ქართული იარაღი - 20 წელი მსოფლიო ასპარეზზე - კვირის პალიტრა

ქართული იარაღი - 20 წელი მსოფლიო ასპარეზზე

1999 წელს პირველად გავიტანეთ ქართული იარაღის ნიმუშები საერთაშორისო გამოფენაზე...

20 წელი ხდება, რაც საქართველოში წარმოებული შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნიმუშები საერთაშორისო დონეზე გამოიფინა.

1999 წლის შემოდგომაზე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში პირველად გაიმართა საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EXPOMIL-99, რომელზეც ასევე პირველად იხილა მსოფლიომ ქართული შეიარაღების ნიმუშები.

ჩვენ ქართული მცირერიცხოვანი ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ვიყავით, ამიტომ ამ ისტორიული მოვლენის მონაწილეები გავხდით. მაშინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა და რუმინელმა კოლეგებმა გამოფენის საექსპოზიციო დარბაზში ქართული კუთხის შესაქმნელად უსასყიდლოდ დაგვითმეს 10 კვმ.

ასევე პრობლემად იქცა თბილისიდან ბუქარესტში შეიარაღების ნიმუშების გაგზავნა. თბილისის აეროპორტში აწონილი ტვირთის საერთო მასა 333 კგ იყო, რუმინელი მებაჟეების სასწორმა კი მხოლოდ 322 კგ აჩვენა. სად გაქრა 11 კგ? ამას შეიძლება საერთაშორისო სკანდალიც მოჰყოლოდა, მაგრამ გაირკვა, რომ თბილისის აეროპორტში ვიღაცამ ოციოდე დოლარის გამო ტვირთის წონას 11 კგ წაუმატა...

საგამოფენო დარბაზში მასპინძლების "ნაჩუქარ" ათ კვადრატულ მეტრს ერთი ამდენი ჩვენი ინიციატივით მივუმატეთ და ქართული შეიარაღების პირველი საერთაშორისო ექსპოზიცია დამთვალიერებლებისთვის მიმზიდველი გამოგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ EXPOMIL-99-ში 67 რუმინულის გარდა, მსოფლიოს 13 ქვეყნის 36 ცნობილი ფირმა მონაწილეობდა, ქართული კუთხე "დაჩაგრულად" არ გამოიყურებოდა.

ამას, უპირველესად, ჩვენი ნიმუშების მრავალფეროვნება და ხარისხი განაპირობებდა.

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ჰქონდა 50, 60 და 82 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნები, ასევე ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნიდან სასროლი ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვი "კოდორი". სხვათა შორის, "კოდორს" ერთი წლით ადრე, 1998 წლის მაისის გალის მოვლენებში უკვე ჰქონდა მიღებული საბრძოლო ნათლობა, თუმცა ამის შესახებ გამოფენაზე არაფერი გვითქვამს. იმ პერიოდში ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნ РПГ-7-დან სასროლი ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვები დიდი იშვიათობა იყო რუსეთის არმიისთვისაც კი და როგორც მალევე დაწყებულმა ჩეჩნეთის მეორე ომმა აჩვენა, "კოდორის" მსგავსი ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვები ახლო მანძილზე მოქმედებისას დიდი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩეოდა.

"დელტას" ასევე წარმოდგენილი ჰქონდა რამდენიმე სახის ამფეთქი, მათ შორის - საავიაციო ბომბებისა და საარტილერიო ჭურვებისთვის განკუთვნილი. სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო როტაციულმა ამფეთქმა, რომელიც საარტილერიო ჭურვს წინასწარ გათვლილ სიმაღლეზე აფეთქებდა, და საინჟინრო-ელექტრონულმა ამფეთქმა დაყოვნების დროით, რომელიც პირდაპირ მისწრება იყო მოწინააღმდეგის ზურგში დივერსიული აფეთქებების მოსაწყობად.

თბილისის სახელმწიფო საავიაციო გაერთიანებამ გამოფენაზე Су-25К და Су-25ТК ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მოზრდილი ხის მაკეტები ჩაიტანა, რომელთა გარშემო დამთვალიერებლები მუდმივად ტრიალებდნენ. მაშინ დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ მოიერიშეების საერთაშორისო ბაზარზე გატანას შევძლებდით.

თბილისის საავიაციო ქარხანას ასევე წარმოდგენილი ჰქონდა МиГ-21 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავისთვის განკუთვნილი საწვავის ავზი, რომელიც რეზინისგან იყო დამზადებული. იმ პერიოდში რუმინელების МиГ-21-ების მოდერნიზაციას ებრაელები ახორციელებდნენ და შეიძლებოდა ასეთი ავზები დასჭირვებოდათ.

ქართულ ექსპოზიციაზე ასევე გამოფენილი გვქონდა რამდენიმე სახის ჯავშანჟილეტი და გამნაღმველის კომპლექტი. ორიგინალური ფორმის გამო გამნაღმველის მუზარადის მორგების მსურველები არ გვაკლდა. მნახველები ჰყავდა საქართველოდან ჩატანილი ჭრილობების სამკურნალო ანტისეპტიკს, კოროზიამედეგ და ცეცხლსაწინააღმდეგო სითხეების ნიმუშებს.

EXPOMIL-99-ზე საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახლდათ, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე პირველად გაიტანა თავისი შექმნილი შეიარაღების ნიმუშები, თუმცა ამ საერთაშორისო დებიუტს სრულყოფილი წარმატება მხოლოდ მაშინ მოჰყვებოდა, თუკი ამ ნიმუშების ნაწილს მაინც სერიულად გამოვუშვებდით ქართული არმიის შესაიარაღებლად და ამასთან, ექსპორტზეც გავიტანდით.

განვლილმა ოცმა წელმა ამ მხრივ ბევრი პრობლემა წარმოაჩინა, თუმცა ორი ათეული წლის წინ ჩაყრილმა "ნერგებმა" შედეგი მაინც გამოიღო - დღეს საქართველოში აწყობილი შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის ნაწილი ქართულ არმიასაც ხმარდება და საზღვარგარეთაც იყიდება...