საშინელი ავიაკატასტროფა საბედისწერო შეცდომებით - კვირის პალიტრა

საშინელი ავიაკატასტროფა საბედისწერო შეცდომებით

რუსულმა "სუპერჯეტმა" პირველი ოფიციალური სამგზავრო რეისი სწორედ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ერევნიდან-მოსკოვამდე, 2011 წელს შეასრულა

5 მაისს მოსკოვის აეროპორტ "შერემეტიევოში" მომხდარი ავიაკატასტროფა მსოფლიო ავიაციის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია, რომელიც როგორც ეკიპაჟის, ისე მგზავრების დაუდევრობამ თუ უცოდინარობამ გამოიწვია.

იმ დღეს რუსული წარმოების სამგზავრო ლაინერი "სუპერჯეტ" SSJ 100 მოსკოვი-მურმანსკის მიმართულებით ჩვეულებრივ რეისს ასრულებდა. ბორტზე იყო ეკიპაჟის ხუთი წევრი და 73 მგზავრი. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან ხუთ წუთში თვითმფრინავს, რომელიც 2კმ სიმაღლეზე 500 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავდა, მარჯვენა ფრთაში მეხი მოხვდა, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ავიალაინერის მართვის რადიოელექტრული ხელსაწყოების ნაწილი. საჰაერო ხომალდის მეთაურმა შერემეტიევოში ფრენების ხელმძღვანელს უკან დაბრუნება სთხოვა და აუხსნა, რომ მიუხედავად პრობლემებისა, თვითმფრინავი არაავტომატური რეჟიმით იმართებოდა.

ტრაგედიას არაფერი მოასწავებდა, თუნდაც იმიტომ, რომ წელიწადში სამგზავრო თვითმფრინავებზე მეხის დაცემის ასამდე შემთხვევა მაინც ხდება, მაგრამ ეს დიდ პრობლემებს არ იწვევს.

ეკიპაჟს აეროპორტში დასაშვებად მეორე წრის შემოვლა დასჭირდა, მაგრამ დასაფრენ ზოლზე დაშვებისას ეკიპაჟმა, სავარაუდოდ, დაუშვა საბედისწერო შეცდომა - შეწყვეტილი რეისის გამო მისი ავზები სავსე იყო საავიაციო ნავთით, რომელიც თვითმფრინავს მურმანსკამდე უნდა ჰყოფნოდა. ეკიპაჟმა საწვავის ეს მარაგი არ დახარჯა, რის გამოც დაშვების სიჩქარე და თვითმფრინავის მასა აღემატებოდა ექსპლუატაციის ნორმებით დაშვებულს - არა უმეტეს 41 ტონას, შესაბამისად, ეკიპაჟმა ვერ დაიმორჩილა ლაინერი და ის სამჯერ შეეხო ასაფრენ ზოლს. მესამე შეხება ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ გადატეხილი შასის დეტალებმა ფრთაში საწვავის ავზი დააზიანა (ვისაც ახსოვს, სწორედ ამ მიზეზით აფეთქდა 2000 წელს პარიზთან ზებგერითი სამგზავრო "კონკორდი". მან აფრენისას სხვა თვითმფრინავის გამძვრალ ნაწილს გადაუარა და დაშლილი საბურავის ფრაგმენტებმა ფრთა ქვემოდან გახვრიტა, საიდანაც გადმოღვრილ საწვავს ცეცხლი წაეკიდა...).

ცეცხლწაკიდებული "სუპერჯეტი" აეროდრომის ზოლზე მიქროდა. მალე ხანძარმა სალონის უკანა ნაწილშიც შეაღწია. სავარაუდოდ, ამას ხელი შეუწყო იმან, რომ პილოტებმა კვამლის გასაფანტავად ეკიპაჟის კაბინაში სარკმლები გააღეს და საბედისწერო შეცდომაც დაუშვეს - დიდი სიჩქარით შესულმა ჟანგბადმა სალონში ცეცხლი უფრო გააღვივა.

ეკიპაჟის მესამე შეცდომა გახლდათ ის, რომ დაშვებისთანავე მათ ორივე ტურბოვენტილატორულ ძრავას საწვავის მიწოდება არ გაუთიშეს, რამაც თვითმფრინავის გაჩერების შემდეგაც კი ხანძრის გაძლიერება გამოიწვია.

დაბოლოს, პილოტების ამ შეცდომებს ზოგიერთი მგზავრის სიხარბეც დაემატა - სალონის პირველ რიგებში მსხდომებმა თავიანთი ჩემოდნების გადარჩენა დაიწყეს, რითაც უკან მსხდომთ ევაკუაციისთვის საჭირო წამები დააკარგვინეს (მათ სავარძლებთან საავარიო ლუკი არ გაიღო). ამიტომ დაღუპული 41 ადამიანიდან უმეტესობა სწორედ უკანა რიგების მგზავრი იყო...

ჩვენი დოსიე:

შერემეტიევოში მომხდარ კატასტროფამდე "სუპერჯეტის" სახელს უკავშირდება ექვსი საავიაციო შემთხვევა - ერთი კატასტროფა და ხუთი ავარია. 2012 წელს ჯაკარტაში საჩვენებელი ფრენისას ლაინერი მთას შეეჯახა. დაიღუპა 45 ადამიანი. სხვა ავარიებისას მსხვერპლი არ ყოფილა.

საბრძოლო თვითმფრინავებით ცნობილი "სუხოის" ფირმის შექმნილი "სუპერჯეტი" პირველ რუსულ სამგზავრო ლაინერად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილების 70%-ზე მეტი უცხოურია. დღემდე წარმოებულია 186 ასეთი ლაინერი. ერთი "სუპერჯეტის" გასაყიდი ფასი 35 მლნ დოლარამდეა.