ვინ იმსახურებს რუსულ "უცხოურ ლეგიონში"?
08-06-2019
ვინ იმსახურებს რუსულ "უცხოურ ლეგიონში"?
რუსულ არმიაში ეპატიჟებიან უცხოელებს, ყოფილი საბჭოთა კავშირიდანაც კი. საქართველოსთვის რა საფრთხე იმალება პუტინის ამ წამოწყებაში?

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც რუსეთის არმიასა და სხვა გასამხედროებულ უწყებებში უცხოეთის მოქალაქეების კონტრაქტით სამსახურს ითვალისწინებს. უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ეძლევათ, რუსეთის არმიაში იმსახურონ ჯარისკაცად, მატროსად, სერჟანტად ან სტარშინად, ოღონდ არა - ოფიცრად. საყოველთაოდ ცნობილია საფრანგეთის "უცხოური ლეგიონი", თუმცა მისი რუსული ვარიანტი, ეტყობა, მაინც განსხვავებული იქნება - მოსკოვი უცხოელებს ერთ ნაწილში არ
მოუყრის თავს, მათ სხვადასხვა ქვედანაყოფში გაანაწილებს.

დღეს რუსეთის არმიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცს ყოველთვიურად მხოლოდ 2 ათასი რუბლი ეძლევა (დაახლოებით 30 აშშ დოლარი), საკონტრაქტო სამსახურის რიგითის ანაზღაურება კი 17 ათას რუბლზე ნაკლები არ არის (260 დოლარამდე). თვეში 260 დოლარი დიდ თანხად ვერ ჩაითვლება, მაგრამ უდავოა,
რომ რუსულ არმიაში გამოჩნდებიან ამ ანაზღაურების მიღების მსურველი უცხოელები და უპირველესად იმ პოსტსაბჭოთა სივრციდან, სადაც სამ ასეულამდე დოლარიც კარგ ფულად ითვლება.

რუსეთის არმიის რიგებში ტაჯიკებისა თუ ყირგიზების მომრავლებაზე კრემლმა იფიქროს, ჩვენს ახალ პრობლემად კი შეიძლება იქცეს ის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ოსები და აფხაზები, ვისაც ჯერ არ მიუღიათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, მასობრივად ჩაეწერონ რუსულ "უცხოურ ლეგიონში".

ეს კი გაზრდის შანსს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსულ დანაყოფებს წინ "ჩვენებური" სეპარატისტები შემოუძღვნენ, რომლებიც რუსებზე უკეთესად იცნობენ ქართულ მენტალიტეტს, ადათ-წესებს და ამიტომაც უფრო საშიშნი შეიძლება იყვნენ.

ამასთან, დაქირავებული უცხოელი მებრძოლების წინა ხაზზე გარეკვით რუსი გენერლები თავიანთი თანამემამულე სამხედროების სიცოცხლეს გაუფრთხილდებიან.

P.S. არსებობს საშიშროება, რომ რუსულ "უცხოურ ლეგიონში" საქართველოს მოქალაქეებიც ჩაეწერონ?

ამის გამორიცხვა არ შეიძლება.

ქართულ არმიაში კონტრაქტით მომსახურე რიგითის ყოველთვიური ანაზღაურებაც დაახლოებით 300 დოლარია და შეიძლება გამოჩნდეს ვინმე, ვინც სამშობლოს დაცვას ამ ხელფასად საოკუპაციო ჯარში სამსახურს ამჯობინებს, თუნდაც ცხინვალსა და აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზებზე. ასეთი ადამიანები უფრო საშიში იქნებიან, რადგან ისინი რუსული არმიის ქართულ დასახლებულ პუნქტებში შემოჭრის შემთხვევაში საუკეთესო გამყოლებად გამოდგებიან.

მსგავსი რამ მოხდა აგვისტოს ომის დროს - ზუგდიდში, სენაკსა თუ გორში შემოსული რუსული ჯავშანკოლონების პირველ ჯავშანტრანსპორტიორებზე ნიღბიანი პირები ისხდნენ, რომლებიც კარგად იცნობდნენ გზებს და მტერს სწორ გეზს აძლევდნენ.

დიდი ალბათობით, ისინი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მტრის საიდუმლო სამსახურში აღმოჩნდნენ. სწორედ ასეთები პირველები ჩაეწერებიან ახალ რუსულ "უცხოურ ლეგიონში".

აგვისტოს ომის დროს მტრის ტანკებისთვის გზის მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეები შეიძლება დაუსჯელნი დარჩნენ (ვგულისხმობთ ნამდვილ დამნაშავეებს და არა იმდროინდელი ხელისუფლების მიერ ხელოვნურად "გამოვლენილ მოღალატეებს"), მაგრამ მათ წინააღმდეგ, ვინც რუსულ "უცხოურ ლეგიონში" ჩაეწერებიან, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ან გაუუქმდეთ საქართველოს მოქალაქეობა.
ნანა
09 ივნისი 2019 07:38
ნიღბიანი პირები კიარა,ჩვენი ოფიცრებისგან განსხვავებით რუკების გამოყენება იცოდნენ ბრწყინვალედ..
temuri
09 ივნისი 2019 07:25
ერთი პერიოდი ფრანგულ უცხოურ ლეგიონში ყოფილი რუსი სამხედროებშI ძალზე პოპულარული იყო,როგორც ჩანს გარკვეულმა ნაწილმა იქ "სკანერის" ფუნქცია შეასრულა და ახლა ცდილობენ რომ იგივე მოდელი დანერგონ ოღონდ დაბალი ხელფასებით და პირველყოფილი ინფრასტრუქტურით,ჩემი აზრით პირველ ეტაპზე სადღაც 2-3 წელი დაიქოქება მარა რაცარუნდა "დაოქონ" 5 წელზე მეტს ვერ იმუშავებს რუსული "ქსეროასლი")))
გიგა
07 ივნისი 2019 10:37
გაიტენება მაგათი ჯარი ჩინელებით და მერე არ გაუკვირდეთ ციმბირის დაკარგვა.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები