რას გვაძლევს ქართულ პოლიგონებზე უცხოელი სამხედროების მოწვევა... - კვირის პალიტრა

რას გვაძლევს ქართულ პოლიგონებზე უცხოელი სამხედროების მოწვევა...

"საქართველოში სამ ადგილას მორიგი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "მტკიცე სული-2019" დაიწყო"

უცხოელი ტურისტების გარდა საქართველოს ხშირი სტუმრები უცხოელი სამხედროებიც არიან. რა თქმა უნდა, დაუპატიჟებელ, ოკუპანტ რუს სამხედროებს არ ვგულისხმობთ, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების არმიების ქვედანაყოფებს, რომლებიც ტრადიციულად, ყოველწლიურად ქართულ პოლიგონებზე ქართველ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა წვრთნას ატარებენ. ახლაც ასეა. 27 ივლისიდან დაიწყო და 9 აგვისტომდე გასტანს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "მტკიცე სული-2019", რომელშიც მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

ნატოსკენ ქვეყნის სწრაფვისადმი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება დადებითია, თუმცა, ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც უარყოფითად აფასებს საქართველოს რომელიმე საერთაშორისო სამხედრო გაერთიანებაში შესვლას და ისინი სვამენ ლოგიკურ კითხვას: "რას გვაძლევს უცხოელი სამხედროების მოწვევა ქართულ პოლიგონებზე და მათთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარება?"

ვეცდებით, დასაბუთებულად ვუპასუხოთ ამ, არცთუ იშვიათად დასმულ კითხვას.

ნებისმიერი კარჩაკეტილი ადამიანი საბოლოოდ მარცხდება, რადგან მეგობრების გარეშე რჩება. ქვეყანაც ადამიანივითაა და მასაც სჭირდება საერთაშორისო ურთიერთობები, თუნდაც მეგობარი სახელმწიფოების შეძენის მიზნით, რადგან დღევანდელ მსოფლიოში მარტოდ დარჩენილი ჩვენნაირი პრობლემების მქონე პატარა ქვეყანა ფონს ვერ გავა.

საერთაშორისო ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა თუ სპორტის გარდა, თავდაცვით და უსაფრთხოების სფეროებშიც ყალიბდება, რისთვისაც ქართულ არმიას უწევს ხშირი კონტაქტი თავის უცხოელ კოლეგებთან, იქნება ეს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა (კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, აფრიკა), თუ ჩვენივე ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარება.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები იზიარებენ სხვების, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების არმიების მდიდარ საბრძოლო გამოცდილებას, ეცნობიან თანამედროვე შეიარაღებისა და საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშებს და მათი ეფექტიანი საბრძოლო გამოყენების ხერხებს, შტაბის ოფიცრები ერთად გეგმავენ ოპერაციიების დეტალებს და ა.შ. როგორც ხედავთ, საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არის კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც შეიძლება მაინცდამაინც აშკარად არ ცხადდება, თუმცა...

ლაპარაკია ქართული არმიის დანაყოფების მომზადებაზე ისეთი თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისთვის, რომლებიც მიახლოებული იქნება ქართულ რეალობასთან, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ქართველ ჯარისკაცსა და ოფიცერს უნდა შეეძლოთ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ მთავარი სავარაუდო მოწინააღმდეგის შემოტევებს იმდენ ხანს მაინც, სანამ დასავლეთი თავის ბიუროკრატიულ პოლიტიკურ ბერკეტებს აამოქმედებს აგრესორის პოლიტიკური გზებით შესაჩერებლად...

აგვისტოს ომამდე მეტი დრო ეთმობოდა ქართველი სამხედროების ერაყის მისიისთვის მომზადებას, არადა, ერაყში ჩვენი ბიჭები, ძირითადად, პატრულირებდნენ და საგუშაგოებზე იდგნენ, რაც, ბუნებრივია, არ გამოგვადგა რუსული ტანკების შესაჩერებლად და მათი ბომბდამშენების ჩამოსაყრელად.

"მტკიცე სული-2019"-ის ფარგლებში პირველად სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებები ერთდროულად იმართება სამ ადგილას - სენაკის ბრიგადაში, ვაზიანისა და ორფოლოს პოლიგონებზე, ანუ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ მიმართულებების სარდლობების ვარჯიშში, განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის, თუ მოწინააღმდეგე ორი ან მეტი მხრიდან შემოგვიტევს და მათ ავტონომიურად მოუწევთ მოქმედება.

გავიხსენოთ, აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო ის (ბევრ სხვა შეცდომასთან ერთად, რაც მაშინდელმა პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ დაუშვა), რომ დასავლეთ საქართველოდან ჯერ ქუთაისის მესამე, შემდგომ კი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობებისა და საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი ცხინვალისკენ გადმოისროლეს და, ფაქტობრივად, "გააშიშვლეს" დასავლეთი საქართველო, რითაც კარგად ისარგებლა მოწინააღმდეგემ და სენაკის ბაზა უბრძოლველად დაიპყრო. იგივე ელოდა ქუთაისის ბრიგადის ტერიტორიასაც, ომი რომ არ შეწყვეტილიყო.

საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებზე იხვეწება ლოგისტიკური მომარაგების თემაც, კერძოდ კი, პარტნიორი ქვეყნების მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და საჭურვლის ოპერატიული გადმოსროლის ხერხები - ჯერ შავი ზღვის გავლით, ბორნებით, ქართულ პორტებში მათი სწრაფი დაცლა და მერე ჩვენს ტერიტორიაზე სარკინიგზო და სამანქანო გზებით დანიშნულების ადგილამდე ჩატანა.

ამ ლოგისტიკურ სწავლებების სასიცოცხლო მნიშვნელობა მაშინ გამოჩნდება, თუ პარტნიორი ქვეყნები, პოლიტიკურის გარდა, საქართველოს სამხედრო დახმარებასაც გადაწყვეტენ... რა პრობლემებს უქმნის საქართველოს მის პოლიგონებზე ჩატარებული ყოველწლიური მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები?

მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორია, რომლის ხელისუფლებას აღიზიანებს საქართველოს ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან და მით უმეტეს - სამხედრო სფეროში. ამის მიზეზი მარტივია - კრემლში უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, არ უნდათ შეეგუონ საქართველოს სუვერენიტეტს და ის ისევ "დიდი რუსული იმპერიის" ნაწილად მიაჩნიათ.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც კომპრომისი არ არსებობს - ან საქართველო აძლიერებს თავის დამოუკიდებლობას და მსოფლიო არენაზე თავაწეული გადის, ან ქვეყანა კარგავს სუვერენიტეტს და უბრუნდება "დიდი ძმის ბრჭყალებს".

საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი გარანტი მისი არმიაა, რომელსაც მუდმივი წვრთნები და შეიარაღება სჭირდება, რათა აგვისტოს ომზე უფრო მომზადებული შეხვდეს სავარაუდო მოწინააღმდეგის შემოტევებს.

ქართული არმიის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას მეტწილად ხელს უწყობს სწორედ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა როგორც საზღვარგარეთ, ისე - საკუთარ პოლიგონებზე...