ჰაუბიცების ზალპი... ტყის ხანძრების ჩასაქრობად?! - კვირის პალიტრა

ჰაუბიცების ზალპი... ტყის ხანძრების ჩასაქრობად?!

ოზურგეთის დაბა ლაითურთან ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო 20 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა. ხანძრის ჩაქრობაში, სახანძრო ტექნიკასთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენიც მონაწილეობდა.

ეს ინფორმაცია 9 აპრილს გავრცელდა, ანუ ტყის მასივებში ხანძრები გაზაფხულზე უკვე ჩნდება და რა მოხდება აგვისტოში, თუ ორი წლის წინანდელი გვალვები განმეორდა?

მეხანძრე-მაშველები, წესით, უკეთ უნდა იყვნენ მომზადებული, ვიდრე ბორჯომის ხანძრის დროს - შესყიდულია მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანები და ახალი აღჭურვილობა, დასრულდა სასაზღვრო პოლიციის ოთხი შვეულმფრენის კაპიტალური რემონტი-მოდერნიზაცია, რის შემდეგაც მათ ხანძრების ჩაქრობა უფრო ადვილად უნდა შეძლონ.

მაგრამ რჩება ისეთი რთული მონაკვეთები, სადაც ტყის ხანძრის ჩასაქრობად ვერც მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა "აბობღდება" და ავიაკატასტროფის შიშით ვერც შვეულმფრენი შეფრინდება (გავიხსენოთ ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობისას ავარიაგანცდილი მესაზღვრეების შვეულმფრენი). არსებობს კი სხვა გამოსავალი ძნელად მისავალ მთებზე ტყის ხანძრის ჩასაქრობად?

ჩინელები, რომლებიც ყოველწლიურად ზარალდებინ ტყის ხანძრებით, ასეთ სიტუაციებში, არც მეტი, არც ნაკლები, არტილერიის გამოყენებას აპირებენ. ჰაუბიცების რამდენიმე ზალპი და მთის წვერზე, ტყეში მძვინვარე ხანძრის კერა ჩამქრალია!

ჩინეთის პროვინცია შანსში ტყის ხანძრის ლოკალიზაციისთვის პირველად გამოიყენეს ახალი საარტილერიო სისტემა, რომელიც საბრძოლო, 122 მმ კალიბრის ჰაუბიცების ბაზაზე შეიქმნა. ეს ჰაუბიცა მაქსიმალურ, რვა კმ-ის სიშორეზე ისვრის საარტილერიო ჭურვს, რომელშიც ტროტილის მაგივრად მშრალი ფხვნილია ჩაპრესილი. ჭურვის მიზანში მოხვედრის შემდეგ ის იფანტება და ცეცხლის კერას აქრობს. ჭურვის კორპუსი არ წარმოქმნის დამაზიანებელ ეფექტს და ტყეს დიდ ზიანს არ მიაყენებს, მით უმეტეს, თუ ტყის ის მონაკვეთი ხანძრით ისედაც განადგურებულია.

ერთი შეხედვით ძალზე მომგებიანი ჩანს მეთოდი - "კარგად დაუმიზნე და დისტანციურად "გაანადგურე" ცეცხლის კერა", ამისთვის არც მეხანძრეების გაგზავნა დაგჭირდება ხანძართან სახიფათოდ ახლოს და არც - შვეულმფრენების "ჩამოკიდება" აალებული ტყის თავზე.

მაგრამ არსებობს დამაფიქრებელი გარემოება - ერთ 122 მმ-იან ჭურვს ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 20 კვადრატულ მეტრზე შეუძლია, ანუ ერთ ჰექტარზე ხანძრის ჩაქრობისთვის 500 ხანძარსაწინააღმდეგო ჭურვის გასროლა იქნება საჭირო!

ეს ძალზე ძვირად ღირებული გამოსავალია, თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა მთავარია შედეგი ნებისმიერ ფასად, რადგან საეჭვოა, მოიგოს ტურისტულმა ბიზნესმა ან საქართველოს იმიჯმა, თუკი მიუვალ მთაზე ხანძარი რამდენიმე დღე ან სულაც ერთი-ორი კვირა იბობოქრებს და ხელისუფლება უძლური იქნება, ჩააქროს მსოფლიოს ახალი ამბების ყველა გამოშვებაში "მოგიზგიზე" ესა თუ ის ქართული მთა.

ამიტომაც უპრიანი იქნებოდა ჩინური ნოუ-ჰაუს საცდელი პარტიის - რამდენიმე ათეული ხანძარსაწინააღმდეგო ჭურვის შეძენა, რომელთა სასროლი 122 მმ-იანი ჰაუბიცები ისედაც არის ქართული არმიის შეიარაღებაში. ვინ იცის, იქნებ გაამართლოს ტყის გადასარჩენად მისმა "დაბომბვამ".