ვის უნდა აწყობდეს პანკისის "აფეთქება"?!
ვის უნდა აწყობდეს პანკისის "აფეთქება"?!
ქართული პოლიციის ცეცხლწაკიდებული მანქანები იმის პირველი ნიშანია, რომ პანკისის ხეობას ყველანაირი საბაბით უპირებენ "აფეთქებას", რათა საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესი შეაჩერონ

დღეს პანკისში დაძაბულობის მიზეზად მცირე ჰიდროელექტროსადგურის აშენება სახელდება, მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ ეს მხოლოდ საბაბია, პრობლემა კი უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ, რომელიც სცილდება არათუ პანკისის ხეობას, არამედ საქართველოს საზღვრებსაც.
რატომ ხდება ასეთი რამ მაინცდამაინც დღეს? ეს უცილობლად უკავშირდება რუსეთ-ნატოს ურთიერთობის დაძაბვას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებას, გაძლიერდეს შავი ზღვის რეგიონში და ასევე -
საქართველოს სწრაფვას, გახდეს ამ ალიანსის წევრი.

ანუ სიტუაცია ჰგავს 2008 წლის გაზაფხულს, როცა ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ალიანსის წევრობას შეჰპირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეპირება თავიდანვე ჰიპოთეზური ხასიათის იყო, ჩრდილოელმა მეზობელმა პრევენციული ზომები მიიღო. აგვისტოს ომმა საქართველო ნატოს მატარებელს უფრო ჩამოარჩინა.

პანკისის "აფეთქება" ძალიან სურთ
ჩრდილოეთში, რომელთა ემისრები საქართველოში ამისთვის მზად არიან. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ისინი ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებშიც იყვნენ და თავიანთი გეგმით პანკისში 1992 წლის აფხაზეთის კარტი გაითამაშონ, ანუ ეკონომიკური თუ ეკოლოგიური პრობლემის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდა სცადონ.
მათ კი მხარს აუბამს სწორედ ის ძალა, რომელიც პანკისშია და ჩრდილოეთიდან ფარულად იმართება. შესაფერის დროს ორივე ძალა კურატორებისგან მიიღებს ბრძანებას, რომ თავიანთი შენიღბული მოქმედებით პანკისში აფხაზეთისა თუ ცხინვალის კონფლიქტების წამოწყების მსგავსი სიტუაცია გაითამაშონ.

ეს ტრაგიკული გამოცდილება თავს უკვე გადაგვხდა და იმის გათვალისწინებით, რომ მაშინდელი წამქეზებლების ნაწილი დღეს მოსკოვში უდარდელად ცხოვრობს, იოლად ვხვდებით, ვინ მართავდა მათ.

დაძაბულობის ახალი კერა მთელ ქვეყანას მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის ევროკავშირსა თუ ნატოსთან დაახლოების პროცესში და ეს პრობლემები უფრო გაღრმავდება, თუკი კრიზისის მოგვარებაში საპოლიციო და მით უმეტეს - თავდაცვის ძალები ჩაერევიან.

პანკისის ხეობაში სიტუაცია შეიძლება უფრო დაძაბოს მოსაზღვრე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის მიერ პანკისში "არმიის" შესაძლო გადმოსროლამ. ეს შეუძლებელი სულაც არ არის, თუ გავიხსენებთ, როგორ გზავნიდნენ 2014 წელს ჩეჩნეთიდან ყირიმისა და დონბასის საოკუპაციოდ იმ საბრძოლო ჯგუფებს, რომლებიც მხოლოდ კადიროვს ემორჩილებოდნენ. იმავე წელს გროზნოს სტადიონზე კადიროვმა 20 ათასამდე შეიარაღებული მებრძოლი შეკრიბა და ყველას, უპირველესად კი პუტინს დაანახა, როგორი საშიში ძალა იყო თუნდაც კრემლისთვის.

2016 წელს პუტინის ბრძანებით შსს-ს ყველა სპეცდანიშნულების რაზმი "როსგვარდიაში" გაერთიანდა და თითქოს კადიროვმაც დაკარგა "კერძო არმია, თუმცა გუდერმესში ამოქმედდა "სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტი, სადაც მაღალ დონეზე ამზადებენ სპეცდანიშნულების მებრძოლებს. ამ "უნივერსიტეტის" მომზადების პროგრამაშია კავკასიონის ქედის 15 მწვერვალის დალაშქვრაც. კადიროვს სოციალურ ქსელებში არაერთხელ მიუნიშნებია, რომ კავკასიის ქედის მეორე მხარეს საიდუმლო ლაშქრობებს აწყობს და გამოუქვეყნებია ფოტოებიც, რომლებშიც ჩვენთვის ნაცნობი და მშობლიური ადგილებიც ჩანს.

აგვისტოს ომისგან განსხვავებით, ამჯერად რუსეთი აშკარად არ ჩაერთვება პანკისის ხეობის "აფეთქებაში" და ეს შეიძლება ისევ კადიროვის ხელით გააკეთოს, ისე, როგორც ხუთი წლის წინ უკრაინის აღმოსავლეთში.

პანკისის ხეობის მოსახლეობა დიდ პოლიტიკურ თამაშებში რომ არ გამოიყენონ, საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის ყველა ჯგუფთან ინდივიდუალურად უნდა იმუშაოს, რადგან უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებები აღარ ჭრის. როდესაც ეს ჯგუფები დაინტერესებული იქნებიან ასეთი თანამშრომლობით, ხეობის "აფეთქების" საშუალება გარეშე მტერს ნაკლებად ექნება.


333333
08 მაისი 2019 19:42
დაზვერვა არა პრასი, იმ მათხოვრული ჯამაგირით რაც დღეს სამართალდამცველებს აქვთ, პროფესიონალი არ იმსახურებს, და გუშაგები კი გყავთ რამდენიც გინდათ,,,,,,,,,
თ ამარი
05 მაისი 2019 22:22
პანკისში უნდა აღიწეროს მოსახლეობა და დადგინდეს არიან თუ არა მაბდ რუსეთის მოქალაქეენი . რამდენი არიან და ვინნ არიან . ვინც რუსეთის მოქალაქეა დეპორტაცია გაუკეთდეს და საზღვრები მკაცრად გაკონტროლდეს . ასე უნდა მოვიქცეთ თუ არგვინდა სამაჩაბლო განმეორდეს.
ილია
04 მაისი 2019 13:12
სუსი მხოლოდ შიდა პოლიტიკურ ინტრიგებზეა კონცენტრირებული-ეს ერთი და მეორე ის , რომ იმავე სუსში რამდენია რუსეთზე მომუშავე?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
დღის კითხვადი სტატიები