ამერიკული "ტომაჰავკები" ბათუმიდან კრემლამდე სწვდება - კვირის პალიტრა

ამერიკული "ტომაჰავკები" ბათუმიდან კრემლამდე სწვდება

ქართულ პორტებში ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებული ამერიკული სამხედრო ხომალდების სტუმრობა კრემლის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს...

შავი ზღვის პორტებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების სტუმრობა მას შემდეგ გახშირდა, რაც ნატომ შავი ზღვის რეგიონში გააქტიურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ მხრივ Gგამონაკლისი არც ბათუმისა და ფოთის პორტებია. ბათუმის პორტში წელს უკვე მეორედ ჩაუშვა ღუზა აშშ-ის საზღვაო ძალების ერთ-ერთმა ყველაზე მრისხანე - "არლი ბიორკის" ტიპის სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანმა.

საგულისხმოა, რომ "დონალდ როსს" ბოსფორის სრუტით შავ ზღვაში შემოსვლისთანავე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი სამხედრო ხომალდი აედევნა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებამდე "მოაცილეს".

რითი დაიმსახურა ასეთი "საპატიო" რუსული ესკორტი ქართული სანაპიროსკენ მცურავმა ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა? საქმე ის არის, რომ "დონალდ როსი" აღჭურვილია "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების 90 ვერტიკალური უნივერსალური გასაშვები მოწყობილობით, საიდან სტარტაღებულ "ტომაჰავკებსაც" 200 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინებით 2,5 ათას კმ-მდე შეუძლიათ მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების განადგურება.

მარტო ერთ "დონალდ როსს" თავისი სარაკეტო ბირთვული პოტენციალით ერთი საშუალო ზომის ქვეყნის განადგურება შეუძლია. სწორედ ეს გარემოება აშინებს კრემლს, რადგან "ტომაჰავკები" შავი ზღვიდან მოსკოვს ძალიან იოლად მისწვდებიან.

ძნელი სათქმელია, ბათუმის პორტის სტუმარ "დონალდ როსს" ახლა "ტომაჰავკებზე" აქვს თუ არა ბირთვული ქობინები, თუმცა ბირთვული იარაღით აღჭურვილი სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლა აკრძალული არ არის.

შავი ზღვის მილიტარიზაცია, განსაკუთრებით - ბირთვული იარაღით, სასიხარულო არ არის, მაგრამ მილიტარიზაციის პროცესი ნატოს არ დაუწყია. აფხაზეთის სანაპირო ზოლისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტის სწრაფი გადაიარაღება დაიწყო. მან შავ ზღვაში შემოიყვანა ფრეგატები და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავები, რომლებსაც შეუძლია თითქმის ამერიკული "ტომაჰავკის" ანალოგიური - "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება, რომლებზეც ასევე შეიძლება ბირთვული ქობინების დამონტაჟება.