მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. იგი შეუძლოდ გახდა და ლაზარეთში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი" თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის გარდაცვალების გამო.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"