ერევნიდან გატაცებული თელაველების შვეულმფრენი...
ერევნიდან გატაცებული თელაველების შვეულმფრენი...
როგორ მოიპარა რუსმა პილოტმა თურქეთში გასაქცევად სამხედრო შვეულმფრენი, რომელიც მანამდე კახეთის თავზე დაფრინავდა

საქართველოს სახელი საერთაშორისო მასმედიის ყურადღებას საბჭოთა პერიოდშიც იქცევდა. "კვირის პალიტრაში" ვწერდით, როგორ გაიტაცა 9 აპრილის შემდეგ რუსმა პილოტმა სენაკიდან საბჭოთა საიდუმლო გამანადგურებელი თურქეთში.

ამჯერად ჩვენს მკითხველს კიდევ ერთი უცნობი გატაცების ამბავს მოვუთხრობთ, რომელიც ასევე საქართველოს ეხება.

საბჭოთა კავშირის დაშლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა არანაკლებ ცხრა სამხედრო აეროდრომი, სადაც 300-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი იყო განთავსებული და ეს
ძალზე სერიოზული საჰაერო ძალა გახლდათ.

ერთ-ერთი ასეთი სამხედრო აეროდრომი მდებარეობდა კახეთში, თელავთან, რომელზეც დისლოცირებული იყო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების 793-ე სატრანსპორტო-საბრძოლო საშვეულმფრენო პოლკი.

ამ პოლკის სატრანსპორტო შვეულმფრენები საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში ინტენსიურად გამოიყენებოდა საბრძოლო ქვედანაყოფებისა და შეიარაღების გადასასროლად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.

1991 წლის 23
აპრილს თელავიდან ერევნის ერებუნის აეროდრომზე ერთი სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი Ми-8Т გადაფრინდა და იმავე დღეს უკან, კახეთში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ უამინდობამ გაფრენა გადადო.

ამინდი არც მეორე დღეს გამოსწორდა. შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრმა, მეორე პილოტმა, უფროსმა ლეიტენანტმა ირეკ გიმატოვმა ბორტტექნიკოსს შვეულმფრენის გასაღები გამოართვა - რაღაც დამრჩა, უნდა ავიღოო, ცოტა ხანში კი შვეულმფრენის ამუშავებული ძრავების ხმაც გაიგონეს, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ - ალბათ, ძრავებს ამოწმებსო, თუმცა როცა შვეულმფრენმა მოულოდნელად წამოიწია, აფრინდა და გეზი სამხრეთისკენ, თურქეთისკენ აიღო, ერებუნის აეროდრომზე განგაში გამოცხადდა. სასწრაფოდ აამუშავეს მორიგე შვეულმფრენების ძრავები და უფროსი ლეიტენანტის გატაცებულ შვეულმფრენს დაედევნენ, მაგრამ უშედეგოდ - ერევნიდან თურქეთის საზღვრამდე მისაფრენად შვეულმფრენს ათიოდე წუთიც არ დასჭირდა.

თელაველების პოლკის გატაცებული შვეულმფრენით ირეკ გიმატოვი თურქეთის ქალაქ ერზერუმში დაჯდა და მაშინვე პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

ისევე, როგორც მანამდე ორი წლით ადრე, როცა კაპიტანმა ზუევმა МиГ-29 სენაკიდან ტრაბზონში გაიტაცა, თურქებმა შვეულმფრენი საბჭოთა კავშირს მეორე დღესვე დაუბრუნეს, თუმცა გაქცეულ საბჭოთა მფრინავს თავშესაფარი მისცეს.

თურქეთის ცაში თავისდა უნებურად "განავარდებული" შვეულმფრენი თელავში დააბრუნეს, თუმცა მალევე, 1992 წელს, თელავის პოლკის სხვა შვეულმფრენებთან ერთად საქართველოდან გაიყვანეს.

ჩვენი დოსიე:



თელავში 793-ე საშვეულმფრენო პოლკი 1952 წელს გადმოვიდა და შეიარაღებაში Ми-4 ტიპის შვეულმფრენები მიიღო. პოლკის პირადი შემადგენლობის ნაწილი მონაწილეობდა კორეის ომში, სადაც მივლინებით საიდუმლოდ იგზავნებოდა.
1963 წელს თელავის პოლკში პირველი სატრანსპორტო ტურბოხრახნიანი Ми-6-ები გამოჩნდა, რომლებიც მაშინ მსოფლიოში ყველაზე დიდი შვეულმფრენები იყო.

1967-73 წწ-ებში თელავის პოლკის პილოტები და ტექნიკური პერსონალი თავიანთი შვეულმფრენებით საიდუმლო მივლინებებში იმყოფებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში: მაროკოში, ალჟირში, კონგოში, ლაოსში, რუმინეთში, სომალიში...

1973 წელს თელავის პოლკში მოძველებული Ми-4-ები იმ დროისთვის თანამედროვე სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8Т -ებით შეცვალეს.
1980-86 წწ-ებში თელავიდან გაგზავნილი ოთხი საშვეულმფრენო ესკადრილია როტაციის პრინციპით ავღანეთში იბრძოდა, სადაც 19 ოფიცერი დაკარგა, მათ შორის - ქართველი უფროსი ლეიტენანტი როლანდ დაუდაშვილი.

1986 წელს თელავის თავზე უზარმაზარი Ми-26-ები გამოჩნდა, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს მსოფლიოში უდიდესი შვეულმფრენების სტატუსს. მაშინ კახეთის ზვრების თავზე Ми-26-მა 20 ტონა ტვირთი ასწია, რაც დღემდე მსოფლიო რეკორდად ითვლება.

1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ლიკვიდაციისთვის თელავიდან ეკიპაჟებიანად გაიგზავნა ახალი Ми-26-ები. ისინი აფეთქებულ ატომური რეაქტორის შენობას ზემოდან სპეციალურ მასალას აყრიდნენ რადიოაქტიური ნივთიერებების ატმოსფეროში გაფანტვის თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც პილოტებმაც და შვეულმფრენებმაც რადიაციის დიდი დოზა მიიღეს. სავარაუდოდ, თელავში დაბრუნებისას შვეულმფრენებმა რადიოაქტიური ნაწილაკების ნაწილი კახეთშიც ჩამოიტანეს.

1988 წლის ბოლოს თელავის პოლკმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სომხეთში, სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

1992 წლის დასაწყისში თელავის აეროდრომზე Ми-24 ტიპის ექვს საბრძოლო შვეულმფრენზე დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს სამხედრო მფრინავები გადაამზადეს.

თელავის პოლკის შვეულმფრენები გამოიყენეს ქართული მხატვრული ფილმების - "შერეკილებისა" და "მიმინოს" გადაღების დროსაც.
საშვეულმფრენო პოლკმა თელავი 1993 წლის 1-ლ იანვარს დატოვა და რუსეთში, სამარის ოლქში გადავიდა.
მიხა
04 ივნისი 2019 08:17
ახლა თელავის პოლკში რამდენი შვეულმფრენის ნეტავ...?

რუბრიკის სხვა სიახლეები