ტერაქტის ადგილი... სასაფლაო? - კვირის პალიტრა

ტერაქტის ადგილი... სასაფლაო?

ვაზაგაშვილის აფეთქება შვილის სასაფლაოზე და გოგაშვილზე თავდასხმის დაგეგმვა მამის საფლავთან?!

სახელმწიფო უსაფრთხოებიის სამსახური ავრცელებს ოპერატიულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო შურისძიების მიზნით გეგმავდა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მკვლელობას.

ავთენტურია თუ არა გამოქვეყნებული ჩანაწერები, გამოძიებისა და ექსპერტიზის დასადგენია, თუმცა დიდი ალბათობით ისედაც ჩანს, რომ ბრძანებების გამცემი შეიძლება მალხაზ მაჩალიკაშვილი იყოს. სხვათა შორის, ინტერვიუებში არც თვითონ გამორიცხავს, რომ ერთადერთი შვილის ტრაგიკული დაღუპვისა და ამ საქმის აქამდე გამოუძიებლობის გამო მას, გამწარებულ გულზე, შეეძლო რაღაც ასეთი მართლაც ეთქვა. თანაც მას საჯაროდ არაერთხელ დაუდანაშაულებია სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი.

სიმართლე რომ ითქვას, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გახსნას ამდენი დრო არ სჭირდება და თუ მართლაც იყო გაუფრთხილებლობა ან უფლებამოსილების გადამეტება, ჯობს, სახელმწიფო სტრუქტურამ ეს დროზე აღიაროს და დამნაშავე დაისაჯოს.

სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების წინააღმდეგ ტერაქტს დედოფლისწყაროს რაიონის ზემო მაჩხაანის სასაფლაოზე, სავარაუდოდ, აღდგომის დღესასწაულზე გეგმავდა.

ასეთი რამ საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე მოხდა - 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილის სასაფლაოზე აფეთქების შედეგად იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა. ხელყუმბარა მისი შვილის საფლავზე ისე იყო ჩადებული, რომ ქვის ფილის გასწორებისთანავე აფეთქდა. ტერაქტის ბრალდებით დააკავეს პოლიციელი გია სოსანაშვილი, რომელსაც სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზურაბ ვაზაგაშვილიც და თემირლან მაჩალიკაშვილიც სპეცოპერაციების დროს დაიღუპნენ, თუმცა მათი უმსხვერპლოდ დაკავება შეიძლებოდა. ორივე მამა სიმართლეს ეძებს, უფრო სწორად - ერთი ეძებდა, მეორე ისევ ეძებს...

ტერაქტები სასაფლაოებზე სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, მაგალითად, გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში დაკრძალვების დროს რამდენიმე აფეთქება მოხდა - კრიმინალურმა დაჯგუფებებმა კონკურენტები მოიშორეს.

სასაფლაო მასობრივი თავშეყრის ადგილია, განსაკუთრებით - აღდგომის დღეებში, ასეთ ადგილზე აფეთქებას კი უმძიმესი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავის ნათესავს, მორის მაჩალიკაშვილს 2019 წლის 23 მარტს დაავალა, გამგზავრებულიყო ზემო მაჩხაანის სასაფლაოზე და სოსო გოგაშვილის მამის საფლავისთვის ფოტოები გადაეღო.

სოსო გოგაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ ზემო მაჩხაანის სასაფლაოზე მართლაც ჩავიდა მაჩალიკაშვილის გაგზავნილი ხალხი და მამამისის საფლავის ადგილმდებარეობა შეისწავლეს. მისი აზრით, ტერაქტის განხორციელებას ავტომატებით ეცდებოდნენ, თუმცა არც აფეთქებას გამორიცხავს.

თუკი სუს-ის მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ სახლმწიფომ თავიდან აიცილა მოსალოდნელი ტერაქტი, რაც მისასალმებელია, რადგან პრევენციული ზომებით ტერაქტის აღკვეთა ოპერატიული მუშაობის მაღალ დონეზე მიუთითებს.