"ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ..." - ავღანეთში 2017 წელს ტერაქტისას დაშავებული ქართველი ლეიტენანტი სამშობლოში დაბრუნდა
"ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ..." - ავღანეთში 2017 წელს ტერაქტისას დაშავებული ქართველი ლეიტენანტი სამშობლოში დაბრუნდა
ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე აშშ-დან საქართველოში მკურნალ ექიმთან ერთად გამთენიისას დაბრუნდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელები და თანამებრძოლები დახვდნენ.

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული
აფეთქების შედეგად მიიღო. 2 წლის წინ მომხდარი შემთხვევის დეტალებზე "ამერიკის ხმა" წერდა:

"ტერაქტი ადგილობრივი დროით 17 საათსა და 40 წუთზე მოხდა, მაშინ როცა ქართულმა კონვოიმ პატრულირება დაასრულა და ჯარისკაცები ბაზისკენ უკვე ფეხით მიემართებოდნენ.

ბაგრამის ავიაბაზის სამხრეთ შესასვლელამდე რამდენიმე მეტრით აქეთ, იქ სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ვაჭრობის
უფლება აქვს და მაღაზიებია გახსნილი, თვითმკვლელი ტერორისტი ჩვენს ჯარისკაცებს მოტოციკლით დაახლოებით სამი მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და თავი აიფეთქა.

ყველაზე მძიმედ 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ლეიტენანტი, ხონის რაიონის სოფელ ქუტირის მკვიდრი ივერი ბუაძე დაიჭრა. მან მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა". (წყარო)

ბაგრამის ავიაბაზაზე ქართველ ლეიტენანტს თავის და კიდურების არეში სამი ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით, ივერი ბუაძე ავღანეთიდან სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში, ვაშინგტონში ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა.

ვაშინგტონში მყოფი ქართველი ლეიტენანტი იმჯამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად მოინახულა.

"ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი - ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა" - ამბობდა ვაშინგტონში სამკურნალოდ მყოფი ივერი ბუაძე.

ამჟამად, ქართველი ოფიცერი სამკურნალო შვებულებაში იმყოფება, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იგი უახლოეს მომავალში სამსახურს სენაკში, II ქვეით ბრიგადაში შტაბის შ-2 ასისტენტის თანამდებობაზე გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები