”შსს გააგრძელებს უცხო ქვეყნების ჯაშუშების გამოვლენას, რაც შეიძლება ქვეყანაში ოპოზიციის გააქტიურების პარალელურად მოხდეს” - კვირის პალიტრა

”შსს გააგრძელებს უცხო ქვეყნების ჯაშუშების გამოვლენას, რაც შეიძლება ქვეყანაში ოპოზიციის გააქტიურების პარალელურად მოხდეს”

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განცხადებით, ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებდნენ მასშტაბურ სპეცოპერაციას "ენვერის" სახელწოდებით, რომელიც გულისხმობდა ორმაგი აგენტის ჩანერგვას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს - ГРУ-ს მიერ საქართველოში შექმნილ ერთ-ერთ ჯაშუშურ ქსელში.

საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ГРУ-მ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ფოთში გადაიბირა, რაც იმ დროისთვის ბუნებრივი მოვლენა იყო, რადგან КГБ და ГРУ აგენტების გადაბირებას მარტო საზღვარგარეთ კი არ ახდენდნენ, არამედ საბჭოთა კავშირის შიგნით თავისივე მოქალაქეებს აიძულებდნენ აგენტობას.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ვერსიით, საქართველოში დარჩენილ აგენტ "ენვერზე" ისინი 2006 წლისთვის გავიდნენ და მას ორმაგი სადაზვერვო თამაში შესთავაზეს. "ენვერი" დათანხმდა (ან დაითანხმეს) ამ შემოთავაზებას და კავშირზე გავიდა ძველ ნაცნობებთან  ГРУ-ს ხაზით. მათ "ენვერი" უკრაინის გავლით რუსეთში არალეგალურად გადაიყვანეს და ჩაუტარეს გადამზადება, რომელიც ახალ ტექნოლოგიებში გარკვევასა და თანამედროვე რადიოელექტრონულ აპარატურასთან მუშაობას გულისხმობდა.

საქართველოში დაბრუნებული "ენვერი" ერთგვარი მეკავშირე გახდა აჭარაში მოქმედ  ГРУ-ს სადაზვერვო ქსელსა და ცენტრს (მოსკოვს) შორის. შესაბამისად, ორმაგი აგენტის საშუალებით ქართულმა კონტრმზვერავებმა მოახერხეს "აჭარული"  ГРУ-ს ქსელის გაშიფვრა და მათზე რამდენიმეწლიანი დაკვირვების შედეგად 2010 წლის ივლის-ოქტომბერში დააკავეს შპიონაჟში ეჭვმიტანილი 15 პიროვნება, რომელთაგან ორი საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს.

KvirisPalitra.Geდარჩენილი 13 ეჭვმიტანილიდან 9 საქართველოს, ოთხი კი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. დაკავებულებიდან ხუთი ბიზნესმენია, ერთი - მეზღვაური, ერთი - მეკავშირე და ექვსი - საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მფრინავი.

მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 311-ე და 314-ე მუხლებით. 311-ე მუხლი შეეხება უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლას და ისჯება ათიდან თხუთმეტ წლამდე. 314-ე მუხლი (ჯაშუშობა) ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ხოლო თუკი ჯაშუშობა ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელდა, მაშინ სასჯელი იზრდება თორმეტიდან ოც წლამდე.

ეჭვმიტანილების სტატუსით დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესჯებათ, თუმცა უკვე ბრალდებულები მაინც ისარგებლებენ უდანაშაულობის პრეზუმფციით და მათი ერთპიროვნულად ჯაშუშებად გამოცხადება, სასამართლოს საბოლოო ვერდიქტამდე, არასწორი იქნება.

ამ 13 ადამიანიდან ბიზნესმენი, გლობალიზაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი ბაკურ კიღურაძე ჯერ კიდევ ივლისში დააკავეს.

კონტრმზვერავები ბაკურ კიღურაძეს ბრალს სდებენ უცხო ქვეყნებთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის რუსული  ГРУ-სთვის გადაცემაში, თუმცა ცოტა უცნაურია, რომ ბიზნესმენს, რომელიც არ მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურაში (მით უმეტეს - თავდაცვის სამინისტროში) და ალბათ, ხელი არ მიუწვდებოდა საიდუმლო ინფორმაციაზე, საიდან უნდა მოეპოვებინა ასეთი მასალები...

მეორე ბიზნესმენი, პეტრე დევრიშაძე კონტრმზვერავებს აღიარებით ვიდეოჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ ის მოსკოვში შანტაჟის წყალობით (რუსეთში მისი ბიზნესის განადგურებისა და მის ოჯახზე ზეწოლის შიშით) "დაავერბოვკა" ГРУ-მ.

რუსეთის მოქალაქე იური სკრილრპნიკოვს ბრალად ედება საქართველოს ტერიტორიაზე  ГРУ-სთან ფარულ კავშირში მყოფ პირებთან შეხვედრები და საიდუმლო ინფორმაციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა.

ასევე ჯაშუშობა ბრალდება სომეხი ეროვნების რუსეთის ორ მოქალაქეს - არმენ გევორქიანსა და რუბენ შიკოიანს, შესაბამისად, კომპანია "სეიბოლტის" საქართველოს ფილიალის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეს.

KvirisPalitra.Geეს ფირმა საზღვაო გადაზიდვებზე  სპეციალიზდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ისინი ბათუმისა და ფოთის პორტებში მოიპოვებდნენ ინფორმაციებს იმ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთებზე, რომლებიც ქართულ პორტებში ჩამოიტვირთებოდა.

დიდი საიდუმლო არ არის, რომ ქართული არმია უცხოეთში ნაყიდ შეიარაღებას, მათ შორის - საბრძოლო ტექნიკას, ძირითადად, სწორედ ფოთის პორტის გავლით იღებდა, ამიტომ ამ პორტებში მოწყობილი კარგად ორგანიზებული სათვალთვალო პუნქტების საშუალებით საკმაოდ ადვილი იყო ოპერატიული ინფორმაციის მიღება საქართველოში შემოსული საბრძოლო დანიშნულების ტვირთის შესახებ.

არ არის გამორიცხული, ამ ორ დაკავებულ ბიზნესმენს პარალელურად სომხეთის რესპუბლიკის დაზვერვაზეც ემუშავა, რადგან ფოთის პორტიდან სამხედრო დანიშნულების ტვირთი საქართველოს გარდა აზერბაიჯანსაც შემოაქვს უკრაინიდან, ბელორუსიიდან თუ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

მაგალითად, ფოთში ჩამოიტვირთა და რკინიგზით აზერბაიჯანში გადაიტანეს БТР-70 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებისა და "გვოზდიკის" ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გარკვეული (არ დავაზუსტებთ, როდის და რამდენი) რაოდენობა. ოპერატიულად მოპოვებული და გადაცემული ეს ინფორმაცია სომხეთის სპეცსამსახურებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა...

დასასრულ, ვთქვათ ის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია - ბრალდებულთა შორის ექვსი სამხედრო მფრინავია, რომელთა ნაწილი სამხედრო სამსახურის შესრულების დროს, სამხედრო ფორმით (მათ შორის - მფრინავის საფრენოსნო კომბინეზონით) დააკავეს.

აქ მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი დაგვჭირდება. ახალი საუკუნის დასაწყისში "აჭარის ლომმა" - ასლან აბაშიძემ თავისი რუსი მეგობრებისაგან 11 ცალი  МИ-8 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო შვეულმფრენი მიიღო, რომლებიც ბათუმის აეროპორტში განათავსა. ამ ესკადრილიას, ბუნებრივია, ეკიპაჟებიც სჭირდებოდა და ისინი რუსეთსა და ბათუმში მოამზადეს.

KvirisPalitra.Ge2004 წლის მაისის დასაწყისში, როდესაც თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობა უკიდურესად იყო გამწვავებული, ამ შვეულმფრენების ეკიპაჟებს შეეძლოთ საჰაერო თავდასხმები განეხორციელებინათ მდ. ჩოლოქის მარჯვენა მხარეს. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, აბაშიძე მოსკოვში გაფრინდა, შვეულმფრენები ბათუმში დარჩა და ისინი ჯერ შინაგანი ჯარების ცალკეულ ესკადრილიას შეუერთდა, ხოლო 2004 წლის ბოლოს, შინაგანი ჯარების გაუქმების შემდეგ, სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში გადავიდა.

2005 წლის ბოლოსთვის ბათუმური ესკადრილიის მფრინავების ნაწილი ერთიანი ქართული სამხედრო ავიაციის შემადგენლობაში დაფრინავდა. მათ, ალბათ, არაერთხელ მოუხდათ გაფრენა საქართველოს მთავრობის წევრებთან, შეიარაღებული ძალების სარდლობასთან ან სულაც, პრეზიდენტთან ერთად.

არადა, კონტრდაზვერვის მიერ წაყენებული ბრალდებები ძალიან სერიოზულია. მფრინავ ვიაჩესლავ პლუჟნიკოვს ჰბრალდება ქართული სამხედრო ავიაციის ეკიპირებისა და საფრენი საშუალებების ფრენების განრიგების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის ГРУ-სთვის მიწოდება. პილოტი დავით მესხიძე თურმე ქართული არმიის სწავლებებისა და ინსპექციების შესახებ მოპოვებულ მასალებს გადასცემდა.

გელა კაკაბაძეს ბრალად  ედება საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსკოვში. მფრინავი გოჩა დიასამიძე, გამოძიების მტკიცებით, მასალებს აგროვებდა ქართული არმიის საბრძოლო-ოპერატიული მომზადების დონეზე, ხოლო პილოტი ტარიელ აბაშიძე ГРУ-ს ამარაგებდა განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების სამუშაო რეჟიმის, სტრუქტურისა და თანამშრომლების შესახებ ინფორმაციით.

ამ ჩამონათვალის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებების გამანაწილებლები შეიძლება მთლად კარგად ვერ ერკვევიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში, რადგან რიგით სამხედრო პილოტს ხელი ნაკლებად მიუწვდება ინფორმაციაზე შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, სახმელეთო ჯარების შეიარაღების, განსაკუთრებულად დაცული სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების, ასევე, სამხედრო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსის შესახებ.

მეორე მხრივ, დაკავებული პილოტებიდან თითოეულს მონდომების შემთხვევაში შეეძლო მოეპოვებინა ინფორმაცია სამხედრო-საჰაერო ძალების ეკიპაჟებსა და საფრენი საშუალებების ფრენის განრიგზე, რაც განსაკუთრებულად სახიფათო გახდებოდა ამ მონაცემების ГРУ-სთვის ოპერატიულად მიწოდების შემთხვევაში, რადგან პრეზიდენტის თვითმფრინავისა და შვეულმფრენის საფრენოსნო მარშრუტებიცა და დროც ცნობილი ხდებოდა მტრულად განწყობილი ქვეყნის სამხედრო დაზვერვისათვის.

ბოლოსთვის შემოვიტოვეთ მფრინავ გაბრიელ უსტალიშვილის ვიდეოაღიარება, სადაც იგი მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე საუბრობს და აღიარებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ქართველები შვეულმფრენებს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში მალავდნენ. ეს აღიარება ცოტა ეჭვს აჩენს, რადგან სინამდვილეში ჩვენი შვეულმფრენები კასპის რაიონის ტერიტორიაზე (უფრო მეტად აღარ დავაკონკრეტებთ) იყო გადამალული და რამდენჯერმე სწორედ აქედან აფრენილმა ქართულმა Ми-24-ებმა მიაყენეს საავიაციო დარტყმები რუსულ ჯავშანტექნიკას, მათ შორის, სოფელ ძევერასთან.

შპიონაჟშიც რომ არ იყვნენ ბრალდებული, ერთდროულად ექვსი სამხედრო მფრინავის დაკარგვა სერიოზული დარტყმაა აწ უკვე ყოფილი სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის, მით-უმეტეს, რომ სახმელეთო ჯარებთან შეერთებულ სამხედრო ავიაციაში ამ დღეებში სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდა, დააქვეითეს ავიაციის უფროსი, რამდენიმე პილოტი კი საერთოდ გაუშვეს სამხედრო სამსახურიდან.

თუ დამტკიცდება, რომ ექვსივე სამხედრო პილოტი მართლაც ეწეოდა სადაზვერვო საქმიანობას სხვა ქვეყნის სასარგებლოდ, გამოვა, რომ ასლან აბაშიძის რეჟიმმა მათი სახით ერთგვარი შენელებული მოქმედების ნაღმები დაუტოვა საქართველოს.

სამწუხაროდ, საკითხი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის თაობაზე ისევ აქტუალური რჩება. ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ქართულ არმიას, ისევე, როგორც მთელ საქართველოს, საშიშროება მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებისგან ელის.

ჩვენ ადრე აღვნიშნეთ და ისევ გავიმეორებთ, რომ ყველა ქვეყნის სპეცსამსახური (მიუხედავად იმისა, რამდენად მეგობრული ურთიერთობა აქვს საქართველოს ამ სახელმწიფოსთან), ცდილობს, გავლენის აგენტები შეარჩიოს იმ სამხედროთა შორის (ან სულაც, სამოქალაქო პირებსა და ახალგაზრდა პოლიტიკოსებში), რომლებიც ამ ქვეყნებში სწავლის კურსს გადიან. საქართველოში დაბრუნებულ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობაზე ხელმომწერ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, სწრაფად დაწინაურდნენ, რათა შემდგომ მაღალი თანამდებობებიდან ხელი შეუწყონ კონკრეტული უცხო ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების განხორციელებას საქართველოში.

სავარაუდოდ, შსს გააგრძელებს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტურული ქსელების გამოვლენას, რაც შეიძლება ქვეყანაში ოპოზიციის გააქტიურების პარალელურად მოხდეს.

ჩვენ კი ერთი რამ გვაინტერესებს - შესაძლებელია თუ არა ჩვენთან დაკავებულების გადაცვლა იმ ქართველ მზვერავებზე, რომლებიც რუსეთის ФСБ-მ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩრდილო კავკასიაში დააკავა. მართალია, ოფიციალური თბილისი დღემდე არ აღიარებს მათზე "შეფობას", მაგრამ ამერიკულ-რუსული შპიონური სკანდალის შემდეგ ჯაშუშთა გაცვლა არც ჩვენთვის იქნებოდა ურიგო...