რუსეთი ოკუპანტია !
ნეიტრალური საქართველო - რეალობა თუ თავის მოტყუება?
06-05-2019
ნეიტრალური საქართველო - რეალობა თუ თავის მოტყუება?
ნატოსთან თანამშრომლობის შეწყვეტა და მითური ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ქადაგებს, საქართველოს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ "კლანჭებში" საბოლოოდ მოქცევის უმოკლესი გზაა...

ნეიტრალიტეტი საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის იდეალური გამოსავალია - შენ არავის ემუქრები, არც არავინ აპირებს თავს დაგესხას, თავდაცვისთვის უმცირეს თანხას ხარჯავ და მთელ რესურსს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ახმარ... ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მოსახლეობაში ეწევა აქტიურ პროპაგანდას - არ გვინდა ნატო; ვმონაწილეობდეთ ევროინტეგრაციაში, მაგრამ არ შევიდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში; მივბაძოთ შვედეთს, ავსტრიას, ფინეთს, შვეიცარიას...

შესაძლებელია,
რომ საქართველო შვეიცარიასავით ნეიტრალურ ქვეყნად იქცეს?
საქართველოს ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო დღეს ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს შეუძლებელი ჩანს ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიიდან გამომდინარეც - საქართველო თითქმის ყოველთვის იძულებული იყო, მიჰკედლებოდა ამა თუ იმ იმპერიას, რათა გადარჩენილიყო.

სამხედრო მიუმხრობლობის პროპაგანდისტი პოლიტიკური ლიდერები ამტკიცებენ, რომ წელს
საქართველომ თავდაცვაზე 600 მლნ ლარი უნდა დახარჯოს, ხოლო 400 მლნ-ით ნატოსგან იარაღი უნდა ვიყიდოთ და საერთოდ, ნატოს უნდა დავახარჯოთ...
რბილად რომ ვთქვათ, ეს ციფრები არაზუსტია და თანაც - საზღვარგარეთ ნაყიდი შეიარაღებით განა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას არ ვზრდით? ან იქნებ ამ პოლიტიკურ ძალებს არ სურთ, ძლიერი და კარგად შეიარაღებული ქართული არმია გვყავდეს? თუ ნატოში არშესვლის მოთხოვნით ქვეყნის უსაფრთხოება მოიმატებს?

ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები, რომელთაც ეს პარტიები ქადაგებენ, საეჭვოდ ემთხვევა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საქართველოზე 28-წლიანი ზეწოლის ძირითად ასპექტებს - არ გაიხედოთ დასავლეთისკენ! არ გააძლიეროთ ქართული არმია! არ ითანამშრომლოთ ნატოსთან!..
რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრება, უსაფრთხოების დონის ამაღლების გარდა, რა თქმა უნდა, გულისხმობს საფრთხესაც იმ ქვეყნიდან ან ქვეყნებიდან, რომლებსაც ეს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი უპირისპირდება.

მაგალითად, "ცივი ომის" დროს, 45 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოსკენ დამიზნებული იყო ამერიკული ატომური ბომბები და ბირთვულქობინიანი რაკეტები (მათგან თბილისისკენ - არანაკლებ სამი ბირთვული ქობინი). თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, უკვე რუსული ბირთვული ქობინები ამოგვიღებენ მიზანში, მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს ოცზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტა (რომლებზეც ბირთვული ქობინებიც მონტაჟდება) ესროლა და რამდენიმე ათასი სხვადასხვა კალიბრის საავიაციო ბომბი ჩამოყარა.

რას მივიღებთ, თუკი დავუჯერებთ სამხედრო მიუმხრობლობის მოქადაგე ზოგიერთ პოლიტიკოსს?
დავრჩებით ნატოსთან (რომელშიც სწორედ რუსული ფაქტორის გათვალისწინებით ისეც არ გვიღებენ, თუმცა ამის ოფიციალურად აღიარებისგან ბრიუსელში თავს იკავებენ) თანამშრომლობის გარეშე, მაგრამ ვერც ნეიტრალიტეტს მოვიპოვებთ, რადგან რუსეთი ისეთ "მსუყე ლუკმას", როგორიც სამხრეთ კავკასიაში საქართველოა, ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს.

მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეულ საქართველოს ტერიტორიას კრემლი სამხრეთ კავკასიის სრული მილიტარიზაციისთვის გამოიყენებს (ისე, როგორც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ხდება) და ოკუპირებულ-ანექსირებული საქართველო მაინც ვერ გადაურჩება ბირთვულქობინიანი, ამჯერად ნატოს ბლოკის, რაკეტების დამიზნებას.

დამოუკიდებლობის 28 წელი ნუთუ არ არის საკმარისი, მივხვდეთ, ვინ გვებრძვის ფარულად თუ აშკარად ჩვენი სუვერენიტეტის დასამხობად? ან ასე ძნელია, დავინახოთ, რა ფერის დროშები ფრიალებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებზე?

რა გამოდის? ზოგი თავს იტყუებს ქვეყნის ნეიტრალიტეტის შესაძლებლობით და სურს, ამაში საზოგადოებაც დაარწმუნოს?

ეს ყველაფერი განსაკუთრებით არალოგიკური ჩანს მაშინ, როცა ზოგი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში ყურმოჭრილ მონასავით რუსეთის ხელისუფლების ყველა მოთხოვნას ასრულებდა, დღეს აქტიურად ცდილობს თავი დააღწიოს მოსკოვის დამღუპველ გავლენას.

და მაშინ, როცა ყაზახეთი, სომხეთი და ბელორუსიაც კი ცდილობენ, რუსეთის მრავალწლიან სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას თავი დააღწიონ, საქართველო, დამოუკიდებლობისთვის დაღვრილი ამდენი სისხლის შემდეგ, კრემლის ზეწოლას უნდა დანებდეს?!
s.o.s
15 მაისი 2019 16:12
რა გაუხურეთ ამ ფინეთს?.. მაშინ სად ქონდა საბჭოთა კავშირს ბირთვული შეიარაღება ან ბალისტიკური რაკეტები?...
მარტივი ომი იყო და აჯობა. მითუმეტეს ფინეთის მიწაზე
საქართველოს მოქალაქე
12 მაისი 2019 20:06
ფინეთი 5 მილიონიანი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა რომელმაც შეძლო თავდაცვითი ომის მოგება რუსეთთან და სუვერენიტეტის შენარჩუნება 1940 წ. სსრკ-ფინეთის 1939-1940 წლების ომი, იგივე ზამთრის ომი.https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%99-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?