ერთი ხელწერა - მსხვერპლზე გაუთვლელი სადემონსტრაციო აფეთქებები - კვირის პალიტრა

ერთი ხელწერა - მსხვერპლზე გაუთვლელი სადემონსტრაციო აფეთქებები

ერთი თვის  განმავლობაში თბილისში სამი აფეთქება მოხდა, ორმა "ჯოჯოხეთის მანქანამ" კი არ იმოქმედა...

22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში სხვადასხვა ადგილზე სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.

ამ საშიშმა ესტაფეტამ სტარტი დიღომში, აშშ-ის საელჩოს მიდამოებში აიღო, როდესაც გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმამ გლდანის მცხოვრებლებიც კი გააღვიძა.

მიუხედავად იმისა, რომ აფეთქება აშშ-ის საელჩოს ტერიტორიიდან მოშორებით მოხდა და იგი არაფრით ემუქრებოდა თავად საელჩოს შენობას, აფეთქების ადგილი ქართველი სპეციალისტების გარდა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს FBI-ის აგენტებმაც დაწვრილებით შეისწავლეს.

როგორც გაირკვა, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა კანფეტების რკინის ყუთებში იყო ჩამონტაჟებული. მათგან მხოლოდ ერთი აფეთქდა, რომლის ძალა 1,5 კგ ტროტილის ეკვივალენტზე მეტი იყო. მეორე "ჯოჯოხეთის მანქანა" ქართველმა სპეციალისტებმა განაღმეს, რითაც კრიმინალისტებს საშუალება მისცეს, დეტალურად შეესწავლათ ასაფეთქებელი მოწყობილობა.

აღმოჩნდა, რომ რკინის ყუთში 2 კგ-მდე ჰექსოგენის ნარევი იყო მოთავსებული, რომელშიც DPL-ის ტიპის ამფეთქი იყო ჩამონტაჟებული. შენელებული მოქმედების ამფეთქი გარემოს ტემპერატურის შესაბამისად, შეყენებიდან რამდენიმე ათეულ წუთში ან საათში ფეთქდება, რაც საშუალებას აძლევს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამდებს (ან დამდებებს) დროულად გაეცალოს აფეთქების ადგილს.

დიღომში აფეთქებამ, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ ჩაიარა და ეს ფაქტი ნაკლებად მიიქცევდა ყურადღებას, აშშ-ის საელჩო აფეთქებების ეპიცენტრიდან რამდენიმე ათეულ მეტრში რომ არ ყოფილიყო.

მაგრამ ამ აფეთქებამ ეჭვი გააჩინა, რომ იგი პირველი და უკანასკნელი არ იქნებოდა, რადგან მის მომწყობს (ან მომწყობებს) სწორედ საზოგადოების ყურადღების მიქცევა სურდა.

აფეთქებებიდან ორი კვირის შემდეგ, 7 ოქტომბერს ფოთი-სენაკის მაგისტრალის ჭალადიდის მონაკვეთზე აღმოაჩინეს წებოვანი ლენტით შეფუთული ნატურალური წვენის ყუთი.

მისი განაღმვისა და დეტალურად შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ყუთში მოთავსებული იყო 2 კგ-მდე ჰექსოგენის ნარევი, რომელიც DPL-ის ტიპის შეყოვნებითი მოქმედების ამფეთქით უნდა აფეთქებულიყო.

გაირკვა, რომ ჭალადიდთან ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობა ძალიან ჰგავდა დიღომში, აშშ-ის საელჩოსთან აღმოჩენილ "ჯოჯოხეთის მანქანას", რომელიც არ აფეთქდა. ორივე მათგანში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის ნარევი იყო, ხოლო აფეთქების ინიციატორი - DPL-ს ტიპის შენელებული მოქმედების ქარხნული წარმოების ამფეთქი.

22 ოქტომბერს, დილით, თითქმის ერთსაათიანი ინტერვალით, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქებებმა, საბედნიეროდ, კვლავ უმსხვერპლოდ ჩაიარა, მაგრამ ფაქტმა, რომ ისინი დედაქალაქის ცენტრში განხორციელდა, ყველა აალაპარაკა.

ჩანს, ამ აფეთქებების ავტორებმა მიზანს მიაღწიეს და საზოგადოებისა და სამართალდამცველების ყურადღება მიიქციეს.

რა მიზანი უნდა ჰქონდეს ამ აფეთქებებს და ვინ შეიძლება იდგეს მათ უკან?

ფაქტია, რომ აფეთქებების მომწყობს არ უნდოდა, მის ჩადებულ "ჯოჯოხეთის მანქანებს" მსხვერპლი მოჰყოლოდა, ამიტომ დიღომშიც და ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აფეთქებები გვიან ღამით მოხდა. ამასთან, ვაგზალთან განხორციელებული ორივე აფეთქებისას გამოყენებულ იქნა ბევრად სუსტი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ვიდრე დიღომში.

რა თქმა უნდა, ამფეთქებლები დილეტანტები არ არიან; ისინი იცნობენ ასაფეთქებელ მოწყობილობებთან მუშაობის მეთოდებს (მიუხედავად იმისა, რომ ხუთიდან მხოლოდ სამი "ჯოჯოხეთის მანქანა" აფეთქდა) და ხელი მიუწვდებათ როგორც ჰექსოგენზე (რომელიც ტროტილზე ძლიერია), ისე ქარხნული წესით დამზადებულ, სამხედრო დანიშნულების DPL-ის ტიპის ამფეთქებზე.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რაც ქართულ მიწაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადება ათასობით ადამიანმა ისწავლა; ბევრი პროფესიონალი მენაღმეც გახდა, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებში მიმდინარე ე.წ. რეფორმების შედეგად უამრავი ადამიანი (განსაკუთრებით - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები) დარჩა უმუშევარი.

მენაღმის მოვალეობა მხოლოდ ნაღმების აღმოჩენა და გაუვნებლება არ არის. მას ნაღმების ჩადებასა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებასაც ასწავლიან (ამ სტატიის ავტორი 1992 წლის ზაფხულიდან 2008 წლის ზაფხულამდე ხშირად მონაწილეობდა განაღმვით და დანაღმვით ოპერაციებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში და მხოლოდ ყურმოკვრით არ იცის, რას ნიშნავს ასაფეთქებელ მოწყობილობებთან მუშაობა), ამიტომ ჩნდება ვარაუდი, რომ სადემონსტრაციო აფეთქებების (რომელთა მიზანი მსხვერპლი არ იყო) უკან ის მენაღმეებიც დგანან, რომლებიც სახელმწიფომ ულუკმაპუროდ დატოვა და ამ სახით შესაძლოა ისინი ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

ნორმალურ ქვეყნებში მენაღმეების, ისევე როგორც სნაიპერებისა და სხვა "საშიში" პროფესიის ადამიანების მუდმივი აღწერა და შემოწმება მიმდინარეობს, რათა მათ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები ამა თუ იმ ტერორისტულ დაჯგუფებას არ მიჰყიდონ...

მეორე ვერსია შეიძლება დაკავშირებული იყოს რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, რომლებსაც ასეთი აფეთქებებით საქართველოში და კერძოდ, მის დედაქალაქში პანიკის გამოწვევა სურთ, მაგრამ ისინი მსხვერპლს, ალბათ, არ მოერიდებოდნენ, პირიქით...

მესამე ვერსია შეიძლება უკავშირდებოდეს ადგილობრივ სპეცსამსახურებს, რომლებსაც ასეთი სადემონსტრაციო აფეთქებებით საზოგადოების ყურადღების გადატანა სურთ, მაგალითად, ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემებიდან სხვა თემაზე.

არსებობის უფლება აქვს მეოთხე ვერსიასაც - აფეთქებების უკან რომელიმე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია დგას, რომელიც ამ სახით საქართველოს აშშ-თან დაახლოებას და ავღანეთის ომში მის მონაწილეობას აპროტესტებს; თუმცა ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოა, რადგან საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები სისასტიკით გამოირჩევიან და აფეთქებებს სწორედ მსხვერპლის მიზნით გეგმავენ და აწყობენ.

თუკი აფეთქებების სერია გაგრძელდა, პანიკის საფუძველი გაიზრდება. ამიტომ სამართალდამცავებს მოუწევთ, ძალ-ღონე არ დაიშურონ, რათა ასეთი და უფრო უარესი  აფეთქებებისაგან დაიცვან მოსახლეობა.