"ბოინგის" მკვლელების დასახელება დაიწყო... - კვირის პალიტრა

"ბოინგის" მკვლელების დასახელება დაიწყო...

უკრაინის ცაში მომხდარი ტრაგედიიდან მეხუთე წელს ოთხი ბრალდებულის ვინაობა გამჟღავნდა...

ნიდერლანდებში მოქმედმა ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც უკრაინის საჰაერო სივრცეში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოგდებული მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" საქმეს იძიებს, ოთხი ბრალდებულის ვინაობა დაასახელა.

მათგან სამი - რუსეთის, ერთი კი უკრაინის მოქალაქეა, რომლებიც დონბასში სეპარატისტულ ქმედებებში აქტიურად მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი რამდენიმე თვე სეპარატისტების "თავდაცვის მინისტრიც" კი გახლდათ.

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის (რომელშიც ნიდერლანდების გარდა, მალაიზიის, ბელგიის, ავსტრალიისა და უკრაინის წარმომადგენლებიც შედიან) ეს შედეგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ტრაგედიიდან გასული ხუთი წლის განმავლობაში 298 დაღუპულის ახლობლებიც და საზოგადოებაც მეტს ელოდნენ.

ჩამოგდებული "ბოინგის" საქმეზე სასამართლო ჰააგაში 2020 წლის მარტში დაინიშნა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრალდებულები იქ წარდგებიან. რუსეთი არ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების ევროპაში გასამართლებას.

აღსანიშნავია, რომ ოთხივეს ბრალი ედება არა უშუალოდ საზენიტო რაკეტის გაშვებაში, რომელმაც სამგზავრო "ბოინგი" ჩამოაგდო, არამედ "ბუკის" საზენიტო-სარაკეტო დანადგარის რუსეთის საზღვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილების ხელშეწყობაში.

გასაგებია, რომ ამხელა დანადგარს მისი ეკიპაჟი საზღვარზე თვითნებურად ვერ გადაიყვანდა და ეს კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაურობის ბრძანებით გააკეთეს, ისევე როგორც ბრიგადის მეთაურობა ასრულებდა ზემდგომების, მათ შორის - თავდაცვის მინისტრის ბრძანებას. ასევე ძნელი დასაჯერებელია, თავდაცვის მინისტრ შოიგუს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო ტექნიკისა და მებრძოლების გადასროლის თაობაზე პრეზიდენტ პუტინის თანხმობა არ ჰქონოდა.

2014 წლის ივლისის შუა რიცხვებამდე უკრაინის აღმოსავლეთში უკვე ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა, რომელშიც პრორუსი სეპარატისტები აქტიურად იყენებდნენ რუსეთის ტერიტორიიდან მიწოდებულ ტანკებს, ჰაუბიცებსა თუ საზენიტო რაკეტებს, თუმცა ერიდებოდნენ რუსული საბრძოლო ავიაციის აშკარად ჩართვას, რადგან ვერ ახსნიდნენ, თუ რომელ შახტში "იპოვეს" გამანადგურებელი "მიგი".

სამაგიეროდ, უკრაინის საბრძოლო ავიაცია ცდილობდა, საჰაერო დარტყმა მიეყენებინა სეპარატისტების სახელს ამოფარებული რუსული არმიის დანაყოფებისთვის.

17 ივლისამდე სეპარატისტებმა რუსი ოფიცრების დახმარებით ათამდე უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ჩამოგდება მოახერხეს, რის შემდეგ უკრაინელმა პილოტებმა სამიზნეებზე მუშაობა 3,5-4 კმ სიმაღლიდან დაიწყეს, სადამდეც რუსი მეზენიტეების "სტრელები" და "იგლები" ვეღარ სწვდებოდა.

შესაბამისად, სეპარატისტებისთვის უფრო მძლავრი საზენიტო საშუალებების მიწოდება რუსეთის ტერიტორიიდან დაიწყო. ასეთად იქცა ის "ბუკიც", რომლითაც რუსმა მეზენიტეებმა მალაიზიური "ბოინგი", დიდი ალბათობით, შეცდომით ჩამოაგდეს, რადგან დაზვერვის მონაცემებით, ისინი უკრაინის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს ჩაუსაფრდნენ, რომელსაც ალყაში მოქცეული უკრაინელი მედესანტეებისთვის პარაშუტებით ტყვია-წამალი უნდა ჩაეყარა...

თემაზე

მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებით კარგად გამოჩნდა დაუსჯელობით წაქეზებული რუსეთის თავგასულობა. საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ხელისუფლება არ დასაჯა, როდესაც 1993 წლის სექტემბერში რუსმა სამხედროებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა სწორედ საზენიტო რაკეტების გამოყენებით სოხუმის აეროპორტთან ორი ქართული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ერთი კი აეროპორტში საარტილერიო ცეცხლით ააფეთქეს, რასაც ასზე მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.