ტრამპმა ქართველებს მოგვბაძა... იძულებით
ტრამპმა ქართველებს მოგვბაძა... იძულებით
ფოტო:პრეზიდენტი ტრამპი აბრაამ ლინკოლნის მემორიალის წინ "აბრამსებისა" და "ბრედლების" უძრავად დგომას იძულებით დაჰყაბულდა...
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას ვაშინგტონში 28-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა ამერიკული არმიის მძიმე ჯავშანტექნიკა - "აბრამსის" ტანკები და "ბრედლის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

აღლუმი ვაშინგტონში ბოლოს 1991 წელს ჩატარდა სადამ ჰუსეინზე გამარჯვების აღსანიშნავად და დედაქალაქის ქუჩებში ომში მონაწილე საბრძოლო ტექნიკამ ჩაიარა.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპს ძალიან უნდოდა, რომ ვაშინგტონის ცენტრში ისეთივე აღლუმი ჩაეტარებინა, როგორსაც ფრანგები ელისეს მინდვრებზე, ხოლო რუსები წითელ მოედანზე ატარებენ, მაგრამ საბოლოოდ ისეთი გამოუვიდა, როგორსაც ქართველები თავისუფლების
მოედანზე ვაწყობთ.

საპროტესტო აქციებმა პრეზიდენტ ტრამპს საშუალება არ მისცა ვაშინგტონის ცენტრში 65-ტონიანი "აბრამსები" თავიანთი სვლით ჩაეტარებინა, რაც ბოლოს მოუღებდა ასფალტსა და სხვა კომუნიკაციებს. ამიტომაც კომპრომისულ ვარიანტს დაჰყაბულდა - აბრაამ­ ლინკოლნის მემორიალთან ორ-ორი "აბრამსი" და "ბრედლი", ასევე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ლეგენდარული ტანკი "შერმანი" ჩაამწკრივეს. ეს ტექნიკა
აღლუმის ადგილამდე უნაგირა-გამწევებით მიიტანეს და ასფალტი დაზიანებას გადაარჩინეს.

ჩვენს მკითხველს ამის წარმოდგენა არ გაუჭირდება, რადგან 2017 წლის 26 მაისს თავისუფლების მოედანზე ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკასთან ერთად გამოფენილი იყო ამერიკული "აბრამსიცა" და "ბრედლიც", რომლებიც იმ დროისთვის ვაზიანის პოლიგონზე საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში მონაწილე ამერიკული არმიის დანაყოფს ეკუთვნოდა. ეს მძიმე საბრძოლო ტექნიკაც ვაზიანიდან თავისუფლების მოედანზე უნაგირა-გამწევებით მიიტანეს, რამაც თბილისის ქუჩების ასფალტის საფარი გადაარჩინა.

მართალია, პუტინივით ტანკები ვერ ჩაახრიგინა ტრამპმა, მაგრამ გული მაინც იჯერა, როდესაც ვაშინგტონს დაბალ სიმაღლეზე სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და საბრძოლო შვეულმფრენებმა გადაუფრინეს.

ისე, ხანდახან ამა თუ იმ ქვეყნის პირველი პირი ბავშვივით იქცევა - არმია სათამაშო ჰგონია მისი ტანკებით, თვითმფრინავებითა თუ საზღვაო ხომალდებით...

P.S. ამერიკელი საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტ ტრამპს აბრაამ ლინკოლნის მემორიალის წინ გამოფენილი "აბრამსებისა" და "ბრედლების" დაჟანგული დეტალები დაუწუნა, არადა, სანამ პუტინის წინ წითელ მოედანზე რუსული ტანკები ჩაივლიან, მათ შამპუნით რეცხავენ...

P.S.S. ამერიკელებამდე ერთი დღით ადრე დამოუკიდებლობის დღე ბელორუსმა აღნიშნა და პრეზიდენტი ლუკაშენკო ამაყად გადაჰყურებდა მის წინ ჩავლილ ათობით ჯავშანტექნიკას, თუმცა ტრაგიკულ ინციდენტს ვერ გადაურჩნენ - ფეიერვერკის დროს აფეთქება მოხდა და ნამსხვრევებმა ერთი ქალი იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები