გრანდიოზული საიარაღო სკანდალი, რომელიც ჩვენზეც იმოქმედებს - კვირის პალიტრა

გრანდიოზული საიარაღო სკანდალი, რომელიც ჩვენზეც იმოქმედებს

აგვისტოს ომის წლისთავზე, 2009 წლის8 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატლანტის ოკეანეში დაიკარგა მშრალტვირთმზიდი Arctic Sea, რომელიც, მართალია, მალტის დროშით დაცურავდა, მაგრამ მისი ეკიპაჟის 15 წევრი რუსეთის მოქალაქე იყო.

გემს ალჟირში ფინეთიდან ხეტყე მიჰქონდა, მაგრამ შუა გზაში მასთან კავშირი გაწყდა. მანამდე გახდა ცნობილი, რომ 24 ივლისს შვედეთის ტერიტორიულ წყლებში (ბალტიის ზღვაში) მშრალტვირთმზიდში შეიარაღებული ადამიანები ავიდნენ და 12 სთ-ს ჩხრეკდნენ გემს. მას შემდეგ გემთან ორმხრივი კავშირი გაწყდა, გამორთული იყო გემის ავტომატური ამოსაცნობი რადიოსიგნალის გამშვები აპარატურაც. მხოლოდ 17 აგვისტოს აფრიკის კონტინენტის დასავლეთით, მავრიტანიასა და სენეგალს შორის მოხერხდა გემის აღმოჩენა, რომლისკენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდი "ლადნი" გაემართა. გემზე დააპატიმრეს რამდენიმე უცხო პირი. ისინი, ეკიპაჟის ნაწილთან ერთად, მოსკოვში თვითმფრინავით გაუშვეს. გემზე ავიდნენ რუსი გამომძიებლები და მფლობელები ხომალდს არ გააკარეს. ამჟამად გემი ბუქსირით რუსეთისკენ მიჰყავთ.

ასეთია ოფიციალური ცნობები, მაგრამ მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით, სენსაციური ვერსიები გამოაქვეყნეს - ფინეთში ხეტყის ჩატვირთვამდე მშრალტვირთმზიდი გაარემონტეს რუსულ პორტში, სადაც მალულად გემის ტრიუმში ჩატვირთეს C-300 ტიპის საზენიტო რაკეტების კონტეინერები და შემდეგ ტრიუმი დაადუღეს. ეს საზენიტო რაკეტები რუსეთს მალულად ირანისთვის უნდა მიეწოდებინა, მაგრამ ეს ზესაიდუმლო ინფორმაცია ცნობილი გახდა ისრაელის "მოსადისთვის", რომელმაც ამ საიდუმლო გარიგების ჩასაშლელად სპეცოპერაცია ჩაატარა. ბალტიის ზღვაში გემზე აიჭრნენ "მოსადის" მიერ დაქირავებული პირები, მწყობრიდან გამოიყვანეს გემის რადიოკავშირის საშუალებები და დაიწყეს მისი ტრიუმების ჩხრეკა.

ამ მოვლენას საეჭვოდ ემთხვევა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკაცრად გასაიდუმლებული ვიზიტი მოსკოვში და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა.

სავარაუდოდ, ორი ქვეყნის რეალური ლიდერები შეთანხმდნენ, ბოლომდე არ გამოეაშკარავებინათ რაკეტების ფარულად გადატანის და გემის ისრაელის სპეცსამსახურების მიერ დაპყრობის დეტალები. ალბათ ამიტომაცაა, რომ გემზე ასული რუსი გამომძიებლები და შეიარაღებული დაცვა გემბანზე ამ მშრალტვირთმზიდის მფლობელებსაც არ უშვებს, რადგან ტრიუმებში მართლაც არის დამალული რუსული იარაღი...

ამ საქმის ბოლომდე ჩაფარცხვა შეუძლებელია, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები - გააგრძელებს რუსეთი ირანის შეიარაღებას, თუ მოსკოვი და თელ-ავივი გარიგდებიან. ებრაელ გენერლებს კარგად ესმით, რომ რუსული "ტორების" ირანული ატომური ობიექტების გარშემო დაყენების შემდეგ, თუკი რუსული C-300-ებიც დაიცავენ ირანის საჰაერო სივრცეს, ისრაელის დამრტყმელი ავიაციის დანაკარგი შესაძლო საჰაერო ოპერაციისას კატასტროფული იქნება. ჯერჯერობით, ისრაელის ხელისუფლება თავს იკავებს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის გაგრძელებაზე. ეს ძალზე ცუდია ჩვენთვის. ებრაული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "სპაიდერებისა" და მისი საზენიტო რაკეტების რიცხვის გაზრდა სასიცოცხლოდ გვჭირდება. უეჭველია, თელ-ავივი ითვალისწინებს მოსკოვის მოთხოვნას და შეწყვიტა ქართული არმიის გადაიარაღება, სანაცვლოდ ებრაელები იმავეს მოელიან მოსკოვისგან - რუსეთმა შეუწყვიტოს ირანს იარაღის, პირველ რიგში კი საზენიტო რაკეტების მიყიდვა.

მაგრამ თუკი მოსკოვი ზურგს უკან ატყუებს ისრაელის ხელისუფლებას და ხის მორებში მიმალულ საზენიტო რაკეტებს მაინც უგზავნის ირანს, ხომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს თელ-ავივსაც აევსოს მოთმინების ფიალა და განაახლოს საქართველოსთვის "პითონისა" და "დერბის" საზენიტო რაკეტების მიყიდვა?!