ერდოღანმა ტრამპს პუტინი არჩია... - კვირის პალიტრა

ერდოღანმა ტრამპს პუტინი არჩია...

"თურქეთის შეიარაღებაში რუსული საზენიტო C-400-ების გამოჩენით ერდოღანი სირიის საჰაერო სივრცის ჩრდილოეთ ნაწილის გაკონტროლებას შეეცდება, რითაც უფრო დაიძაბავს ურთიერთობას ტრამპთან..."

წერტილი დასმულია - რუსული C-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე თურქეთშია. ოფიციალურმა ანკარამ არაფრად ჩააგდო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორი ქვეყნების და უპირველესად - აშშ-ის თხოვნა-მოთხოვნა, რომ თურქეთს არ შეეძინა ნატოს ყველაზე სავარაუდო მოწინააღმდეგის - რუსეთის წარმოებული საბრძოლო ტექნიკა.

ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროების შეშფოთება გასაგებია, რადგან თურქებმა რუსებისგან ავტომატები ან თუნდაც ტანკები კი არ შეისყიდეს, არამედ მძლავრი საზენიტო საშუალებები, რომლებსაც საჰაერო სივრცის გაკონტროლებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მით უმეტეს, რომ თანამედროვე ომები სწორედ მოულოდნელი საჰაერო შეტევებით იწყება. ნატოელ გენერლებს ყველაზე მეტად ის აფიქრებთ, რომ თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში რუსული C-400-ების ინტეგრაციის პროცესში რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილი არ გახდეს ალიანსის გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის სისტემის (რომლის სამხრეთ მიმართულებაზე სწორედ თურქეთია პასუხისმგებელი) ტექნიკურ-ტაქტიკური საიდუმლოებები. თუ რუსი მზვერავები ამას შეძლებენ, ჩათვალეთ, რომ რუსეთის საბრძოლო ავიაციისთვის ევროპის ცა უფრო "გაიხსნება".

ვინ მოიგო და წააგო ამ "საუკუნის" გარიგებით? ერთი შეხედვით, მოგებული დარჩა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, რომელმაც თავისი ქვეყნის ცის დაცვა თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო საშუალებებით გააძლიერა, თუმცა, ძალიან გაირთულა ურთიერთობა ნატოელ პარტნიორებთან და უპირველესად - თეთრ სახლთან.

დამარცხებულის პოზიციაშია აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი - მსოფლიომ დაინახა, რომ მისმა თურქმა კოლეგამ ოკეანისგაღმელი მთავარი პარტნიორის თხოვნა-მოთხოვნა აინუნშიც არ ჩააგდო.

ყველაზე მოგებული კი, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტი პუტინია, რომელმაც არა მარტო გაყიდა 2,5 მლრდ დოლარის შეიარაღება, ამით დიდი უთანხმოებაც ჩამოაგდო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის, ანუ ციხე შიგნიდან გატეხა. ეს კრემლის საერთაშორისო დონის პოლიტიკური ინტრიგების ხლართვის უმაღლეს პილოტაჟზე მიუთითებს. ამისთვის პუტინი არ მოერიდა, ერდოღანისთვის ამ გარიგების საფასურის ნახევარი კრედიტის სახით მიეცა...

ვაშინგტონის საპასუხო ნაბიჯი, ალბათ, მეხუთე თაობის F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვის პროცესის შეჩერება იქნება. თურქეთისთვის დამზადებული ოთხი ასეთი თვითმფრინავი უკვე დაფრინავს ამერიკულ აეროდრომებზე და მათ თურქი პილოტები მართავენ, მაგრამ ისინი, ისევე, როგორც სხვა თვითმფრინავები (ანკარას ასი ასეთი გამანადგურებლის შესყიდვა სურდა) ეტყობა, უახლოეს პერიოდში თურქეთის ცაში ვერ გაინავარდებენ...

ამერიკული სამხედრო და შეიძლება სავაჭრო ემბარგოც თურქეთის პრეზიდენტს კიდევ უფრო უბიძგებს ჩრდილოელი მეზობლის "კლანჭებში" მოსაქცევად და საზენიტო საშუალებების შემდეგ შეიძლება თურქეთმა რუსული ტანკებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ყიდვაც დაიწყოს, რაც მას უფრო დააშორებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებებს.

რუსული C-400-ების შეძენით პრეზიდენტი ერდოღანი მარტო თავისი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას როდი აპირებს (სიმართლე უნდა ითქვას - ნატოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წევრს, თურქეთს, რომელსაც ალიანსში აშშ-ის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი სახმელეთო ჯარი და სამხედრო-საზღვაო ძალები ჰყავს, ძალზე მოძველებული საჰაერო თავდაცვის საშუალებები ჰქონდა), მან რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე განათავსა თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ, რითაც შეუძლია სირიის საჰაერო სივრცის სიღრმეში (300-400 კმ) არასაფრენი ზონა შექმნას, ანუ სირიის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს თავისი სურვილები უკარნახოს.

ანკარა დაუფარავად აცხადებს, რომ არ შეეგუება ვაშინგტონის დახმარებით გაძლიერებულ ქურთულ დაჯგუფებებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში. ქურთების ამ დაჯგუფებებს პენტაგონი საჰაერო გზით აწვდის შეიარაღებასა და საბრძოლო საჭურველს და რუსეთში ნაყიდი C-400-ებით ანკარას შეუძლია ქურთების "სასიცოცხლო საჰაერო გზა" საერთოდ ჩაკეტოს, შემდეგ კი დაიწყოს საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია ქურთული დაჯგუფებების გასანადგურებლად.

მოვლენების ამ სცენარით განვითარება უფრო დაძაბავს ამერიკულ-თურქულ ურთიერთობებს, რაც აუცილებლად აისახება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ძალთა გადანაწილებაზე და გამოიწვევს ნატოს გავლენის შემცირებას შავი ზღვის რეგიონში, ანუ უპირველესად ითამაშებს კრემლის სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ...

ეს ყველაფერი ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს ნატო-ში გაწევრების პროცესზე, რაც სწორედ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაძლიერების პარალელურად შეიძლებოდა მომხდარიყო.