რუსული ტანკების თბილისისკენ გამოჭრის შიშით გზები აღარ დავაგოთ?! - კვირის პალიტრა

რუსული ტანკების თბილისისკენ გამოჭრის შიშით გზები აღარ დავაგოთ?!

ქვეშეთი-კობის გზის პროექტმა მორიგი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუკი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ჩრდილოეთ საზღვრისკენ მიმავალი რთული სამანქანო გზის ყველაზე საშიში მონაკვეთების გვერდის ამვლელ თანამედროვე ავტომაგისტრალს გაიყვანენ და თანაც უცხოელი ინვესტორების ძირითადი დაფინანსებით, ოპოზიცია ამ პროექტს მეორე "როკის გვირაბად" ნათლავს და მოსახლეობას ლარსიდან რუსული ტანკების შემოსაჭრელად ავტობანით აშინებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსული ჯარი ლარსთანაც იყო მომდგარი და თუკი თბილისიდან რუსეთის საზღვრამდე ავტომაგისტრალი გაუმჯობესდება, ეს რუსულ ტანკებს საშუალებას მისცემს დედაქალაქამდე უფრო სწრაფად "ჩამოხრიგინდნენ". სააკაშვილს ავიწყდება, რომ აგვისტოს ომის შემდგომ მისი ინიციატივით გახსნილი თბილისი-გორის ჩქაროსნული ავტობანი ასევე საუკეთესო საშუალებაა ოკუპირებული ახალგორიდან რუსული ჯავშანტექნიკის თბილისისკენ მარშ-ნახტომისთვის.

რუსული სამხედრო აგრესიის შიშით უარი უნდა ვთქვათ კომუნიკაციების, მათ შორის გზების, აეროპორტების თუ საზღვაო პორტების მშენებლობაზე?!

ახალდაწყებულ აფხაზეთის ომში აფხაზურ-ჩრდილოკავკასიურ-რუსული პირველი დარტყმა სწორედ გაგრას რატომ მიადგა? იმიტომ, რომ ქართული საზღვაო დესანტისა და ადგილობრივი ქართველების მიერ გადაკეტილი გაგრა-განთიადის საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი გუდაუთაში გამაგრებულ სეპარატისტებს სახმელეთო გზით შეიარაღების საშუალებას უსპობდა.

რატომ დაიწყეს აგვისტოს ომამდე რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა აფხაზეთში სარკინიგზო ხაზის გარემონტება ან აგვისტოს ომის შემდგომ მოსკოვმა რატომ გააჩაღა ძვირად ღირებული სამუშაოები როკის გვირაბის გასაფართოებლად და კაპიტალურად შესაკეთებლად?

რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობელი რუსეთი ყოველთვის შეეცდება საგზაო კომუნიკაციების სათავისოდ გამოყენებას სამხედრო აგრესიის დროს, მაგრამ ამის შიშით მხოლოდ შარაგზების იმედად ხომ არ უნდა დავრჩეთ?!

საერთოდ, იმისთვის, რომ აგრესორმა ვერ გამოიყენოს შენი საგზაო ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა საშუალება არსებობს, მათ შორის ხიდებისა და გვირაბების აფეთქებაც, რისთვისაც ჯერ კიდევ მათი აშენებისას განისაზღვრება ის კონკრეტული ადგილები, სადაც ჩადებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ შეიძლება დიდი ხნით გამოიყვანოს მწყობრიდან და შეაფერხოს მოწინააღმდეგე ძალების წინსვლა.

ასეთი კონსტრუქციული ნიშები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ყველა ხიდსა და გვირაბზე იყო გათვლილი, მათ შორის როკის გვირაბზეც, რომელიც მოსკოვის ბრძანებით მაშინ უნდა აეფეთქებინათ (შეიძლება ბირთვული ნაღმის გამოყენებითაც), თუკი მოწინააღმდეგე (მაშინ ამგვარად სამხრეთ ფლანგზე ნატოს წევრი თურქეთის მესამე საველე არმია ითვლებოდა) დაწინაურდებოდა სამხრეთ კავკასიის საბრძოლო მოქმედებების თეატრში და როკის გვირაბის გავლით ჩრდილოეთ კავკასიაში შეღწევას შეეცდებოდა.

თბილისი-გორის ავტობანის აშენების პარალელურად მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ავტობანის გასწვრივ მთის კალთებში მოზრდილი რკინაბეტონის ბუნკერების ჩაშენების ბრძანება გასცა, რათა ბუნკერებში ჩაყენებულ ტანკებსა და ჰაუბიცებს უზარმაზარი ამბრაზურებიდან ცეცხლი გაეხსნათ ამ ავტობანით თბილისისკენ მიმავალი რუსული ჯავშანკოლონებისთვის. Eეს ძვირად ღირებული ჩანაფიქრი, რომლის განხორციელება ვერ მოესწრო, რადგან "სააკაშვილის თავდაცვითი ხაზი", ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის "მაჟინოს ხაზი", ვერ შეაკავებდა მოწინააღმდეგის წინსვლას, მით უმეტეს, საშვეულმფრენო დესანტს, რომელსაც ბუნკერების ზურგში გადასხამდნენ, ხოლო ავიაციას თანამედროვე ბეტონმნგრეველი ბომბებით ამ უძრავი და დიდფართობიანი სამიზნეების განადგურება არ გაუჭირდებოდა.

ქვეშეთი-კობის ახალი გზა განსაკუთრებით იმ მძღოლებს მოეწონებათ, ვისაც გამოცდილი აქვთ ამ მიმართულებაზე გამავალ სერპანტინებზე მგზავრობა, განსაკუთრებით კი ზამთარში. რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა, ამიტომ რუსი ტურისტების საქართველოში ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან სამანქანო გზით შემოსვლაც მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთ საზღვრისკენ გზის გაუმჯობესება იმ ქართველი ბიზნესმენებისთვისაც მისაღები უნდა იყოს, ვისაც კახური ღვინო, გორული ატამი თუ აჭარული მანდარინი გააქვს რუსეთის ბაზარზე, თუმცა არც ის არის დასამალი, რომ ამ გზის შემოკლება უპირველესად მაინც სომხეთის სტრატეგიულ ინტერესებს ეპასუხება, რომელიც თავის მთავარ პარტნიორ რუსეთს ხმელეთით მხოლოდ საქართველოს გავლით უკავშირდება.

არავინ გვიშლის, რომ ქვეშეთი-კობის 22,7 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტში გათვალისწინებულ ექვს ხიდსა და ხუთ გვირაბში წინასწარ კონსტრუქციულად ჩავაყოლოთ სპეციალური ნიშები, რომლებსაც დანიშნულების მიხედვით გამოვიყენებთ, თუკი მართლაც დაგვემუქრება მოწინააღმდეგის ტანკების შემოჭრის საფრთხე.

ისე კი, აგვისტოს ომის შემდგომ, ჩვენს მოწინააღმდეგეს ორი საუკეთესო პლაცდარმი "დავუთმეთ" ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით, სადაც დისლოცირებულ მე-7 და მე-4 რუსულ საოკუპაციო ბაზებს შეუძლიათ წამოიწყონ ახალი სამხედრო აგრესია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე ისე, რომ დამატებით რუსულ საბრძოლო დანაყოფებს ლარსისა თუ სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა აღარც დასჭირდეთ.