ავიაკატასტროფა ყველაზე ახალმა შვეულმფრენმა განიცადა - კვირის პალიტრა

ავიაკატასტროფა ყველაზე ახალმა შვეულმფრენმა განიცადა

საქართველოში რეგისტრირებულ 70-მდე თვითმფრინავსა და შვეულმფრენს შორის "ბელი" ყველაზე ახალგაზრდა - მხოლოდ ერთი წლის იყო...

6 ივნისს "აჭარა ჯგუფის" კუთვნილმა კერძო შვეულმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "რუმსის" ტერიტორიაზე დაფრენამდე. დაიღუპა პილოტი და "რუმსის" ორი თანამშრომელი.

პილოტი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო მფრინავი ილო ბაიდაშვილი გახლდათ. მას სატრანსპორტო Ми-8-ზე და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

თვითმხილველების განცხადებით, ვერტმფრენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ნაპერწკლებს ყრიდა და კვამლი ასდიოდა, შემდეგ კი ხმელეთზე ჩამოვარდა.

თუკი თვითმხილველების მონაყოლი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ავიაკატასტროფის ძირითადი გამომწვევი მიზეზი შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება იყოს, თუმცა სხვა თვითმხილველები უარყოფენ ჰაერში შვეულმფრენისთვის ცეცხლის გაჩენას, ამასთან, ჩამოვარდნილი და დამტვრეული "ბელის" ფრაგმენტებს ცეცხლის კვალი არ ეტყობა.

რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

"საქაერონავიგაციის" ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ექსპლუატანტის "ავიატორის" ბალანსზე ირიცხება Bell 505 ტიპის შვეულმფრენი სარეგისტრაციო ნომრით 4L-ADJ, რომელიც გამოშვებულია 2018 წელს. გამოდის, რომ შვეულმფრენი ორი წლისაც არ იყო, რაც კითხვებს ბადებს...

ვიზიარებთ დაღუპულთა ახლობლების დიდ ტკივილს და თანავუგრძნობთ მათ.

შვეულმფრენების ავარიები და კატასტროფები ქართულ ცაში

შვეულმფრენი საქართველოში, სამწუხაროდ, არაერთხელ ჩამოვარდნილა, როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე - დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოშიც. 1992-93 წლების აფხაზეთის ომში ათამდე შვეულმფრენი ჩამოგვიგდეს, მას შემდეგ კი ქართული შვეულმფრენების ავარიები და კატასტროფები ადამიანური ფაქტორის, ტექნიკის გაუმართაობისა თუ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ხდებოდა.

21-ე საუკუნის დასაწყისიდან შვეულმფრენებთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევები გაგრძელდა.

2002 წლის 16 სექტემბერს კუმისის ტბაში ჩავარდა მესაზღვრეების Ми-2 ტიპის შვეულმფრენი. ავიაკატასტროფაში ეკიპაჟის ორივე წევრი - ნუგზარ ცხოვრებოვი და ზურაბ ბუქვაიძე დაიღუპნენ.

2003 წლის 13 აგვისტოს წალკასთან ავარია განიცადა ქართულმა "იროკეზმა", რომელსაც, სავარაუდოდ, ამერიკელი პილოტი მართავდა.

2004 წლის 5 მაისს ხულოს რაიონში საბრძოლო Ми-24 დაბალი სიმაღლიდან ჩამოვარდა. სხეულის დაზიანებები მიიღეს ეკიპაჟის წევრებმა და ბორტზე მყოფმა მგზავრებმა.

2007 წლის 12 თებერვალს ქუთაისის ავტოქარხნის აეროდრომზე დაშვებისას ავარია განიცადა Ми-8 ტიპის შვეულმფრენმა. დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.

2007 წლის 11 მარტს, ღამით გაფრენისას, დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბასთან კატასტროფა განიცადა საბრძოლო Ми-24-მა. ეკიპაჟის სამივე წევრი - გიორგი ლონდარიძე, გაგა ტყემალაძე და სერგო ღვალაძე, დაიღუპნენ.

2015 წლის 24 თებერვალს ყაზბეგის რაიონში სამთო მოთხილამურე ტურისტების სათხილამურო ტრასაზე გადასხმისას ქარის მოულოდნელი დაბერვის გამო მართვა დაკარგა და მთის ფერდობზე დაეცა კერძო კომპანიის Bo-105 ტიპის შვეულმფრენი, რომელსაც ქართული ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მფრინავი შამილ ქორთოშიძე მართავდა. ტურისტებს არაფერი დაშავებიათ, პილოტმა სხეულის დაზიანება მიიღო.

2017 წლის 27 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას, მესაზღვრეების Ми-8МТВ ტიპის შვეულმფრენი დაბალი სიმაღლიდან მდინარეში ჩავარდა. ეკიპაჟი გადარჩა.

2018 წლის 12 ივლისს თელავის რაიონის სოფელ ართანასთან დაშვებისას ავარია განიცადა "სუპერპუმას" ტიპის მესაზღვრეების შვეულმფრენმა. ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

ჩვენი დოსიე:

Bell 505 Jet Ranger X ტიპის შვეულმფრენების წარმოება მხოლოდ 2015 წლიდან დაიწყო. ის ხუთადგილიანი, ერთძრავიანი შვეულმფრენია და 670 კმ-ის დაფარვა შეუძლია. ფრენის სიჩქარე 230 კმ/სთ-მდეა.M მისი გასაყიდი ფასი მლნ დოლარს აღემატება.