შეიქმნა სტალინის წინააღმდეგ, "ჩააძინა" გორბაჩოვ-ელცინმა და "გამოაღვიძა" პუტინმა... - კვირის პალიტრა

შეიქმნა სტალინის წინააღმდეგ, "ჩააძინა" გორბაჩოვ-ელცინმა და "გამოაღვიძა" პუტინმა...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის 70 წელს 30 წევრითა და საქართველოსთვის მიცემული 11-წლიანი პირობა-იმედით ხვდება...

მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი 4 აპრილს დაარსების შვიდ ათეულ წელს აღნიშნავს.

მაშინ, შორეულ 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე წელში, ჩვენს პლანეტაზე ახალი, ამჯერად ცივი ომი დაიწყო - ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლმა მოკავშირეებმა ერთმანეთს ატომური ბომბები დაუმიზნეს...

იმ დროს საბჭოთა კავშირის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ატომური და სარაკეტო ტექნიკის სწრაფი განვითარების (როგორც დამარცხებული გერმანიიდან ნაალაფარი სარაკეტო და საავიაციო ტექნოლოგიების, ისე აშშ-დან მოპარული ატომური ბომბის ნახაზების წყალობით) ფონზე კრემლი ანგარიშგასაწევი საფრთხე იყო როგორც ევროპის, ისე - მთელი დასავლეთისთვის.

სტალინის სატანკო არმადის ლა-მანშისკენ გაჭრის რეალური საფრთხის მოსაგერიებლად 1949 წელს შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელშიც ევროპის ათი (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, დანია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ნორვეგია და პორტუგალია) და ჩრდილოეთ ამერიკის ორი (აშშ და კანადა) სახელმწიფო გაერთიანდა.

მიუხედავად ასეთი რიცხობრივი უპირატესობისა, რამდენიმემილიონიანი საბჭოთა არმია დასავლეთ ევროპისთვის კვლავ სერიოზული საფრთხე იყო და სტალინს, როგორც ჩანს, ამერიკელების ატომური ბომბების შიში თუ აჩერებდა, ლა-მანშის სრუტის პლაჟზე საბჭოთა ტანკების მუხლუხების ნაკვალევის დატოვების ოცნება რომ არ განეხორციელებინა.

1955 წლის მაისში საბჭოთა სისტემამ შექმნა ნატოს საპირისპირო ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელშიც საბჭოთა კავშირის გარდა, აღმოსავლეთ ევროპის შვიდი პროკომუნისტური ქვეყანა - პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და ალბანეთი გაერთიანდა.

თუმცა ამ დროისთვის ნატოს შემადგენლობა 15 წევრამდე იყო გაზრდილი - 1952 წელს ალიანსში შევიდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული საბერძნეთი და თურქეთი, ხოლო 1955 წელს ნატოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაც გაერთინდა.

1960-იან წლებში ნატოც და ვარშავის პაქტიც თითო-თითო წევრით შემცირდა. ჯერ იყო და, 1966 წელს საფრანგეთი გამოვიდა ნატოს სამხედრო კომპონენტიდან, თუმცა დარჩა ალიანსის პოლიტიკურ გაერთიანებაში (პარიზი მხოლოდ 2009 წელს დაბრუნდა სრულყოფილად ალიანსის სტრუქტურებში), 1968 წელს კი ვარშავის პაქტი დატოვა ალბანეთმა.

მსოფლიოს ამ ორი უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ცივი ომი (რომელიც ორჯერ - ბერლინის კედლისა და კუბის კრიზისის გამო - კინაღამ "გავარვარებულ" ბირთვულ ომში გადაიზარდა), მოულოდნელად შეწყდა 1991 წლის თებერვალში, ვარშავის პაქტის დაშლის გამო, ხოლო იმავე წლის მიწურულს არსებობა შეწყვიტა საბჭოთა კავშირმაც...

რამდენიმე ათეულწლიანი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების შემდეგ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საბოლოოდ გაიმარჯვა კომუნისტურ მეტოქეზე და მაშინვე დაიწყო ნატოს... დეგრადირებაც.

ღირსეული მოწინააღმდეგის გარეშე დარჩენილმა ალიანსის ევროპელმა წევრებმა კომუნისტური საფრთხე ჩავლილად ჩათვალეს და სამხედრო ხარჯების მკვეთრი შემცირება დაიწყეს, რამაც ძალზე ნეგატიურად იმოქმედა მათი ეროვნული არმიების საბრძოლო მზადყოფნასა და დროულ გადაიარაღებაზე.

აშშ-მა, რომელიც ყოველთვის ითვლებოდა ნატოს უმთავრეს მამოძრავებელ ძალად, გამქრალი კომუნისტური საფრთხის ნაცვლად ალიანსის მთავარ მოწინააღმდეგედ საერთაშორო ტერორიზმი აირჩია.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გამო საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში თეთრი სახლის ძალისხმევა გაძლიერდა, რაშიც ნატოს სხვა ქვეყნებიც ჩაერთნენ და ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ დაწყებული მრავალწლიანი ბრძოლა იქცა ალიანსის მეხუთე პუნქტის (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) პირველად ამოქმედების პრეცედენტად.

იმ დროს, როცა ამერიკელი და ევროპელი სამხედროები ავღანეთის მთებსა და ერაყის უდაბნოებში თალიბებსა და ალ-ქაიდას დასდევდნენ, პუტინის რუსეთმა ჩეჩნეთის მეორე ომით ჩრდილო კავკასია მეტ-ნაკლებად "ჩააწყნარა" და ახლო საზღვარგარეთისთვისაც მოიცალა - ჯერ საქართველოსთვის, შემდეგ უკრაინისთვის...

რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრა "მიძინებული" ნატოსთვის გამოღვიძების მკვეთრ სიგნალად ვერ იქცა და ალიანსმა მხოლოდ ელვის სისწრაფით ყირიმის ნახევარკუნძულის რუსული "პრივატიზაციის" შემდეგ დაიწყო "შეშმუშვნა".

შეიძლება ითქვას - რომ არა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ მეზობლების მიმართ სამხედრო აგრესიის დაწყება, ნატოს "გაღვიძება" არ ეღირსებოდა და ის თავის ფუნქციას მთლად დაკარგავდა იმ ფონზე, რომ ალიანსის ევროპელმა წევრებმა სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-მდე შეამცირეს, მაშინ, როცა ორჯერ მეტი მაინც არის დასახარჯი მათივე არმიების საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად და შეიარაღების გასაუმჯობესებლად.

ნატოს ასევე გამოეპარა რუსეთის არმიის გადაიარაღების ფართომასშტაბიანი პროცესი, რომლის ბიძგად საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომი იქცა.

ამ რამდენიმედღიან საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა როგორც ხმელეთზე, ისე - ჰაერში და ზღვაზე, რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეტევაში გამოჩნდა ძალიან ბევრი ხარვეზი, რომლებსაც ქართულ არმიაზე ძლიერი ქვეყნების შეიარაღებული ძალები რუსეთის გენერალიტეტს არ აპატიებდნენ...

ნატო დაგვიანებით, მაგრამ მაინც იწყებს თავისი წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რისთვისაც აქამდე ალიანსის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თითქმის არაფერი გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსის წევრები 2004 წლიდან არიან, ხოლო პოლონეთი და ჩეხეთი - 1999 წლიდან.

რუსეთის მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა (შეიარაღების საწყობებისა და საბრძოლო ტექნიკის პარკების სახით) იმიტომაც არის საჭირო, რომ ალიანსის ექსპერტები დარწმუნდნენ - ყირიმის დაპყრობისას რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალებმა გამოიჩინეს შესაშური ოპერატიულობა, რომელიც ჰიბრიდული ომის ელემენტებით საიმედოდ იყო შენიღბული.

ალიანსის წევრი ბალტიისპირეთის ან პოლონეთის წინააღმდეგ რუსული სწრაფი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ნატოს გენერალიტეტი ვერ მოასწრებს საჭირო სამხედრო დახმარებას - ტანკებით, ჯავშანმანქანებითა თუ არტილერიით დატვირთული სარკინიგზო ეშელონები ვერ ჩააღწევს დანიშნულების ადგილამდე თუნდაც რუსული დივერსიული ჯგუფების აქტიური ქმედებებს გამო და ეს ტაქტიკა საბჭოთა პერიოდიდან არის დახვეწილი.

რაც შეეხება სამხრეთ ფლანგს, ალიანსი იწყებს შავი ზღვის რეგიონში გააქტიურებას, მაგრამ ეს პროცესი უფრო რთული იქნება, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ექვსი ქვეყნიდან სამი ნატოს წევრია (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი) და ორიც (უკრაინა და საქართველო) - ალიანსთან დაჩქარებული დიალოგის მონაწილე.

არსებობს შავი ზღვის რეგინში ნატოს სწრაფი გაძლიერების სამი ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი.

პირველი გახლავთ ის, რომ მონტროს კონვენციის თანახმად, არაშავიზღვისპირა ქვეყანას არ აქვს უფლება, შავ ზღვაში მუდმივად ჰყავდეს საზღვაო დაჯგუფება, ხოლო ბულგარეთისა და რუმინეთის ფლოტების ისე გაძლიერება, რომ მათ ბალანსი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დონემდე აღადგინონ, დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, რისთვისაც ნატო დღეს მზად არ არის.

მეორე - ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ მოსკოვმა გადააქცია ის "ჩაუძირავ ავიამზიდად", რომელზეც განთავსებული ხომალდსაწინააღმდეგო, საზენიტო და ბალისტიკური სარაკეტო სისტემები არა მარტო მთლიანად "კეტავს" შავი ზღვის აკვატორიას (ბოსფორის სრუტის ჩათვლით), არამედ სწვდება ალიანსის წევრი აღმოსავლეთ ქვეყნების სახმელეთო სტრატეგიულ ობიექტებსაც კი.

Mმესამე - ნატოს წევრი თურქეთის, უფრო სწორად კი მისი პრეზიდენტის, ერდოღანის, სახიფათო თამაში რუს და ამერიკელ კოლეგებთან, ერდოღან-პუტინის მჭიდრო ურთიერთობა, სათუოს ხდის ნატოს შავი ზღვის რეგიონში გაძლიერების გეგმის განხორციელებას, არადა, სწორედ ამის იმედი აქვს ალიანსში მიღების პირობამიცემულ საქართველოს - ჩვენ ხომ სასიცოცხლოდ გვჭირდება საიმედო მფარველი, რომელიც კრიტიკულ მომენტში მარტო შეშფოთება-აღშფოთებას არ დასჯერდება.

შეიძლება ითქვას, რომA დედამიწაზე ახალი ცივი ომი აგვისტოს ომიდან - რუსეთის არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის დღიდან დაიწყო.

მაშინ ნატოს წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები რუსეთს მთლად აგრესორად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ უკრაინაში პუტინის მიერ იმავე "სამხედრო ოინის" გამეორების შემდეგ შეფუცხუნდნენ - რუსული ჰიბრიდული საფრთხე ხომ მათ საზღვრებს მიუახლოვდა.

ახალი ცივი ომის პერიოდში ნატოს გაძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი გზა მისი წევრების მიერ საკუთარი არმიების გაძლიერებაა, რასაც სამხედრო ბიუჯეტის გაორმაგება მაინც სჭირდება.

ცალკე საკითხია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესის გაძლიერება უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღებით, მიუხედავად იმისა, როგორი წინააღმდეგი იქნება კრემლი. ბრიუსელს 21-ე საუკუნის დასაწყისში ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი რომ არ შეენელებინა და თავისი ისედაც შემცირებული სახსრები ავღანეთის მთებში თალიბების 18-წლიან დევნაზე არ ეხარჯა, დღეს ნატო უფრო მომზადებული შეხვდებოდა კრემლის აღორძინებულ სამხედრო-პოლიტიკურ ამბიციებს.