პუტინმა ერდოღანი ტრამპს საბოლოოდ დაუპირისპირა... - კვირის პალიტრა

პუტინმა ერდოღანი ტრამპს საბოლოოდ დაუპირისპირა...

რუსეთმა თავისი C-400-ებით ნატოს წევრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია და თურქეთის ცაში უახლესი F-35-ის გამოჩენა დიდი ხნით შეაჩერა...

რუსულ თანამედროვე სარაკეტო სისტემას, C-400-ს, თურმე მხოლოდ საზენიტო დანიშნულება როდი ჰქონია - მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის განხეთქილებაც შეიტანა.

"თურქეთმა უკვე შეიძინა რუსული C-400-ები და ეს დამთავრებული საქმეა," -ასე დაუსვა წერტილი თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ამერიკული მხარის კიდევ ერთ დაჟინებულ მოთხოვნას, გადაეფიქრებინა ანკარას ამ სისტემის შეძენა.

ამერიკელებისა და ნატოს სხვა წევრების შეშფოთება იმით, რომ მათი "თანაგუნდელი" თურქეთი ალიანსის ყველაზე შესაძლო მოწინააღმდეგის შეიარაღების ასეთ მნიშვნელოვან კომპონენტს ყიდულობს, გასაგებია - ნატოს საჰაერო სივრცის ერთიანი კონტროლის სისტემას საბჭოთა/რუსული სტანდარტის C-400-ები არ შეესაბამება; ამასთან, რუს სამხედრო სპეციალისტებს, ვინც თურქებს C-400-ებს დაუმონტაჟებს, ექნებათ შესაძლებლობა, "შეიჭყიტონ" ნატოს საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის თურქული სექტორის საიდუმლოებებში.

სიტუაციის აქამდე მოყვანაში თავისი წილი დანაშაული ამერიკულ მხარესაც მიუძღვის. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, თურქული საჰაერო თავდაცვის სისტემა "ცივი ომის" შემდეგ კვლავ მოძველებული იყო და სასწრაფო განახლებას მოითხოვდა.

ანკარა ვაშინგტონს წლების განმავლობაში ამაოდ სთხოვდა "პეტრიოტის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვას და მათი თურქეთში წარმოების ნებართვას - თეთრი სახლი ამას არ დასთანხმდა. მაშინ თურქეთმა ტენდერში გამარჯვებულად ჩინური საზენიტო-სარაკეტო სისტემა გამოაცხადა (რომელიც საბჭოთა/რუსული C-300-ის კლონია), მაგრამ ნატოს ხელმძღვანელობის ფარული ზეწოლის შედეგად ანკარა იძულებული გახდა, ჩინელები უარით გაესტუმრებინა.

რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებას კი მისმა თურქმა კოლეგამ ვეღარ გაუძლო, რადგან ჯერ ერთი, რუსეთი უფრო თანამედროვე C-400-ის მიყიდვას დაჰპირდა და მეორე და მთავარი - 2,5 მლრდ დოლარიანი ხელშეკრულების თითქმის ნახევარს ანკარას კრედიტის სახით ისევ მოსკოვი აძლევს...

ერდოღანზე გაბრაზებული ტრამპი აჩერებს მეხუთე თაობის F-35 ტიპის გამანადგურებლებზე თურქი პილოტების მომზადებას და ოთხი თვითმფრინავის მიწოდებისგანაც თავს იკავებს, არადა, თურქეთს ასი ასეთი საბრძოლო თვითმფრინავი აქვს შეკვეთილი და თანაც თურქეთში F-35-ების დეტალებსაც ამზადებენ.

რუსული C-400-ების გამო თურქეთმა შეიძლება მართლაც დაკარგოს მის ცაში ამერიკული F-35-ების განავარდების პერსპექტივა, მაგრამ ნატოსთვის (და საქართველოსთვისაც) უფრო ცუდი ის არის, რომ კრემლმა ალიანსის წევრებს შორის განხეთქილების ჩამოგდება მოახერხა.