ნაცემი სამხედრო მეთაურს აღარ გადაეფარება... - კვირის პალიტრა

ნაცემი სამხედრო მეთაურს აღარ გადაეფარება...

5 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციის - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" - ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაზიანში დისლოცირებული მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში თხუთმეტ სამხედროს სცემეს, მათ შორის - ჩოჩელსა და ნადირაძეს, ხოლო შეურაცხყოფილმა სერჟანტმა კიკნაძემ ცემის შემდეგ ვენები გადაიჭრა.

ნანა კაკაბაძემ ეს ინფორმაცია თავად სამხედროებისაგან მოკლეტექსტური შეტყობინებით მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ 4 ნოემბრის საღამოს შვიდი საათიდან 5 ნოემბრის დილის ხუთ საათამდე ეს სამხედროები გარეთ, სიცივეში ჰყავდათ და სცემდნენ.

სავარაუდოდ, 42-ე ბატალიონის ასეულ "ალფას" სამხედროებს ასე იარაღის დაკარგვის გამო მოექცნენ.

მოგვიანებით, 5 ნოემბერს, მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. მათ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში შეიარაღების საწყობის მორიგი აღრიცხვის დროს სერჟანტმა აღმოაჩინა ერთი ავტომატური იარაღის დანაკლისი. აღნიშნულ ფაქტზე რამდენიმე კაპრალს შორის შელაპარაკება მოხდა, მაგრამ ინციდენტი მალევე ამოიწურა.

5 ნოემბერს, დღის ბოლოს, მე-4 ქვეით ბრიგადას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ეწვია, რომელმაც განაცხადა, რომ სამხედროებს - ჩოჩელს, კიკნაძეს, ნადირაძესა და დათუნაშვილს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდათ, ხოლო კიკნაძეს ხელი შეხვეული ჰქონდა და ამბობდა, რომ ხელი თავად დაისერა.

ჩვენ ვეცადეთ, თანამიმდევრულად და დეტალურად გადმოგვეცა, თუ რა ხდებოდა 5 ნოემბერს 42-ე ბატალიონში, რათა მკითხველი დარწმუნდეს - რომ არა სამხედროების მიერ ნანა კაკაბაძისათვის  დროულად მიწოდებული ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, ეს ფაქტი საზოგადოებისთვის უცნობი დარჩებოდა, არც თავდაცვის სამინისტრო გააკეთებდა განცხადებას და არც სახალხო დამცველი ეწვეოდა ვაზიანის ბაზას.

ამით იმის თქმა გვსურს, რომ სამხედრო ნაწილებში, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ხდება მსგავსი არასაწესდებო შემთხვევები, რომელთა უდიდესი ნაწილი უცნობი რჩება საზოგადოებისათვის, რადგან თავად შეურაცხყოფილი სამხედროები ვერ ბედავენ ამ ამბის გახმაურებას.

მართალია, თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ იარაღის დაკარგვის გამო შეხლა-შემოხლა თავად კაპრალებს შორის მოხდა, მაგრამ ეს ძნელი დასაჯერებელია, მით უმეტეს, რომ კიკნაძეს ხელი შემთხვევით არ დაუსერავს, სავარაუდოდ, მან მეთაურთა მიერ მიყენებული შეურაცხყოფა ვერ აიტანა, შეურაცხყოფა კი დღევანდელ ქართულ არმიაში, ძირითადად, ერთი სახისაა - პლაცზე ყველას თვალწინ გინება და ზოგჯერ მოფარებულში ცემაც კი. მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ამ კონკრეტული ინციდენტის დროს სამხედროები მე-4 ბრიგადის შტაბის სარდაფში ჩაიყვანეს და პოლიციური რეზინის ხელკეტებით სცემეს...

როგორ ფიქრობთ, ქართველი სამხედრო  (მით უმეტეს, ჯარში კონტრაქტით წასული), რომელსაც ასობით ადამიანის თვალწინ აგინებ და მერე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებ, გამბედავ და უშიშარ მებრძოლად გამოდგება? ან ბრძოლაში გადაეფარება იმ მეთაურს, რომელმაც დედა შეაგინა?

სამხედრო ნაწილიდან ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა მართლაც შემაშფოთებელი ფაქტია და აუცილებელ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს, მაგრამ არა - ცემას. ისე კი, ერთი კითხვა არ გვასვენებს - ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ სენაკისა და გორის სამხედრო ბაზებიდან, ისევე როგორც  გორის საარტილერიო ბრიგადიდან, მტერმა რამდენიმე ათასი ამერიკული M4 გაიტანა, ხოლო კოდორის ხეობიდან გამოსულმა ჩვენმა სამხედროებმა და პოლიციელებმა ავტომატები აქეთ-იქით გადაყარეს?!