ამერიკული რადარები რუსული ჭურვების დასაფიქსირებლად
ამერიკული რადარები რუსული ჭურვების დასაფიქსირებლად
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ უკრაინას ჩუქნის კონტრსაბატარეო ბრძოლის რადარებს, რომლებიც ქართულ არმიასაც ჰაერივით სჭირდება...

არტილერია 21-ე საუკუნეშიც რჩება "ომის ღმერთად" და სწორედ ჰაუბიცები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებია ქართული არმიის ერთადერთი საცეცხლე საშუალება, რომლითაც მას მოწინააღმდეგეზე დისტანციურად ზემოქმედება შეუძლია.

ასეთ საშუალებად არტილერია მას შემდეგ იქცა, რაც ქართული არმიის სარდლობამ უარი თქვა მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების პარკის გარემონტება-მოდერნიზაციაზე, თუმცა ამას შეიძლება ობიექტური მიზეზებიც ჰქონდეს, უპირველესად კი -
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თანამედროვე რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსება.

ქართულმა საარტილერიო სკოლამ მეტ-ნაკლებად თავი გამოიჩინა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში, მაგრამ თანამედროვე შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტში აუცილებელია ახალი ტაქტიკით მოქმედება, რის აუცილებლობასაც ადასტურებს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები.

დონბასში დღეს, ძირითადად, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს, ანუ სანგრებში
გამაგრებული მოწინააღმდეგე მხარეები ყოველდღიურად ერთმანეთს ცეცხლ­სასროლი იარაღით და საარტილერიო დანადგარებით უხსნიან ცეცხლს.

ორივე მხარე აქტიურად იყენებს საარტილერიო ცეცხლის აღმოჩენისა და კორექტირების ტექნიკურ საშუალებებს, კერძოდ, მოწინააღმდეგის მიერ ნაღმსატყორცნებიდან, ჰაუბიცებიდან თუ "გრადებიდან" გახსნილ ცეცხლს აფიქსირებენ კონტრსაბატარეო რადიოლოკაციური სადგურები, რომელთა საშუალებით (ჭურვისა და რაკეტის ფრენის ბალისტიკის სპეციალური კომპიუტერული პროგრამით დამუშავების შედეგად) 10-20 წამში შეიძლება გამოითვალოს მტრის არტილერიის საცეცხლე წერტილები და გაიხსნას საპასუხო ცეცხლი მათ გასანადგურებლად. ამის შემდეგ კი საქმეში ერთვებიან დრონები - დისტანციურად მართვადი სადაზვერვო საფრენი აპარატები, რომელთა ვიდეოკამერებით რეალურ დროში გადმოცემული გამოსახულება არტილერისტების სამეთაურო პუნქტს ცეცხლის საუკეთესოდ კორექტირების საშუალებას აძლევს.

ქართული არმიის შესაძლებლობები ამ მხრივ, სამწუხაროდ, ძალზე შეზღუდულია და კარგი იქნებოდა, განვითარებაზე გვეფიქრა.

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მხარემ უკრაინელებს კიდევ ორი კონტრსაბატარეო რადიოლოკაციური სადგური AN/TPQ-36 აჩუქა. ახლა უკრაინის არმიის განკარგულებაში უკვე 13 ასეთი მობილური, მცირეგაბარიტიანი რადიოლოკატორია, რომლებსაც ჰაუბიციდან ნასროლი ჭურვის აღმოჩენა 15 კმ-დან შეუძლიათ, ნაღმსატყორცნის ნაღმის - 18 კმ-დან, ხოლო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტისა - 24 კმ-დან.
ხომ არ იქნებოდა უპრიანი, საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ისთვის კონტრსაბატარეო ბრძოლის რადარებითა და საარტილერიო ცეცხლის კორექტირების დრონებით დახმარება ეთხოვა?! ეს პენტაგონისთვის ზღვაში წვეთიც არ იქნება, ქართველი არტილერისტების საბრძოლო შესაძლებლობები კი შესაძლო მოწინააღმდეგის შემოტევის შემთხვევაში, ერთიათად გაიზრდება.
ზზზზ
03 ივნისი 2019 19:49
რეზიკო, მიხედე თავს სანამ დროა და იმკურნალე
ჯაბა
03 ივნისი 2019 11:45
რა ობიექტური მიზეზები? კარგი რუსეთი ხო, მაგრამ აზერების წინააღმდეგ არა?
რეზო
03 ივნისი 2019 09:15
Sdfff რას იმუშავებდა ამერიკული სისტემა? ნაღდია და უტყუარი რუსული რკინით გაკეთებული. ამერიკელებმა რა იციან იარაღის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?