ატომური "პიონებით" აგვისტოს ომში...
05-08-2019
ატომური "პიონებით" აგვისტოს ომში...
ქართულმა არმიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მსოფლიოში პირველმა გამოიყენა ატომური ჭურვების მსროლელი თვითმავალი მსხვილკალიბრიანი საარტილერიო "პიონები"

9 აგვისტოს, ომის მეორე დღეს, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები ცხინვალთან მორიგ დაბომბვაში მოყვნენ. აფეთქებები დიდი სიმძლავრისა გახლდათ და თავიდან რუსი ოფიცრები თვლიდნენ, რომ დაბომბვა ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს, მაგრამ არც ეს თვითმფრინავები ჩანდა სადმე და არც მათი ხმა გაუგონიათ...
ცოტა ხანში რუსეთის სამხედრო დაზვერვამ დაასკვნა, რომ ქართული ავიაცია არაფერ
შუაში იყო და რუსულ დანაყოფებს ქართველები მსხვილი კალიბრის საარტილერიო ჭურვებს უშენდნენ, ასეთი, ას კილოგრამზე მძიმე ჭურვების სროლა კი მხოლოდ 203 მმ კალიბრის თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, "პიონებს" შეეძლო, რომლებიც სპეციალურად ბირთვული ომისთვის შეიქმნა...

"ცივი ომის" დროს პენტაგონი განსაკუთრებულად უფრთხოდა საბჭოთა ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას, მათ შორის -
თვითმავალ "პიონებს", რომლებსაც სამი ათეული კილომეტრის სიშორიდან პატარა ჰიროსიმის მოწყობა შეეძლოთ...
მაგრამ, საბედნიეროდ, საბჭოთა "პიონებს" არ მოუწიათ არც ატომური და არც ჩვეულებრივი ჭურვების სროლამ - "პიონები" საბჭოთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის განსაკუთრებული რეზერვი იყო და ისე უფრთხილდებოდნენ, რომ ავღანეთის ომშიც კი არ გამოუყენებიათ.

როგორ მოხვდა ატომური "პიონები" ქართველი არტილერისტების ხელში?
პირველი "პიონი" ქართული არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1997 წლისთვის გამოჩნდა, როდესაც რუსეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა პაველ გრაჩოვმა თავის ქართველ კოლეგას და ამასთან, ნათლიას, ვარდიკო ნადიბაიძეს ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შეიარაღებიდან სატანკო ბატალიონი და საარტილერიო დანადგარები გადასცა. მათ შორის იყო ერთი "პიონიც", რომელიც მანამდე ვაზიანის პოლიგონზე თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსანტების მოსამზადებლად გამოიყენებოდა.

მას შემდეგ "კვირის პალიტრაში" არაერთხელ ვწერდით, რომ "ნაჩუქარ" "პიონს" ჭურვების საკმარისი საბრძოლო კომპლექტი არ ჰქონდა და აუცილებელი იყო საჭირო კალიბრის ჭურვების შეძენა, ისევე, როგორც "პიონის" კაპიტალური რემონტი, რადგან იმ დროისთვის ის ქართული არტილერიის ყველაზე შორს მსროლელი საშუალება გახლდათ და 110 კგ-იანი მსხვრევადფუგასური ჭურვის მაქსიმალურ 37 კმ-ზე სროლა შეეძლო, ხოლო აქტიურ-რეაქტიული ჭურვისა (ასეთი ჭურვის ბოლოში დამატებით რაკეტული ძრავა მაგრდება) O- 47 კმ-მდე.

შევარდნაძის პერიოდში ხელი არავის გაუნძრევია ამ ერთადერთი "პიონის" საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად, სამაგიეროდ, 2007 წლიდან არა მარტო "პიონი" გაარემონტეს თბილისის ტანკსარემონტო ქარხანაში, არამედ კიდევ ხუთი "პიონი" შეიძინეს უკრაინაში, რის შემდეგაც ქართული არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა ატომური "პიონების" დივიზიონი, რითაც ნატოს წევრი ბევრი ქვეყნის არმიაც კი ვერ დაიკვეხნიდა.
Aაგვისტოს ომამდე ქართველმა არტილერისტებმა "პიონებით" საცეცხლე ტაქტიკური სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ჩაატარეს და ომის დაწყებას მეტ-ნაკლებად მომზადებული შეხვდნენ.
'პიონებიდან' მოწინააღმდეგეს 600-ზე მეტი 110 კგ-იანი ჭურვი ვესროლეთ
ქართული "პიონები" რუსეთთან ომში 9 აგვისტოს ჩაერთვნენ, მას შემდეგ, რაც ხუთი ასეთი დანადგარი გორის სატელევიზიო ანძის მიდამოებში წინასწარ შერჩეულ საცეცხლე პოზიციაზე განათავსეს. მეექვსე, ანუ პირველი "პიონი", რომელიც ვარდიკო ნადიბაიძეს ნათლულმა გრაჩოვმა "უფეშქაშა", გორის საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე დარჩა და ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია.
სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, 9-11 აგვისტოს ხუთი ქართული "პიონის" გათვლებმა გორის სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიიდან ცხინვალისკენ იერიშით წამოსული რუსეთის არმიის ჯავშანკოლონებისა და პოზიციების მიმართულებით 600-ზე მეტი ჭურვი გაუშვა ანუ თითოეულმა "პიონმა" ასზე მეტჯერ გაისროლა!

ასეთი ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის შედეგად, თანაც, როცა ყველაზე მსხვილკალიბრიან ჭურვებს ისვრი, მოწინააღმდეგემ როგორც ცოცხალი ძალის, ასევე მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის ძალზე დიდი დანაკარგი უნდა განიცადოს, თუმცა, როგორც ომის შემდეგ გამოჩნდა, ქართული "პიონების" საარტილერიო ცეცხლს დიდი დანაკარგი არ გამოუწვევია. ამის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო სამიზნეების ზუსტი კოორდინატების არცოდნა ან არასწორი დამიზნება.

რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მალევე აღმოაჩინა ქართული "პიონების" საცეცხლე პოზიცია გორის სატელევიზიო ანძის სიახლოვეს, მაგრამ ვერც კონტრსაბატარეო ცეცხლით და ვერც მოიერიშე თვითმფრინავების შეტევებით ვერ შეძლო მათი განადგურება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს "პიონებს" საცეცხლე პოზიციები არ შეუცვლიათ.
11 აგვისტოს, როდესაც ქართული არმიის უკან დახევა დაიწყო, ხუთივე "პიონი" გამოიყვანეს საცეცლე პოზიციიდან და ქარელის რაიონის სოფელ ბებნისთან გადამალეს.

ქვემეხიანად 13 მ სიგრძის "პიონის", თანაც ხუთი ერთეულის დამალვა, სახუმარო საქმე არ არის, ამიტომ როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის სადაზვერვო-დივერსიულმა რაზმმა ისინი რამდენიმე დღეში აღმოაჩინა და ადგილზევე დაწვა, ხოლო გორის საარტილერიო ბრიგადაში დარჩენილ ნადიბაიძისთვის "ნაჩუქარ" "პიონს" რუსმა მენაღმეებმა ლულაში ტროტილი ჩაუდეს და ააფეთქეს...

ასე დარჩა ქართული არმია ატომური "პიონების" გარეშე, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ძირითადად, ერთი-ორი ატომური ჭურვის გასასროლად განკუთვნილი "პიონის" ლულიდან ასზე მეტი ჩვეულებრივი ჭურვის გასროლის შემდეგ ლულისა და სასროლი მექანიზმების რესურსი თითქმის ამოწურული გახლდათ და მათ მაინც სჭირდებოდა კაპიტალური რემონტი.
სხათა შორის, სწორედ აგვისტოს ომში ქართველი სამხედროების მიერ საბრძოლო მოქმედებების ისტორიაში "პიონების" პირველად გამოყენების შემდეგ რუსეთის არმიამ კონსერვაციიდან მოხსნა ათობით გაუმჯობესებული "პიონის" მოდიფიკაცია "მალკა" და ისინი საარტილერიო ბრიგადების შეიარაღებაში დააბრუნა, მათ შორის - ჩრდილო კავკასიაშიც.
მოგვიანებით ქართველ არტილერისტებს უკრაინელმა კოლეგებმაც მიჰბაძეს და დონბასში, გამოუცხადებელ ომში, "პიონებით" პრორუსი სეპარატისტების პოზიციები დაბომბეს...

ქართული "პიონები" როკის გვირაბის ჩასაკეტად
ქართულ 'პიონებს' როკის გვირაბიდან შემოჭრილი მოწინააღმდეგის შეჩერება შეეძლოთ, თუკი მათ გორის ნაცვლად გუდაურთან განათავსებდნენ
როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოს ომის დასაწყისშივე გამოჩნდა როკის გვირაბის სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის ოპერაციაში. ამ ომამდე ქართული მხარე განიხილავდა როკის გვირაბის ჩაკეტვის რამდენიმე ვარიანტს - როგორც გვირაბის შიგნით აფეთქებას, ასევე საჰაერო შეტევებით გვირაბიდან გამოსასვლელი პორტალის ჩახერგვას, თუმცა ორივე ვარიანტი გვირაბთან მიახლოებას მოითხოვდა. მესამე ვარიანტი შორსმსროლელი საარტილერიო "პიონების" გამოყენება იყო, როდესაც შედარებით უსაფრთხო მანძილიდან, 35-37 კმ-დან, "პიონის" 110 კგ-იანი ჭურვებით შეიძლებოდა როკის გვირაბის პორტალთან რუსული ჯავშანტექნიკის შემოჭრის შეფერხება. გუდაურიდან როკის გვირაბის პორტალამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 33 კმ-ია.

ჩვენი დოსიე:

203 მმ კალიბრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში 1975 წელს მიიღო. სულ 500-ზე მეტი ასეთი დანადგარი დამზადდა. "პიონი" 45 ტ-ს იწონის და მის გათვლაში შვიდი არტილერისტია. 102 კილოტონა სიმძლავრის ბირთულქობინიანი ჭურვის სროლა მაქსიმალურ 30 კმ-ზე შეუძლია, ხოლო ჩვეულებრივი მსხვრევად-ფუგასური ჭურვისა - 37 კმ-ზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?