სუს-ი და უცნობი ჯაშუშები - კვირის პალიტრა

სუს-ი და უცნობი ჯაშუშები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების ფარული ოპერაციების ცდის შესახებ აცხადებს, ოღონდ - კონკრეტიკის გარეშე...

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების სხვა უკანონო ქმედებების გარდა, შეინიშნება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებიც. ამ რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე," - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც უწყებამ პარლამენტს გაუგზავნა.

ტენდენცია, რომ სუს-ი ყოველწლიურ მოხსენებას უგზავნის ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა საკითხის დაკონკრეტება ურიგო არ იქნებოდა, რათა უკეთ წარმოჩენილიყო სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურის მეტ-ნაკლებად ეფექტიანი ყოველწლიური მუშაობა.

ცხადია, სუს-ის საქმიანობა, ძირითადად, გასაიდუმლოებულია, მაგრამ საზოგადოების ნაწილს უჩნდება კითხვა: "ნუთუ ისე დავჩაჩანაკდით, რომ საქართველოს საიდუმლოები არც ერთი ქვეყნის დაზვერვას აღარ აინტერესებს და ჩვენს ქვეყანაში ჯაშუშებს აღარ გზავნიან?"

რა თქმა უნდა, ასე არ არის, პირიქით, თბილისი არაერთი ქვეყნის ჯაშუშური ქსელის "მექაა" და ზოგიერთი ძლიერი ქვეყნის არანაკლებ ძლიერი დაზვერვის სამსახურები ერთმანეთის წინააღმდეგ მსოფლიო დონის ჯაშუშურ ინტრიგებს სწორედ ჩვენს დედაქალაქში ხლართავენ, თუმცა რატომღაც არ ჩანს უცხო ქვეყნების ჯაშუშობისა თუ აქაურთა მათთან კავშირის გამომზეურებული ფაქტები, რომელთა ნაკლებობას ათიოდე წლის წინ საზოგადოება მართლაც არ განიცდიდა.

ღმერთმა დაგვიფაროს, შეთითხნილი "ჯაშუშური საქმეები" (როგორც მაშინ "იკერებოდა") კვლავ გამოჩნდეს, მაგრამ ნუთუ სუს-ს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არ გაუხსნია ერთი ისეთი ჯაშუშური ქსელიც კი, რომლის შესახებ საზოგადოებისთვის მოხსენება შეიძლებოდა?

იმას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო (იგივე მთავარი სადაზვერვო სამმართველო) სამხრეთის სამხედრო ოლქისა და მე-4 და მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზების სადაზვერვო განყოფილებების მეშვეობით აქტიურად მუშაობს, მტკიცება არ სჭირდება. არც იმას, რომ რუს სამხედრო მზვერავებს არ ჩამორჩებიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგები, განსაკუთრებით კი - ამ სამსახურში შემავალი სასაზღვრო ჯარების მზვერავები, როგორც სახმელეთო საზღვრის, ისე - სანაპირო დაცვის (დისლოცირებული არიან ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტში).

თავისი ინტერესები აქვს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურსაც, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში, ძირითადად, არალეგალური დაზვერვის ტაქტიკით მოქმედებს, რადგან აქ რუსეთის საელჩო არ ფუნქციონირებს და რუსი დიპლომატები თბილისში თითქმის აღარ არიან.

ცხადია, ოკუპირებული ტერიტორიები და იქ შემორჩენილი ქართველები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ინტენსიურად გადაადგილდებიან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეიძლება "მსუყე ლუკმა" აღმოჩნდნენ რუსული სადაზვერვო სტრუქტურებისთვის. ალბათ, სუს-ის მოხსენებაში მინიშნებული საფრთხეც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ჯაშუშური საქმიანობისთვის გამოყენების ცდებს გულისხმობდა.

ყოველწლიურად საქართველოში ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების გამართვა არა მარტო რუსი სამხედრო მზვერავების დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომაც არსებობს დიდი საფრთხე, რომ უცხო ქვეყნებისა და, უპირველესად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სადაზვერვო ქსელმა ქართულ არმიაში შეღწევა სცადოს, თუ ეს უკვე დიდი ხნის წინ არ გაუკეთებია.

სუს-ი პარლამენტში გაგზავნილ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიმართულებით; ქვეყნის თავდაცვის სისტემის ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ; და ამ მიმართულებით სამსახური ატარებდა შესაბამის კონტრდაზვერვით ღონისძიებებს.

იყო რამდენიმე სკანდალური ფაქტი, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების არმიებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის "დავერბოვკებული" მაღალი თანამდებობის სამხედროები გამოავლინეს, რომლებიც, თავიანთი ქვეყნის გარდა, მოსკოვს ნატოს შესახებაც აწვდიდნენ ოპერატიულ ინფორმაციას.

ძალზე ცუდი იქნება, თუკი მსგავსი რამ საქართველოშიც მოხდება, ამიტომ სუს-ს საქმე ყოველთვის აქვს, ბრძოლა საიდუმლო ფრონტზე ერთი წუთითაც არ წყდება, ოღონდ საზოგადოებამაც უნდა დაინახოს კონკრეტული და დასაბუთებული ბრალდებების ფონზე გამოვლენილი უცხო ქვეყნის აგენტურა, რათა იცოდეს, რა საფრთხე გვემუქრება.

რუსეთის აგენტი, უკრაინელი მზვერავი ვასილ პროზოროვი პირველად თბილისის რესტორანში "გაიშიფრა"

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დიდი სირცხვილი ჭამა, როდესაც გასულ კვირას მისმა მაღალჩინოსანმა მზვერავმა, პოდპოლკოვნიკმა ვასილ პროზოროვმა ყველასთვის მოულოდნელად მოწინააღმდეგის დედაქალაქში - მოსკოვში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და ბევრ სხვა საიდუმლოსთან ერთად ისიც გაამხილა, რომ 2014 წლიდან რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობდა.

უკრაინის სპეცსამსახურის ხელმძღვანელობამ თავი იმით იმართლა, რომ ეს პოდპოლკოვნიკი შარშან ლოთობის გამო გააგდო. თითქოს ამის დასტურად, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოფრაგმენტი, სადაც ჩანს, როგორ "მღერის" (თუმცა მის შესრულებას ბღავილი უფრო ეთქმის) 2016 წლის 10 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მთვრალი უკრაინელი ჯაშუში, პოდპოლკოვნიკი ვასილ პროზოროვი ცნობილ სიმღერას კურდღლებზე კინოფილმიდან "ბრილიანტის ხელი". რესტორანში სიმღერას ვერავის დაუშლი, მაგრამ აგვისტოს ომიდან ზუსტად რვა წლის თავზე თბილისში ასე გამომწვევად რუსულად ბღავილ-სიმღერა არ გვგონია, მოსაწონი იყოს. ნუთუ მაშინ იმ რესტორანში არავინ იჯდა ისეთი, ვინც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ფარულ რუს აგენტს ამ უსაქციელობას შეაწყვეტინებდა?!

ირაკლი ალადაშვილი