პრემიერი სამხედროებს: "იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ღირსეულად ასრულებთ ამ მისიას" - კვირის პალიტრა

პრემიერი სამხედროებს: "იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ღირსეულად ასრულებთ ამ მისიას"

ვამაყობთ იმით, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა სახელი გაითქვეს, როგორც თავდადებულმა და შეუპოვარმა მეომრებმა. იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ღირსეულად ასრულებთ ამ მისიას, - ამ სიტყვებით მიულოცა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 28 წლისთავი.

მამუკა ბახტაძემ საკუთარ სიტყვაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ვეტერანებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს.

"საქართველოს ყველა სამხედრო მოსამსახურეს გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს. 28 წელია, ჩვენი შეიარაღებული ძალები არსებობს და ეს 28 წელი აღსავსე იყო ჩვენი სამშობლოსთვის ბევრი გამოწვევით, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩვენი არმიისთვის, რომლებმაც სიმტკიცის, თავდადებისა და გმირობის უამრავი მაგალითი გვიჩვენეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. ქართულმა ჯარმა უდიდესი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის საქმეში. თქვენ შეგაქვთ ყველაზე დიდი წვლილი საქართველოს წარმატებაში იმ გზაზე სიარულში, რასაც ჰქვია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური გზა. განსაკუთრებული პარტივით მინდა გავიხსენო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცები. მათი ოჯახის წევრები დღეს ესწრებიან ამ ღონისძიებას, მე ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს თავის სამშობლოს, თავის სამშობლოს თავისუფლებას და ღირსებას, მათი ხსოვნა უკდავია. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი და მათი ოჯახების წინაშე და პატივს მივაგებ მათ სახელებს.

განსაკუთრებით მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ასევე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ეს დღე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს იცავენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების სამხედროების მხარდამხარ ისინი მსოფლიოში მშვიდობის სადარაჯოზე დგანან. ჩვენ დიდად ვაფასებთ მათ მიერ შეტანილ ღვაწლს უსაფრთხო მსოფლიოსთვის და ვამყობთ იმით, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა სახელი გაითქვეს, როგორც თავდადებულმა და შეუპოვარმა მეომრებმა. იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ღირსეულად ასრულებთ ამ მისიას. მინდა თითოეულ თქვენთაგანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. დღეს, მე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარდგენისას მახათას მთაზე, განვაცხადე და თქვენი ნებართვით, კიდევ გავიმეორებ, ნებისმიერი ერის და ქვეყნის სახელმწიფოებრივი აზროვნება იზომება იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას თავისი ჯარის, თავისი ჯარისკაცების მიმართ, იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებას, ღირსებას და უსაფრთხოებას. გისურვებთ მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოში მოღვაწეობას. დიდება გმირებს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!", - განაცხადა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"