ვინ იყო გურული სნაიპერი, რომელიც მსოფლიოს ომებში ყველაზე შედეგიან სნაიპერთა სამეულში შედის - კვირის პალიტრა

ვინ იყო გურული სნაიპერი, რომელიც მსოფლიოს ომებში ყველაზე შედეგიან სნაიპერთა სამეულში შედის

მეორე მსოფლიო ომში ოზურგეთელმა კოლმეურნემ 534 მოწინააღმდეგე გაანადგურა და მსოფლიოს ომებში ყველაზე შედეგიან სნაიპერთა სამეულში მოხვდა...

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ფაქტია უცნობი, მათ შორის ისიც, რომ ამ საშინელი ომის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი სნაიპერი თურმე ჩვენი თანამემამულე ყოფილა. ვასილ კვაჭანტირაძის სახელი და გვარი დღევანდელ თაობას შეიძლება არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ ის მსოფლიო ისტორიაში შევიდა როგორც მებრძოლი, რომელმაც მარტომ, სათითაო გასროლით მოწინააღმდეგის მთელი ბატალიონი გაანადგურა.

ოზურგეთის რაიონში დაბადებულმა 34 წლის ვასო კვაჭანტირაძემ ბრძოლებით გაიარა ქერჩი, სტალინგრადი, ბელორუსია, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და გამარჯვებას გერმანიაში შეხვდა. ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე მას 534 მოწინააღმდეგის განადგურებისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს. საბჭოთა კავშირის გმირები -  ოხლოპკოვი და ვასილ კვაჭანტირაძე

კონტრსნაიპერულ ბრძოლაში მას შეიძლება გურული ეშმაკობა და მოხერხებულობაც ეხმარებოდა - საცეცხლე პოზიციაზე საფრთხობელას აყენებდა, გაისროდა, მერე გვერდიდან უთვალთვალებდა, საიდან გაისმოდა საპასუხო გასროლა და სამიზნეც გამოვლენილ-განადგურებული იყო! ერთხელ, როდესაც გერმანელების კარგად შენიღბულ ტყვიამფრქვევს ვერაფერი მოუხერხეს, ვასომ მოიფიქრა და ცეცხლგამჩენი ტყვიით თივას წაუკიდა ცეცხლი. გერმანელი მეტყვიამფრქვევე იძულებული გახდა, გაქცეულიყო, თუმცა ქართველი ჩუბინის ტყვია მაინც დაეწია. ომს სანგრიდან ყველა თავისებურად ხედავს და საბრძოლო შედეგიანობის ზუსტად განსაზღვრა არცთუ ისე იოლია. ეს ეხება როგორც საჰაერო, ისე სატანკო ბრძოლებს, საარტილერიო დარტყმებსა და სნაიპერების საქმიანობასაც.

ბრძოლის დროს ყოველთვის ვერ ხერხდება, ზუსტად დადგინდეს, მოხვდა თუ არა სნაიპერის ტყვია მოწინააღმდეგეს და მეთაურობას არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ სნაიპერის სიტყვას ენდოს.

საბჭოთა პროპაგანდის სამსახურების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ყველაზე შედეგიანი საბჭოთა სნაიპერი

მიხეილ სურკოვი იყო, რომელმაც 702 მოწინააღმდეგე მოკლა, თუმცა მისთვის, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება არ მიუნიჭებიათ. ამასთან, დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სურკოვის სნაიპერული მითი საბჭოთა პროპაგანდამ შექმნა ფინელი სნაიპერის, სიმო ხიაიუხიას მიღწევების დასაჩრდილავად, რომელმაც საბჭოთა კავშირ-ფინეთის 1939-40 წლების ომში 542 საბჭოთა სამხედრო მოკლა, თუმცა ეს მონაცემებიც შეიძლება ფინელების გაზვიადებული იყოს. "მოსინის" სისტემის ასეთი სნაიპერული შაშხანით ქართველმა მებრძოლმა 534 მოწინააღმდეგე გაანადგურა

აი, მესამე ადგილზე კი ქართველი ვასო კვაჭანტირაძეა თავისი 534 ზუსტი გასროლით (ის ომის წლებში დაჯილდოებულია ხუთი ორდენითა და მედლებით, ამიტომ მისი შედეგიანობა სიმართლესთან უფრო ახლოს უნდა იყოს).

დიდად "გაპიარებული" ვასილ ზაიცევის (რომელზეც ჰოლივუდმა მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმი "მტერი კარიბჭესთან" გადაიღო) წილად კი მხოლოდ 242 მოწინააღმდეგე მოდის.

მეორე მსოფლიო ომში გერმანელების ყველაზე შედეგიან სნაიპერად მატიას ჰეტცენაური ითვლება 345 დადასტურებული "ნადავლით".

პირველი მსოფლიო ომის საუკეთესო სნაიპერად კი ფრენსის პეგამეჯებოუაა მიჩნეული, 378 ზუსტი გასროლით.

ომიდან გამარჯვებით დაბრუნებული ვასო კვაჭანტირაძე ომის დამთავრებიდან ხუთ წელში, 43 წლისა, გარდაიცვალა