"ოჩამჩირემ" უკრაინის ოდესა "დაიცვა"...
"ოჩამჩირემ" უკრაინის ოდესა "დაიცვა"...
ამერიკული წარმოშობის ქართულმა სასაზღვრო კატარღამ შავი ზღვა პირველად გადაცურა

რუსეთთან არაოფიციალურ ომში მყოფი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ქართული ხუთჯვრიანი დროშაც გამოჩნდა, რომელიც საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდის, "ოჩამჩირის" ფლაგშტოკზე ფრიალებდა.
უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება შეა Bრეეზე 2019" ჩატარდა. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" (P23) მონაწილეობდა. სწავლება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავდა და მისი მიზანი იყო საზღვაო უსაფრთხოების განსამტკიცებლად პარტნიორი
ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება.

წელს სწავლებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი 19 ქვეყნის 3 ათასზე მეტი მოსამსახურე, 32 მცურავი საშუალება და 24 საფრენი აპარატი მონაწილეობდა. სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის 21 წარმომადგენელი იყო ჩართული.
უკრაინის სანაპიროსთან "ოჩამჩირის" გამოჩენას სხვა დამაინტრიგებელი მნიშვნელობაც ჰქონდა იმის
გათვალისწინებით, რომ ანალოგიური, "აილენდის" ტიპის კატარღები აშშ-დან უკრაინამაც მიიღო, თუმცა ისინი ოდესის პორტში ჯერ არ ჩაუტანიათ და უკრაინელ მესაზღვრეებს "ოჩამჩირის" დათვალიერებით წარმოდგენა შეექმნათ, თუ რას უნდა ელოდნენ აშშ-დან. ჩვენი "აილენდები", რომლებიც "დიოსკურიად" და "ოჩამჩირედ" მოინათლა, ფოთის პორტში შარშან ნოემბერში გადმოგვცეს.

155 ტონა წყალწყვისა და 33 მეტრი სიგრძის "აილენდის" ტიპის სადარაჯო კატარღები (ჩვენთან მათ ხომალდებად მოიხსენიებენ) აშშ-ის სანაპირო დაცვის შეიარაღებაში 1985 წლიდან გამოჩნდა და ზღვაში 49 ამ კლასის, ოღონდ სხვადასხვა მოდიფიკაციის "აილენდი" ჩაეშვა. დღეისათვის ეს კატარღები გამოყვანილია ამერიკის სანაპირო დაცვის შეიარაღებიდან. ჩვენთვის გადმოცემული "აილენდები" 1991 წელს არის დამზადებული.

რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ მოსკოვმა ყირიმის ხიდი ააშენა, რითაც, ფაქტობრივად, შავიდან აზოვის ზღვაში გასასვლელს "კარი შეაბა" და თვითონ საზღვრავს, ვინ შეუშვას აზოვის ზღვაში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ამ ზღვაში რამდენიმე ასეულკილომეტრიანი სანაპირო ზოლი და საზღვაო პორტები აქვს.

სწორედ ყირიმის ხიდთან რუსეთის მიერ უკრაინელი მეზღვაურებისა და მათი სამი კატარღის მეკობრული წესით შეპყრობის შემდეგ უკრაინა ცდილობს, ოდნავ მაინც გააძლიეროს თავისი სამხედრო-საზღვაო ძალები და სანაპირო დაცვის დანაყოფები, რათა ტერიტორიული წყლების კონტროლი შეინარჩუნოს.

"სი ბრიზის" ტრადიციული მრავალეროვნული სამხედრო-საზღვაო სწავლებები, რომლის დროსაც უკრაინის სანაპიროებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების დროშით ათობით სამხედრო ხომალდი დრეიფობს, ოფიციალური კიევისთვის დიდი მორალური მხარდაჭერაა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები "სი ბრიზის" სწავლებებში 2009 წლიდან ჩაერთო, მაშინვე, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საზღვაო ძალები, როგორც ჯარების სახეობა გაუქმდა და ყველა მცურავი საშუალება და სანაპირო ინფრასტრუქტურა შსს-ს­ გადაეცა.

ისე კი, ქართველი მეზღვაურები "სი ბრიზში" ორ ათეულ წელზე მეტია, მონაწილეობენ. თავის დროზე საზღვაო ძალების სარაკეტო კატარღა "თბილისის" ეკიპაჟთან ერთად მეც ვმონაწილეობდი ამ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში, რომლის დროსაც ფოთიდან ოდესამდე ცურვისას ტუაფსეს ტრავერსზე 4-5-ბალიან შტორმში მოვყევით. საბედნიეროდ, საშინელ ღელვას გადავურჩით, მაგრამ მწყობრიდან გამოსული სადესანტო ხომალდის ეკიპაჟი იძულებული გახდა, ფოთში დაბრუნებულიყო, ოდესამდე სვლა კი ჩვენ "თბილისით" გავაგრძელეთ.

რამდენიმე დღის წინანდელ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დაძაბულობის პიკზე არსებობდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საფრთხე, რომ უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებული "ოჩამჩირესთვის" რუსეთის შავი ზღვის ფლოტს პროვოკაცია მოეწყო, დაახლოებით იმის მსგავსი, რაც უკრაინელ მეზღვაურებს გაუკეთეს ყირიმის ხიდთან, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა ნაწილობრივ ჩაცხრა.
ირაკლი ალადაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?