სისხლი სისხლის წილ - შურისძიება საიდუმლო ოპერაციებით?! - კვირის პალიტრა

სისხლი სისხლის წილ - შურისძიება საიდუმლო ოპერაციებით?!

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულმა თუ სიის გარეთ დარჩენილმა იმ პირებმა, ვინც საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიან და საომარ პერიოდებში წამებით დახოცეს, პასუხი როდის და როგორ უნდა აგონ?"

დავიწყებთ თითქმის ჩვენნაირ მდგომარეობაში (შეიძლება უარესშიც) მყოფი უკრაინით... გასულ კვირას იქ ძალზე საინტერესო მოვლენები მოხდა - მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების დაძაბულ მეორე ტურს არ ვგულისხმობთ.

უკრაინის პროკურატურას აღიარებითი ჩვენება მისცა რუსეთის მოქალაქემ, რომელიც თანამზრახველთან ერთად უკრაინის სპეცსამსახურის მაღალჩინოსნის მანქანის აფეთქებას ცდილობდა. თანამზრახველს ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელში აუფეთქდა და მძიმედ დაშავდა. უკრაინის სპეცსამსახურებმა დააკავეს ამ ჩაშლილი დივერსიის შვიდი მონაწილე, მათ შორის - რუსეთის ГРУ-ს ორი თანამშრომელი, რომელთაც მოსკოვის სპეციალური დავალებით, ფიზიკურად უნდა გაენადგურებინათ მაღალჩინოსანი უკრაინელი მზვერავები და კონტრმზვერავები, რომლებმაც თავის დროზე დაგეგმეს და წარმატებით განახორციელეს უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ სეპარატისტთა ლიდერების - გივის, მოტოროლას, ზახარჩენკოსა და სხვების სალიკვიდაციო საიდუმლო ოპერაციები. რუსეთის საპასუხო კონკრეტული დივერსიები ორჯერ ასევე წარმატებით დასრულდა - მარიუპოლსა და კიევში აფეთქებულ ავტომობილებში უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორი მაღალჩინოსანი (გენერალ-მაიორი და პოლკოვნიკი) დაიღუპა, მესამე ცდა კი ტექნიკური პრობლემის გამო ჩაეშალათ.

როგორც ხედავთ, სპეცსამსახურების საიდუმლო ორთაბრძოლა, რომელიც არასდროს შეწყვეტილა, დღესაც მიმდინარეობს. გავიხსენოთ, თუნდაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ტერაქტის შედეგად დაღუპული ისრაელის სპორტსმენების გამო "მოსადი" სხვადასხვა კონტინენტზე რამდენი წელი ატარებდა შურისძიების საიდუმლო ოპერაციებს.

საქართველოში გასული წლიდან არსებობს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც სამ ათეულზე მეტი იმ პირის გვარია, რომლებმაც მშვიდობიან და ომის პერიოდებში წამებით დახოცეს საქართველოს მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ ამა წლის დასაწყისში სიას მხარი ევროსაბჭომაც დაუჭირა, მასში დასახელებული პირების პასუხისგების პროცესი არ დაწყებულა და, ალბათ, არც დაიწყება.

სიაში მოხვედრილთა უმეტესობამ საქართველოს მოქალაქეები წამებით ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს, ანუ მეოთხედი საუკუნის წინ დახოცა და თუკი აქამდე შერჩათ ეს საშინელი დანაშაული, არც ამის შემდგომ დაემუქრებათ რამე. სხვა საკითხია, რომ ამ სიაში ათჯერ და ასჯერ მეტი გვარი უნდა იყოს საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი გენოციდის ფაქტების გამოც. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ რუსეთის იმ სამხედრო მოსამსახურეებსაც, რომლებმაც თვითონ დახოცეს ან ხელი შეუწყვეს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის - საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის - წამებით მკვლელობას.

მაგრამ მრავალწლიანი მწარე რეალობა გვასწავლის, რომ არც ამ სიაში მყოფი და არც მის გარეთ დარჩენილი ბრალდებულები საერთაშორისო ტრიბუნალით არ დაისჯებიან, მით უმეტეს, თუ ისინი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, არადა, სეპარატისტთა უმრავლესობა, დიდი ხანია, რუსეთის მოქალაქეა და მათ გასამართლებას არათუ საქართველოს, არამედ საერთაშორისო სასამართლოებშიც მოსკოვი ყველანაირად შეეწინააღმდეგება.

რას აკეთებს მეტ-ნაკლებად თავმოყვარე სახელმწიფო, როდესაც ასეთ დანაშაულში ბრალდებულების ცივილიზებული წესით, სასამართლოზე გასამართლების (სადაც მათ დაცვის საშუალება ექნებოდათ) შანსი თითქმის არ არსებობს?

ალბათ, ამოქმედდება პრინციპი - სისხლი სისხლის წილ, რათა სხვამ ასეთი საშინელების ჩადენა ვერ გაბედოს! ვინ იცის, იქნებ გიორგი ანწუხელიძის წამების ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ მწამებლებს საკადრისი რომ მიეღოთ, არჩილ ტატუნაშვილი და გიგა ოთხოზორია ცოცხლები ყოფილიყვნენ...

თუმცა, უნდა გავიხსენოთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე "აუხსნელი" შემთხვევა მოხდა. ჯერ იყო და, ცხინვალში, რუსული შტაბის წინ, დანაღმული მანქანა აფეთქდა და ცხრა რუსი სამხედრო (მათ შორის - შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი) შეიწირა. მერე ერთ-ერთი ოსური სოფლის მილიციის უფროსმა ქართველებისთვის წართმეული ტელევიზორი "რომელიღაც ისეთ არხზე გადართო", რომ აუფეთქდა, მოგვიანებით კი ასევე ქართველებისთვის წართმეული მანქანიდან ამოღებული ღვინის ოცლიტრიანი ჩამოსხმისთანავე აფეთქდა - ეტყობა, "მაღალგრადუსიანი" კახური იყო...

დანამდვილებით ვერ გეტყვით, ეს და სხვა შემთხვევები მაშინდელი ქართული სპესამსახურების მოწყობილი იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ სეპარატისტებისა და რუსი საოკუპაციო ჯარების სიფრთხილე და შიშიც ერთი-ორად გაიზარდა.

არც ერთი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც სიტყვით მაინც ამტკიცებს დემოკრატიული ფასეულობების მიმდევრობას, ოფიცილურად არ აღიარებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის განხორციელებას, თუმცა ტერორისტებად შერაცხილთა განადგურებით კი ამაყობს. ასე იქცევა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაც. სპეცსამსახურების მიერ საქართველოს წინააღმდეგ "შექმნილი" შამილ ბასაევი თვითონვე ძლივს გაანადგურა და თანაც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბასაევმა რუსეთს არაერთი სისხლიანი ტერორისტული აქტი მოუწყო. მოქალაქე ქვეყნის ხელისუფლებისგან, უპირველესად, თავისი და ოჯახის სიცოცხლის დაცვას მოითხოვს, რაც ჩვენთან არათუ გარანტირებულია, არამედ ძალიან დიდი საშიშროების წინაშეც დგას როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე - მიმდებარე რაიონებში.

სამწუხაროდ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ გალისა თუ ახალგორის რაიონებში განმეორდეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას შემთხვევების მსგავსი ტრაგედია, რომლის საბაბი შელაპარაკებაც შეიძლება გახდეს და დაუსჯელობის იმედად მყოფმა შეზარხოშებულმა თუ წამლით გაბრუებულმა რომელიმე ოსმა ან აფხაზმა "მესაზღვრემ" ან "პოლიციელმა" ავტომატის სასხლეტს დაუფიქრებლად გამოჰკრას.

რას ვიზამთ ასეთ შემთხვევაში? ვერაფერს! ოპოზიცია აყვირდება, ხელისუფლება საპროტესტო განცხადებებს ააფრიალებს, ჭირისუფალი იტირებს, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი, ალბათ, მალევე მიავიწყდება...

რა პრევენციული ზომების მიღება შეიძლება? ალბათ, ისეთის, რომელიც პოტენციურ დამნაშავეს გარდაუვალი პასუხის მიღების შიშს აღუძრავს, ამისთვის კი კონკრეტული პრეცედენტების შექმნაა საჭირო, თუნდაც ისეთის, რასაც უკრაინაში გივისა და მოტოროლას კაბინეტსა და ლიფტში საჩვენებელი დასჯა მოჰყვა. ამის შემდეგ იქაურ სეპარატისტთა ლიდერები უფრო ფრთხილად მოქმედებენ, რადგან იციან, რომ "თავის გამოჩენის" შემთხვევაში უკრაინელ დივერსანტთა სამიზნე გახდებიან.

საქართველოს სპეცსამსახურებშიც მოიძებნება იმის პოტენციალი - მომზადებული კადრები, სპეცაღჭურვილობა თუ იარაღი - რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვედრილებმაც და მის გარეთ დარჩენილებმაც საკადრისი პასუხი მიიღონ, ამისთვის კი გადაწყვეტილების მიღება უმაღლეს დონეზეა საჭირო, რათა საზოგადოებამ კარგად დაინახოს, რომ მოქალაქის წამებით მოკვლისთვის დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. ეს, უპირველესად, საკუთარი მოქალაქეების თვალში ისევ ხელისუფლების რეიტინგს აამაღლებდა.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მედალს მეორე მხარეც აქვს და შურისძიებას შეიძლება მოწინააღმდეგის საპასუხო ტერორისტული აქტი მოჰყვეს. მაგალითად გავიხსენოთ 2005 წლის 1-ლ თებერვალს გორში სამხარეო პოლიციის შენობის დანაღმული ავტომობილით აფეთქება, რაც რუსული სპეცსამსახურის გამოგზავნილი ოსების ნახელავია.

სპეცსამსახურების ორთაბრძოლა საიდუმლო ფრონტზე უხმაუროდ, სროლებისა და აფეთქებების გარეშე მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ დგება მომენტი, როცა ერთ-ერთი მხარე ამ წესს არღვევს და ტერორის ენაზე გადადის, რასაც პასუხი სჭირდება!

სახელმწიფო ვალდებულია, თავისი მოქალაქის უსაფრთხობა საზღვარგარეთაც კი და მით უმეტეს - თავის ტერიტორიაზე დაიცვას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოფიციალური თბილისის იურისდიქცია არ ვრცელდება და ჩვენი გააქტიურება შეიძლება კრემლმა სამხედრო აგრესიის განახლების საბაბად გამოიყენოს, მაგრამ იმ კონკრეტული პირების სათანადოდ დასჯა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები წამებით დახოცეს, აუცილებელია.

უკრაინული "მიროტვორეცი" ქვეყნის მტრებს აღწერს

უკრაინაში 2014 წლიდან მოქმედებს ინტერნეტსაიტი "მიროტვორეცი", რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ადგილობრივი სეპარატისტების, უცხოელი დაქირავებული მებრძოლებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების იმ სამხედროების პირად მონაცემებსა და ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც მალულად მონაწილეობდნენ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაში და დღემდე იბრძვიან დონბასში.

ამ ინტერნეტსაიტის მონაცემთა ბაზაში უკვე 100 ათასზე მეტი პირია, რომელთაც უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. საგულისხმოა, რომ ბევრი მათგანი მითითებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლად. ცუდი არ იქნებოდა, თუ ანალოგიური მონაცემთა ბაზა ქართულ მედიასივრცეშიც შეიქმნებოდა.