სეტყვა და რაკეტა - ვინ ვის...
სეტყვა და რაკეტა - ვინ ვის...
რატომ დაეცა სახლს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა?

12 მაისს სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში კიკილაშვილების სახლის ჯერ სახურავი და შემდეგ იატაკი რაღაცამ უსწრაფესად გახვრიტა. ინციდენტი, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ დასრულდა. სპეციალისტებმა სახლის იატაკიდან სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ამოიღეს, რომელიც სხვა რაკეტებთან ერთად იმ დღეს "ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა" სეტყვის ღრუბლების დასაშლელად გაუშვა. "დელტას" შექმნილმა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ დღემდე რამდენიმე ათასი ასეთი რაკეტა გაუშვა და მხოლოდ მეორე შემთხვევაა, რომ რაკეტა სახლს ეცემა.

სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა
ისეა მოწყობილი, რომ სტარტის შემდეგ სეტყვით გაჯერებულ ღრუბელში შეფრენისთანავე ვერცხლის იოდიდის რეაგენტს აბნევს და თვითლიკვიდაციას განიცდის, რისთვისაც რაკეტის კორპუსის ორ ადგილზე დამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობები. ორმაგი აფეთქების შედეგად კომპოზიციური მასალისგან დამზადებული რაკეტის კორპუსი წვრილ ფრაგმენტებად იშლება, რაც საშიში აღარ არის.

ჯუგაანში კიკილაშვილების სახლის სახურავი და იატაკი
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტამ მას შემდეგ გახვრიტა, რაც არ იმოქმედა თვითლიკვიდაციის სისტემამ და რაკეტა მიწაზე დაუშლელი ჩამოვარდა.

ამ რაკეტებს "ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი" ერთ-ერთი ბულგარული ფირმისგან ყიდულობს და, ბუნებრივია, პასუხიც მომწოდებელს უნდა მოეთხოვოს. ეEს ინციდენტი მავანმა შეიძლება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შავი პიარისთვის გამოიყენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სისტემის რამდენიმეწლიანი მოქმედების შედეგად კახეთის ზვრები არაერთხელ გადაურჩა გამანადგურებელ დასეტყვას.
რაც უფრო განვითარებულია ქვეყანაში სამოქალაქო ავიაცია და სრულდება ინტენსიური საჰაერო მიმოსვლები, მით უფრო ნაკლებად პერსპექტიული ხდება სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის განვითარება, რადგან ყოველთვის არსებობს ტექნიკური წუნის ალბათობა და სეტყვის შემცველი ღრუბლისკენ გაშვებულმა რაკეტამ შეიძლება გეზი შორიახლოს მფრენი სამგზავრო თვითმფრინავისკენ ან შვეულმფრენისკენ აიღოს... სწორედ ამიტომ საგარეჯოს რაიონის ზვრები უფრო ისეტყვება, ვიდრე სიღნაღისა - თბილისის აეროპორტში აფრენა-დაფრენისას სამგზავრო ლაინერების ფრენების ზონა საგარეჯოს რაიონს უახლოვდება და "საქაერონავიგაცია" "ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრს" სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გაშვებას ამ რაიონში კატეგორიულად უკრძალავს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ძლიერი სეტყვაა მოსალოდნელი.

ევროპაში, სადაც ძალზე ინტენსიური საჰაერო ფრენებია და მაღალგანვითარებული კერძო ავიაციაც ფუნქციონირებს, ვინ მისცემს უფლებას, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები გამოიყენონ? იქ უფრო გამოიყენება სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, რომლებიც ავტომატიზებული რეჟიმით გადაეფარება ზვრებს, მაგრამ ეს ძალზე ძვირი სიამოვნებაა, ამასთან, ბადის ქვეშ სხვა მიკროკლიმატი ყალიბდება, რაც უარყოფითად მოქმედებს ყურძნისა და ღვინის ხარისხზე.

რამდენიმე წლის წინ "დელტას" შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა კახეთის 300-მდე სოფელს თითქმის 95%-იანი ეფექტიანობით იცავს, მაგრამ მაინც ჯობს, მევენახემ თავისი ნაშრომის დაცვის სამივე გზა გამოიყენოს - სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა (რომლითაც სახელმწიფო უსასყიდლოდ ეხმარება), სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები (მათი სიძვირის გამო, შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეს მათ დამონტაჟებაში დაეხმაროს) და ყველაზე უტყუარი - ვენახისა და მოსავლის დაზღვევა...
გოგა
27 მაისი 2019 23:12
იქნებ ისიც გვითხრათ რომელმა ბულგარულმა ფირმამ უნდა აანაზღაუროს ზარალი. და თუ გააქვთ უკვე თანხმობა ამ ფირმისგან. საგარეჯოში თუ აერონავიგაცია არ გვაძლევს სროლის უფლებას, გუშინ ყვარლის რაიონის სოფლები რომ დაისეტყვა, იქ ვინ შეგვიშალა ხელი? მაგ ზონაში თითქმის არარის ფრენები. მაგრამ ბოლოში მართალი ითქვა სახემწიფო უფასოდ გიცავთო და მადლობელი იყავით ამითაცო, თქვენ თვითონაც მიხედეთ თქვენ თავსო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თვის კითხვადი სტატიები