პორტი საოკუპაციო საზღვართან "თოფის გასროლის" მანძილზე... - კვირის პალიტრა

პორტი საოკუპაციო საზღვართან "თოფის გასროლის" მანძილზე...

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზიდან "თოფის გასროლაზე" მდებარე ანაკლიის პორტში მდგარი უზარმაზარი კონტეინერმზიდი გემები ყოველთვის იქნებიან ნაღმსატყორცნის ნაღმებით დივერსიული დაბომბვის პოტენციური საფრთხის წინაშე

ანაკლიაში ყველაზე ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის აშენებასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა იზრდება. საქმეში უკვე აშკარად ერთვებიან აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ეს კი მიუთითებს, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ამ ადგილზე დიდი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებსაც შეესაბამება. ეს ინტერესები შეიძლება იყოს ანაკლიის მომავალი პორტის, როგორც სავაჭრო ჰაბის გამოყენება, შავი ზღვის აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი საზღვაო კომუნიკაცია, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ანაკლიის საზღვაო პორტის გამოყენება, რასაკვირველია, საქართველოს ინტერესიც არის. შესაძლებელი გახდება ქართული სანაპიროს უკეთესად კონტროლი და დაცვა და ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უფრო დაახლოება.

თუმცა არის ერთი, აუცილებლად გასათვალისწინებელი საფრთხე - მომავალი ანაკლიის პორტი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზიდან "თოფის გასროლის" მანძილზეა.

აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზული სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნა. ის მოიცავს ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო და საზენიტო-სარაკეტო შეიარაღებასაც, რომელიც ნატოს წევრი თურქეთის ტერიტორიასაც კი სწვდება და ცხადია, თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთ საქართველოს.

ანაკლიაში მშენებარე პორტი საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე კმ-ით არის დაშორებული, რაც ზრდის არა მარტო თეორიულ, არამედ რეალურ საფრთხესაც, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოსროლილმა ნაღმმა პორტში მდგარი ათიათასობით ტონა ნედლი ნავთით სავსე ტანკერი დააზიანოს და ცეცხლი გაუჩინოს...

ასეთ შემთხვევაში ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბი წარმოუდგენელი იქნება. ამასთან, აფხაზეთში მყოფ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ვერავინ ვერაფერს დაუმტკიცებს - 82 ან სულაც 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნიდან რამდენიმე გასროლის მოსასწრებად და საცეცხლე პოზიციის დასატოვებლად სამ-ოთხკაციან დივერსიულ ჯგუფს ხუთი წუთიც ეყოფა...

სხვათა შორის, აგვისტოს ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი თითქმის ანალოგიური გახლდათ.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიის სამი ძირითადი მიზეზი არსებობდა: ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრობის შეპირება; კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება აშშ-ის მიერ და სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოება.

სოჭში ოლიმპიადის ჩატარება პრეზიდენტ პუტინის იდეფიქსი გახლდათ და ის ყველაფერს გააკეთებდა მის განსახორციელებლად. ერთ-ერთი თეორიული საფრთხე, რომელსაც შეიძლებოდა სოჭის ოლიმპიადა ჩაეშალა, იყო ნაღმსატყორცნებით ადლერის აეროპორტის დაბომბვა, რასაც რამდენიმე კილომეტრში მდებარე სეპარატისტული აფხაზეთის სასაზღვრო რაიონიდან რომელიმე დივერსიული ჯგუფი ადვილად შეძლებდა, საერთაშორისო რეზონანსი კი ადვილად გამოსაცნობი იყო - რა თქმა უნდა, ყველა იტყოდა, რომ რუსეთი სოჭის ოლიმპიადაზე ჩასული სპორტსმენების უსაფრთხოებას ვერ დაიცავდა.

2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის გამართვისას, აფხაზეთის ოკუპაციიდან ექვსი წელი იყო გასული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოლიმპიადის დღეებში საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე რუსული სადაზვერვო ჯგუფები და შვეულმფრენები სისტემატურად აკონტროლებდნენ ტყის მასივებს, ხოლო სოჭში, ოლიმპიურ სოფელთან, მორიგე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მუდმივად მზად იყვნენ, ჩამოეგდოთ ნებისმიერი საჰაერო სამიზნე.

რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტს ასეთ მუდმივ საჰაერო "ქოლგას" ვერ შეუქმნი, რადგან ამას ძალიან დიდი ხარჯი სჭირდება, ამიტომაც იქნება მუდმივი საფრთხე - უკონტროლო ოკუპირებული აფხაზეთიდან ვინმემ ნაღმსატყორცნის ნაღმები დაუშინოს საუცხოო სამიზნეს - პორტის ნავსაყუდელთან მდგარ 10 000-კონტეინერიან უზარმაზარ გემებს, რომელთა სიმაღლე ზღვის ზედაპირიდან თითქმის ათსართულიან სახლს უტოლდება. საპასუხო ქმედება კი გაძნელდება, რადგან დივერსიული ჯგუფის გასროლისთანავე, აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, საპასუხო ცეცხლის გახსნა გამოიწვევს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან სიტუაციის დაძაბვას, საქმეში ჩაერთვება რუსული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მთელ მსოფლიოს აუწყებს - ქართველებმა "სუვერენული" აფხაზეთი დაბომბესო. პორტში კი, რომელიც იბომბება, სავაჭრო გემების კაპიტნები არ შედიან. გავიხსენოთ აგვისტოს ომი, როცა ფოთის პორტის დაბომბვის შემდეგ რეიდზე მდგარი გემები უკან გაბრუნდნენ.