ახლოდან ნასროლი არალეტალური იარაღი შეიძლება სასიკვდილო გახდეს! - კვირის პალიტრა

ახლოდან ნასროლი არალეტალური იარაღი შეიძლება სასიკვდილო გახდეს!

სპეცრაზმის მსროლელები, რომლებიც რეზინისა და პლასტიკის ტყვიებით სავსე ვაზნებით დატენილი პომპიანი თოფებით იყვნენ შეიარაღებული, დამიზნებით ესროდნენ ყველაზე აქტიურ მომიტინგეებს, შესაბამისად, სროლის მანძილი 10-15 მეტრი თუ იყო, ზოგჯერ კი 2-3 მეტრიც, რაც არალეტალურ იარაღს ლამის სასიკვდილოდ აქცევდა....

2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მიტინგების დარბევის ტაქტიკის ნაწილი სპეცრაზმმა 2019 წლის 20-21 ივნისსაც გამოიყენა...

20-21 ივნისს მიტინგის დაშლისას 250-მდე ადამიანი დაშავდა, როგორც მომიტინგეები, ისე - პოლიციელები და ჟურნალისტები. საავადმყოფოში მოხვედრილთა უმეტესობას სერიოზული დაზიანებები აქვს. რამდენიმემ, სამწუხაროდ, თვალიც დაკარგა, რისი მიზეზიც სპეცრაზმის მიერ არალეტალური დანიშნულების რეზინისა და პლასტიკის ტყვიების გამოყენება გახდა.

არალეტალურ ანუ არასასიკვდილო სპეციალურ საშუალებებს მიტინგების დაშლისას მთელ მსოფლიოში იყენებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენებისას არ დაიცვან უსაფრთხოების წესები, კერძოდ, შეზღუდულია სროლის მინიმალური მანძილი და აკრძალულია თავის არეში სროლა. წინააღმდეგ შემთხვევაში არალეტალური იარაღი შეიძლება ლეტალურად იქცეს.

20-21 ივნისს მომიტინგეებს რეზინისა და პლასტიკის ტყვიები ახლო მანძილიდან მოხვდათ, რამაც მძიმე დაზიანებები გამოიწვია. თუმცა, ამას აქვს ახსნაც - მომიტინგეებმა პარლამენტის ეზოში შესაჭრელად რამდენიმე იერიში მიიტანეს კოლონებს შორის მდგარ "ბეტმენებზე" (შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმების პოლიციელები, რომლებიც ინდივიდუალური დაცვის ელემენტებით არიან აღჭურვილი, რაც მათ კინოგმირ ბეტმენს ამსგავსებს), მოახერხეს რამდენიმე "ბეტმენის" "მოტაცება" და განიარაღება. ამასთან, "ბეტმენებს" წყლის ბოთლების გარდა, სხვადასხვა საგანსაც ესროდნენ. ასეთ დროს სპეცრაზმის მსროლელები, რომლებიც რეზინისა და პლასტიკის ტყვიებით სავსე ვაზნებით დატენილი პომპიანი თოფებით იყვნენ შეიარაღებული, "ბეტმენები" ზურგიდან დამიზნებით ესროდნენ ყველაზე აქტიურ მომიტინგეებს, შესაბამისად, სროლის მანძილი 10-15 მეტრი იყო, ზოგჯერ კი (რაც კარგად შენიშნეს გმირულად მომუშავე ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა) - 2-3 მეტრიც.

ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ ესროდა სპეცრაზმი დამიზნებით მომიტინგეებს, არასერიოზულია, რადგან ეს იარაღი სწორედ დამიზნებით სროლისთვის არის განკუთვნილი, ოღონდ - უსაფრთხო მანძილის (არანაკლებ 30 მეტრისა) დაცვით და იმ პირობით, რომ ადამიანს თავში არ უნდა ესროლონ, დაშავებული მომიტინგეებისა და ჟურნალისტების უმეტესობას კი რეზინისა და პლასტიკის ტყვიები სწორედ თავში მოხვდა. ეს უნებურად აღძრავს ეჭვს, რომ თავში და თანაც - ახლო მანძილიდან გამიზნულად ესროდნენ.

ეს ხელწერა ძალიან ჰგავს 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 15 ივნისის (თბილისის პოლიციის სამმართველოსთან) და 2011 წლის 26 მაისის მიტინგების დარბევის ტაქტიკას, როდესაც მომიტინგეებს ასევე ახლო მანძილიდან თავში გამიზნულად ესროდნენ (7 ნოემბერს სპეცრაზმელებმა ორ მომიტინგეს, ფაქტობრივად, მიბჯენით ცრემლსადენი გაზის ყუმბარები ესროლეს და ისინი უმძიმესად დაშავდნენ). ჩნდება ეჭვი - სპეცრაზმელებს იგივე მსროლელები ხომ არ ჰყავთ, ვინც 7 ნოემბერსა და 26 მაისს მომიტინგეებზე განსაკუთრებული სისასტიკით ნადირობდა (7 ნოემბერს ტელევიზია "იმედთან" თვითონ გამოვცადე კისერში რეზინის ტყვიის მოხვედრის მთელი "სიხარული")?

გასაგებია ისიც, რომ სპეცრაზმელების შემდგომ ქმედებაზე მომიტინგეთა აგრესიული ნაწილის რამდენიმესაათიანმა უშვერმა გინებამ და თავდასხმებმა იმოქმედა, მაგრამ არაფრით შეიძლება იმის გამართლება, რომ ადამიანს განზრახ ახლო მანძილიდან და თანაც - თავში თუნდაც რეზინისა და პლასტიკის ტყვიები ესროლო! შსს-ს ხელმძღვანელობას, ალბათ, მოუწევს სპეციალური კურსების ჩატარება, რათა სპეცრაზმელებმა ყველაზე აგრესიული მიტინგის დაშლის შემთხვევაშიც კი უსაფრთხოების წესები დაიცვან და არალეტალური იარაღი მომაკვდინებლად არ გადააქციონ.

რა საშუალებებს იყენებს სპეცრაზმელი

მასობრივი არეულობის დროს სპეცრაზმელი მოქმედებს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას არეგულირებს. აქტიური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე.

რა ეკრძალება სპეცრაზმელს

კანონი "პოლიციის შესახებ" სპეცრაზმელს, რომელსაც მასობრივი არეულობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა დაევალა, უკრძალავს სპეციალური საშუალებების გამოყენებას ორსულების, მცირეწლოვნების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმული პირების მიმართ, თუმცა კანონი აზუსტებს - თუკი ასეთი მოქალაქეები შეიარაღებული არიან ან ჯგუფურად ესხმიან თავს პოლიციელს, მაშინ კანონი სამართალდამცველს აქტიური მოქმედებებისთვის ხელ-ფეხს უხსნის. უფრო მეტიც - კანონის 35-ე მუხლის მე-2 თავი პოლიციელს აფრთხილებს, რომ თუკი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას, მაშინ მას შეუძლია, აკრძალვა არ გაითვალისწინოს.