კრემლის საჰაერო ტერორიზმი "ბუკებით"
კრემლის საჰაერო ტერორიზმი "ბუკებით"
"საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე მალულად შეყვანილი რუსული საზენიტო "ბუკებით" სამგზავრო თვითმფრინავებია ჩამოყრილი"

17 ივლისს ხუთი წელი გავიდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის საჰაერო სივრცეში მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებიდან, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

უკვე გარკვეულია, ვინ, როდის და რით ჩამოაგდო სამგზავრო "ბოინგი". გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც ასი გამომძიებელი და ორასამდე ექსპერტი შედის, ხუთი წლის განმავლობაში ჩამოგდებული "ბოინგის" 1 448 ფრაგმენტი შეაგროვა, ნახევარ მილიონამდე ფოტო და ვიდეომასალა, მათ შორის - ინტერნეტში მოპოვებული
გააანალიზა, 60-ჯერ მიიღო სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურების კონფიდენციალური ინფორმაციები, დაჰკითხა 200-მდე მოწმე, გაშიფრა 150 ათასამდე სატელეფონო საუბარი...

გამოძიებამ მართლაც დიდი შრომა გასწია იმის დასადგენად, რაც ჩვენ "კვირის პალიტრაში" ჯერ კიდევ 2014 წლის 21 ივლისს, ანუ ტრაგედიიდან ოთხ დღეში დავწერეთ - მალაიზიური "ბოინგი" უკრაინის ცაში რუსეთიდან
მალულად შეტანილი "ბუკის" საზენიტო რაკეტამ შეცდომით იმსხვერპლა, რადგან რუს მეზენიტეებს ეგონათ, რომ უკრაინულ სატრანსპორტო თვითმფრინავს უმიზნებდნენ!

იმის თქმა არ გვინდა, რომ საგამოძიებო ჯგუფის ას გამომძიებელსა და ორას ექსპერტზე ჭკვიანები ვართ, რაკი იმავე დასკვნის გამოსატანად ხუთი წლის ნაცვლად ხუთი დღეც არ დაგვჭირდა. უბრალოდ, ჟურნალისტურ ვერსიას სამართლებრივი საფუძველი არ ამყარებს, გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა კი ამ კოლოსალური სამუშაოს შედეგად, წესით, კრემლის მესვეურებს თავის დაძვრენის შანსი აღარ დაუტოვა. უფრო მეტიც, უკრაინის სპეცსამსახურებმა ოკუპირებული დონეცკიდან მოიტაცეს სეპარატისტთა ოფიცერი, რომელიც ხუთი წლის წინ რუსული "ბუკიდან" მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდების თვითმხილველი იყო და მონაწილეობდა "ბუკის" ამ საზენიტო-სარაკეტო დანადგარის გადამალვასა და რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებაში.

გარდა ამისა, უკრაინის პროკურატურამ დააკავა ის სეპარატისტიც, რომელსაც უნაგირა გამწევით ეს "ბუკი" გადაჰქონდა.

მაგრამ მიუხედავად ამდენი უტყუარი ფაქტისა, ძალიან ძნელი იქნება, რუსეთის ხელისუფლება აიძულონ, აღიაროს მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" თუნდაც შეცდომით ჩამოგდება, რადგან ამით კრემლს იმის აღიარებაც მოუწევს, რომ მეხუთე წელია, უკრაინას ფარულად ებრძვის იქაური სეპარატისტებისა და დონბასში მივლინებული რუსეთის არმიის გადაცმული სამხედროების ხელით.

ამ სტატიაში გვინდა აღვნიშნოთ ის პარალელიც, რომელიც უკავშირდება რუსული "ბუკების" სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეყვანისა და სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოყრის ფაქტებს.

მალაიზიური "ბოინგის" ტრაგედიამდე 21 წლით ადრე, 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, სოხუმის აეროპორტში დაშვებისას სეპარატისტმა აფხაზებმა და რუსმა სამხედროებმა ორი ქართული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს (ერთიც უშუალოდ აეროპორტში ააფეთქეს საარტილერიო დაბომბვის შედეგად), რასაც 136 ადამიანი ემსხვერპლა.

იმავე დღეებში სოხუმთან ჩამოგვიგდეს ქართული მოიერიშე თვითმფრინავი, რომელსაც საზენიტო რაკეტა წინ აუფეთქდა და ეს შეჯავშნული თვითმფრინავი ჰაერშივე დაშალა, რაც რაკეტის საბრძოლო ქობინის დიდ სიმძლავრეზე ("სტრელასა" თუ "იგლასთან" შედარებით) მიუთითებდა.
მაშინ ალყაშემორტყმულ სოხუმში ვიყავი და ამ საჰაერო ტრაგედიების შედეგების თვითმხილველიც გავხდი. ჰაერში დაშლილი ქართული მოიერიშის პილოტის კაბინის გახვრეტილი შეჯავშნული 55 მმ სისქის შუბლა მინის დათვალიერებისას გამიჩნდა ეჭვი, რომ რუსმა სამხედროებმა ჩვენს წინააღმდეგ "ბუკის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გამოშვებული საზენიტო რაკეტა გამოიყენეს, თუმცა მაშინ ამის შესამოწმებლად არც დრო გვქონდა და არც საშუალება - სოხუმს ვტოვებდით...

გადის რვა წელი და რუსულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურმე 2001 წლის 26 ოქტომბერს აფხაზებმა რუს სამხედროებს წაართვეს და ახალ ათონთან ერთ-ერთ სარკინიგზო გვირაბში გადამალეს სარკინიგზო პლატფორმები, რომლებზეც ორი საზენიტო "ბუკი" იდგა (რუსი სამხედროები გუდაუთიდან ადლერში მათ დაბრუნებას აპირებდნენ), რითაც რუსეთის ახალი პრეზიდენტის, პუტინის დიდი გულისწყრომა გამოუწვევიათ. კრემლმა, რა თქმა უნდა, დაიბრუნა თავისი "ბუკები", მაგრამ საქვეყნოდ გაცხადდა, რომ რუსეთს სეპარატისტულ აფხაზეთში თურმე მალულად ჰქონია ასეთი მძლავრი საზენიტო საშუალება, რომლითაც ყრიდა ქართულ თვითმფრინავებს, მათ შორის - სამგზავროებსაც...
დღეს, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუს სამხედროებს უფრო მძლავრი C-300-ების დივიზიონები ჰყავთ გამწესებული საბრძოლო მორიგეობაზე, თითქოს "ბუკის" ერთი კინკილა დანადგარი რაღა სახსენებელია, მაგრამ აქ მთავარი სწორედ პარალელია - 1993 წელს რუსეთმა აფხაზეთში მალულად შემოიტანა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ბუკი", რომლითაც ყრიდა ქართულ თვითმფრინავებს, მათ შორის - სამგზავროებსაც, რაც მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ არ შეაფასა, 2014 წლის ზაფხულში კი კრემლმა გაიმეორა ეს ფანდი და დონბასში მალულად შეყვანილი "ბუკით" მალაიზიური "ბოინგი" ჩამოაგდო.

P.S. გულის მოსაოხებლად იმის თქმა მაინც შეგვიძლია ამაყად, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უკრაინელებისგან ნაყიდი "ბუკით" ქართველმა მეზენიტეებმა ერთი რუსული შორეული მოქმედების ზებგერითი ბომბდამშენი Ту-22М3 ჩამოაგდეს, რაც "ავიამზიდების მკვლელის" სახელით ცნობილი ბირთვულქობინიანი რაკეტების მატარებელი ამ რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა... ანუ რუსული "ბუკის" მიერ აფხაზეთში ჩადენილს უფრო ღირსეული პასუხი იმავე ტიპის "ბუკით" აგვისტოს ომის დროს გავეცით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები