლებაში 24 ქვეყნის (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია,
ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი) 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს.

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებაში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) გაუწევენ.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2019" რიგით მეორეა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეგიდით (SNGP) ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ სწავლებაზე გათამაშდება, არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე სწრაფი და სწორი რეაგირება. კერძოდ, ნატომ თავისი დებულების მე-5 პუნქტის (რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, როდესაც ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ნატოზე შეტევად ითვლება) ამოქმედების გარეშე როგორ შეაჩეროს მოწინააღმდეგე, რომელიც ნატოს არაწევრ, მაგრამ პარტნიორ ქვეყანას დაესხა თავს.

დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ეს სწორედ საქართველოსა და უკრაინის რუსული სამხედრო აგრესიისგან დაცვის მექანიზმის სრულყოფას გულისხმობს, ანუ მე-5 პუნქტის ამოქმედების გარეშე რა უნდა მოიმოქმედოს ბრიუსელმა პარტნიორი თბილისისა და კიევის დასაცავად.

მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ "ნატო-საქართველოს სწავლება-2019" რომელიმე ქვეყნის, თუნდაც იმავე რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ამ საერთაშორისო ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლების ლეგენდა წმინდა თავდაცვითი ოპერაციების დაგეგმვას ითვალისწინებს იმ მოწინააღმდეგის შესაჩერებლად, რომელიც უკვე შემოიჭრა შენს ტერიტორიაზე.

თბილისში ნატოს სწავლებაზე მოსკოვს ბირთვულრაკეტებიანი ამერიკული ბომბდამშენები "მოელანდა"


"ნატო-საქართველოს სწავლება-2019"-ის დაწყების წინადღეს რუსულ სამხედრო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწავლებაში ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-52-ებიც ჩაერთვებოდნენ, რომლებიც ბირთვული იარაღის მატარებლები არიან და ისინი პენტაგონმა თითქოს სპეციალურად გადაისროლა ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან დიდ ბრიტანეთში.

ამერიკული ბომბდამშენები მართლაც გამოჩნდნენ დიდი ბრიტანეთის თავზე საპატრულო ფრენებით რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრის სიახლოვეს, ნეიტრალური წყლების თავზე, მაგრამ ამას კავშირი არა აქვს საქართველოში ნატოსთან ერთად გამართულ ოპერატიული რუკებით "თამაშთან". ესეც საინფორმაციო ომის მორიგი რუსული შემოტევა აღმოჩნდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?