"გენერალ-გუბერნატორი" - ანუ რატომ უფუჭებენ ოფიცრებს სამხედრო კარიერაში წინსვლას?! - კვირის პალიტრა

"გენერალ-გუბერნატორი" - ანუ რატომ უფუჭებენ ოფიცრებს სამხედრო კარიერაში წინსვლას?!

იმერეთში ცხრათვიანმა გუბერნატორობამ გენერალ შავლეგო ტაბატაძის სამხედრო კარიერა "დააპაუზა"

გენერალ-გუბერნატორის პოსტი საქართველოში მე-19 საუკუნეში, მეფის რუსეთის იმპერიის დროს არსებობდა. 2018 წლის აგვისტოში, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს იმერეთის გუბერნატორად გენერალი შავლეგო ტაბატაძე დანიშნეს.

ეს საკადრო გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მოქმედი გენერალი ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი - აღმოსავლეთ მიმართულების სარდლის პოსტიდან - სამოქალაქო სამსახურში, იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

მაშინვე გაჩნდა კულუარული ჭორები, რომ წარმოშობით საჩხერელ გენერალ ტაბატაძეს თავდაცვის მინისტრის პოსტისთვის ამზადებდნენ და იმის გამო, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი აუცილებლად სამოქალაქო პირი და სასურველია, პოლიტიკოსი იყოს, გენერალს დროებით მაღალი სამოქალაქო თანამდებობა გამოუძებნეს, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, 2019 წლის მაისის დასაწყისში "გენერალ-გუბერნატორმა" შავლეგო ტაბატაძემ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დატოვა.

მთავრობის მაღალ ეშელონებში ეს იმით ახსნეს, რომ გენერალს მოენატრა სამხედრო სამსახური და თავდაცვის ძალებში დაბრუნება გადაწყვიტა.

რა ჯობს, როდესაც გამოცდილი სამხედრო ჯარს უბრუნდება, მაგრამ რა მოიგო ქვეყანამ და გენერალმა ტაბატაძემ იმით, რომ მისი სამხედრო კარიერის განვითარება ცხრა თვით "დააპაუზეს"? განა თავიდანვე ძნელი მისახვედრი იყო, რომ გენერალი, რომელიც ოც წელზე მეტია, ქართულ არმიას ემსახურება, გუბერნატორის სავარძელს ვერ მოერგებოდა?

აღმოსავლეთ მიმართულების სარდლის პოსტზე შავლეგო ტაბატაძეს თავდაცვის ძალებში და კერძოდ, გენერალურ შტაბში კარიერული წინსვლის დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ ცხრა თვით "შესვენებამ" მას ეს შანსი დააკარგვინა, რადგან ამ ხნის განმავლობაში სხვა გენერლები დაწინაურდნენ და ვაკანტური ადგილები შეივსო.

ახლა ახალი ჭორები გავრცელდა... ამბობენ, რომ გერმანიაში სამხედროგანათლებამიღებული გენერალი შეიძლება გერმანიაში საქართველოს სამხედრო ატაშედ დაინიშნოს, რაც არცთუ დიდი პერსპექტივაა "გენერალ-გუბერნატორისთვის", რომელსაც მანამდე გავრცელებული ჭორი თავდაცვის მინისტრობას უწინასწარმეტყველებდა.

ან იქნებ ეს ჭორი არც იყო, მაგრამ თვით "მან", ვინც კადრებს განაგებს, იმერეთის გუბერნატორის ცხრათვინი საქმიანობის შემხედვარემ გადაიფიქრა?!