საბჭოთა პილოტის აღსარება, რომელმაც 9 აპრილის ტრაგედიის გამო, სენაკიდან Миг-29 თურქეთში გაიტაცა
09-04-2019
საბჭოთა პილოტის აღსარება, რომელმაც 9 აპრილის ტრაგედიის გამო, სენაკიდან Миг-29 თურქეთში გაიტაცა
ფოტო:ალექსანდრ ზუევი
"9 აპრილს დაღუპულებისთვის შურის საძიებლად ცხაკაიაში Миг-ებს დაბალ სიმაღლეზე გადავუფრინე და ერთმანეთის გვერდით ჩაწყობილი 12 Миг-29-ის დასაცხრილად ქვემეხის გაშეტს თითი დავაჭირე..."

9 აპრილს 30 წელი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც საბჭოთა არმიამ და სპეცსამსახურებმა რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიანი მიტინგი სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ამ საბჭოთა სადამსჯელო ოპერაციის მომზადებისა და ჩატარების ბევრი საიდუმლო დეტალი მოგვიანებით ცნობილი გახდა, ბევრიც ისევ უცნობია, მაგრამ ის, რასაც ამ სტატიაში წაიკითხავთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება.

1989 წლის 20 მაისს სენაკიდან (მაშინ ეს ქალაქი ცხაკაიად იყო "გადანათლული) საბჭოთა პილოტმა იმ დროისთვის უახლესი და საიდუმლო გამანადგურებელი თვითმფრინავი Миг-29 თურქეთში, ტრაპიზონის აეროპორტში გაიტაცა. გამანადგურებელი თურქებმა საბჭოთა კავშირს მეორე დღესვე დაუბრუნეს, თუმცა მისი გამტაცებელი, პირველი კლასის სამხედრო მფრინავი, კაპიტანი ალექსანდრ ზუევი ამერიკელებს გადასცეს, სადაც
მან მალევე აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო.

ამ საინტერესო ფაქტის შესახებ "კვირის პალიტრაში" ჯერ კიდევ ოციოდე წლის წინ დავწერეთ და ქართველი მკითხველის დიდმა უმრავლესობამ ეს პირველად შეიტყო. მაგრამ მაშინ არ ვიცოდით საბჭოთა Миг-ის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აეროდრომიდან გატაცების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

Миг-ის გამტაცებელმა კაპიტანმა ზუევმა აშშ-ში გამოუშვა წიგნი სათაურით "საყრდენი წერტილი: პილოტის გაქცევა საბჭოთა იმპერიიდან, რომლის წაკითხვის შემდეგ ჩვენთვის ძალიან საინტერესო დეტალები ირკვევა.

საბჭოთა პროპაგანდამ, რომელსაც შემდგომ უკვე რუსული მასმედიაც აგრძელებდა, ისეთი სურათი დახატა, რომ ხელმოცარულ და ოჯახდანგრეულ კაპიტან ზუევს, რომელსაც სამხედრო-საჰაერო ძალებიდან გაგდებას უპირებდნენ, სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ეღალატა საბჭოთა სამშობლოსთვის და საიდუმლო გამანადგურებელი ამერიკელებისთვის "ფეშქაშად" ჩაეფრინა ნატოს წევრ თურქეთში. ალექსანდრ ზუევი არ უარყოფს, რომ გულს ურევდა საბჭოთა სისტემა და ყველა ღონეს ხმარობდა შეიარაღებული ძალებიდან წამოსასვლელად, მაგრამ მთავარი იმპულსი, რამაც Миг-ის გატაცება გადააწყვეტინა... 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკად დარბევა და მათი დახოცვა აღმოჩნდა.

როგორც ზუევი წერს, მანამდე ის ფულს აგროვებდა, რათა საბჭოთა საჰაერო ძალებიდან დათხოვნის შემდეგ კონტრაბანდისტების დახმარებით აჭარიდან საცალფეხო ბილიკებით თურქეთში გადასულიყო, მაგრამ 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ გადაწყვიტა, ისე წასულიყო საბჭოთა იმპერიიდან, რომ მისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა, თუნდაც საიდუმლო გამანადგურებლის გატაცებით.

თავისი სახიფათო გეგმის შესასრულებლად სამეგრელოს სოფლებსა და ფოთში მან საძილე აბები შეიძინა და თავისივე გამომცხვარ ტორტში ჩადო, ტორტი კი ცხაკაიის აეროდრომზე ღამის მორიგე სამხედროებს შესთავაზა, თავად კი ის კუთხე მოიტეხა, რომელიც მონიშნული ჰქონდა და საძილე აბი არ იდო.

მაშინ ცხაკაიის აეროდრომზე "ჰაერი-ჰაერი კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ოთხი Миг-29 იდგა სადღეღამისო მორიგეობაზე, რომელთა ჰაერში აწევას ხუთი წუთიც არ დასჭირდებოდა. ზუევმა ერთ-ერთი Миг-ის გატაცება გადაწყვიტა. მან გადაჭრა ის სატელეფონო ხაზები, რომლებიც სამორიგეოს სამხედრო ნაწილთან აკავშირებდა და გააფუჭა საიარაღო ოთახის გისოსიანი კარის საკეტიც, რათა განგაშის გამოცხადების შემდეგ იარაღი ვერ აეღოთ. სამორიგეოში ტორტნაჭამ მორიგეებს უკვე ჩასძინებოდათ, მაგრამ თვითმფრინავებთან ყარაულმა ავტომატიანმა ჯარისკაცმა კაპიტან ზუევს წინააღმდეგობა გაუწია, ორთაბრძოლა ორმხრივ სროლაში გადაიზარდა და კაპიტანმა "მაკაროვის" გასროლით დაჭრა ჯარისკაცი, თუმცა პილოტმა "კალაშნიკოვის" ჯერის ერთი ტყვია მაინც "დაიჭირა". ზუევმა ცალი ხელით მაინც მოახერხა Миг-ის ძრავების ამუშავება, ასაფრენ ბილიკზე გასვლა და აფრენა.

და ნაცვლად იმისა, რაც შეიძლება სწრაფად აეღო გეზი ტრაპიზონისკენ, სანამ მდევარი სხვა გამანადგურებლებით გამოუდგებოდა და გატაცებული Миг-ის ძებნას ფოთისა და ბათუმის საზენიტო-სარაკეტო დივიზიონები რადიოლოკატორებით დაიწყებდნენ, ზუევმა სახიფათო გადაწყვეტილება მიიღო: "არ მინდოდა საბჭოთა იმპერია, რომელმაც ერთი თვის წინ თბილისში მორიგი სისასტიკე ჩაიდინა, დაუსჯელად დამეტოვებინა. 9 აპრილს დაღუპულებისთვის შურის საძიებლად ცხაკაიის აეროდრომიდან აფრენისთანავე ჩემი გამანადგურებელი ვირაჟით შემოვატრიალე, საწვავის დამატებითი ავზი ისე ჩამოვაგდე, რომ აეროდრომის სიახლოვეს მდგარი ქართველების სახლებს ასცდენოდა და პირველი ესკადრილიის Миг-ებს დაბალ სიმაღლეზე გადავუფრინე, ერთმანეთის გვერდით ჩაწყობილი 12 Миг-29-ების დასაცხრილად 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხის გაშეტს თითი დავაჭირე... მაგრამ ქვემეხი დუმდა, მხოლოდ ტრაპიზონში დაჯდომის შემდეგ ვნახე, რომ ქვემეხის სროლის ბლოკირების მეორე ბერკეტი არ იყო გამორთული", - იხსენებს თავის წიგნში ზუევი.

"საბჭოთა Миг-ების დაცხრილვა არ გამომივიდა, ცალ ხელში დაჭრილი ვიყავი და გონება შეიძლება ყოველ წუთს დამეკარგა. თენდებოდა, სასწრაფოდ უნდა გავცლოდი საბჭოთა საჰაერო სივრცეს, რისთვისაც რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეზე უნდა მეფრინა, რათა ფოთსა და ბათუმში განთავსებულ რადიოლოკატორებს არ აღმოვეჩინე და საზენიტო რაკეტები არ გამოეშვათ ჩემი Миг-ის ჩამოსაგდებად, - იხსენებს ზუევი, - შავი ზღვის თავზე რამდენიმე წუთში გავედი და გეზი ტრაპიზონის სამოქალაქო აეროპორტისკენ ავიღე. მართალია, საქართველოს სანაპირო ზოლში დისლოცირებულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს დავუძვერი, მაგრამ ზღვაში მოდრეიფე საბჭოთა სამხედრო ხომალდებიდან გამოშვებული საზენიტო რაკეტების ლუკმა შეიძლება გავმხდარიყავი, არც მდევარ ცხაკაიის Миг-ებს ვივიწყებდი. Миг-ის კაბინაში ხელსაწყოთა დაფაზეც რამდენჯერმე აინთო გამაფრთხილებელი სიგნალი იმის შესახებ, რომ ლოკატორები მეძებდნენ და ჩემს თვითმფრინავს ასხივებდნენ.

კაპიტანმა ზუევმა მოახერხა მდევრისგან თავის დაღწევა და ტრაპიზონის აეროპორტში საიდუმლო საბჭოთა გამანადგურებლის დასმა, რაც თურქული მხარისთვის მოულოდნელი იყო - ნატოს ნაქებმა საჰაერო თავდაცვამ ვერ დააფიქსირა დაბალ სიმაღლეზე მფრენი რაკეტებიანი საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავის არათუ თურქეთის ცაში გამოჩენა, არამედ მის აეროპორტში დაჯდომა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც Миг-დან გადმოსული დაჭრილი ზუევის თხოვნით აეროპორტის მორიგემ ანკარაში უფროსობასთან დარეკა, თურქული სპეცსამსახურები აფორიაქდნენ.
ცხაკაიის აეროდრომზე კი ისეთი ამბავი ტრიალებდა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში: მოსკოვიდან ცხაკაიაში გაავებული საბჭოთა გენერლებით გადატენილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა და დაიწყო...

გორბაჩოვის ხელისუფლებამ დიდი პოლიტიკური ზეწოლა მოახდინა ოფიციალურ ანკარაზე და გატაცებული Миг-ი მეორე დღესვე დააბრუნეს ცხაკაიაში ისე, რომ თურქებმა ამერიკელი სპეციალისტები ახლოს არ გააკარეს იმდროინდელ მნიშვნელოვან საბჭოთა საიდუმლოსთან.
სამაგიეროდ, ყოფილი საბჭოთა სამხედრო მფრინავი, კაპიტანი ალექსანდრ ზუევი ამერიკელების განკარგულებაში აღმოჩნდა - მას ჯერ პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს, შემდეგ კი აშშ-ის მოქალაქეობა.

ორიოდ წელში ყოფილმა საბჭოთა პილოტმა პენტაგონს უდიდესი სამსახური გაუწია - ქუვეითში შეჭრილი სადამ ჰუსეინის გამოსაძევებლად და ერაყში "უდაბნოს ქარიშხლის ოპერაციის დაწყების წინ Миг-ის ყოფილმა პილოტმა ზუევმა ამერიკელებს Миг-29-ების ყველა საიდუმლო გაუმჟღავნა და საბჭოთა სამხედრო ავიაციის მფრინავების საბრძოლო მოქმედების ტაქტიკაც გააცნო, რაც პენტაგონს ძალიან გამოადგა - ერაყელი პილოტები მოსკოვისგან გადაცემული ახალი Миг-29-ებით სწორედ ისეთი ტაქტიკით მოქმედებდნენ, რომელსაც კაპიტან ზუევის ინსტრუქციების წყალობით ამერიკელი მფრინავები უკვე იცნობდნენ და შესაბამისად, მზადაც იყვნენ.

თავის წიგნში ალექსანდრ ზუევი თბილად იხენებს როგორც სენაკში, ისე ვაზიანში გატარებულ წლებს (ერთხანს ვაზიანში Миг-23 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავით თბილისის საჰაერო თავდაცვის სისტემის სამორიგეო რგოლში მსახურობდა) და ქართველებთან ურთიერთობას, რომელთა შორის მეგობრებიც ჰყოლია.

2001 წლის 10 ივნისს ქალაქ სიეტლთან საბჭოთა სპორტულ-სავარჯიშო თვითმფრინავ ЯК-52-ის პილოტირებისას ალექსანდრ ზუევმა კატასტროფა განიცადა და დაიღუპა. ძნელი სათქმელია, ეს რუსული სპეცსამსახურების მოწყობილი ავიაკატასტროფა იყო თუ არა, მაგრამ 1989 წელს ცხაკაიის აეროპორტიდან იმ დროისთვის საიდუმლო საბჭოთა გამანადგურებელ Миг-29-ის თურქეთში გატაცების გამო ყოფილ კაპიტან ალექსანდრ ზუევზე ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდგომ რუსეთის სპეცსამსახურები, როგორც სამშობლოს მოღალატეზე ნადირობდნენ.

დათო
19 აპრილი 2019 19:03
ეს სიმართლეა რუსი ოფიცერი მომიყვა სხვათა შორის ამ კაცს ამართლებდა
რეზო
12 აპრილი 2019 08:47
ისიც საინტერესოა თუ რატომ დაუბრუნეს თურქებმა რუსება თვითმფრინავი.
გრიგორი
11 აპრილი 2019 10:31
ძალიან მეეჭვება აეროდრომზე მდგარი Миг-ების აფეთქება ფქონოდა მიზანში 1 გამოცდილმა მფრინავმა არ იცოდა, რომ ქვემეხი დაბლოკილი იყო ?! მაშინ რაკეტები რატომ არ ესროლა ?! ეს მას ათობით კმ-დან შეეძლო !

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?