დაიბომბა თუ არა მახათას მთა... - კვირის პალიტრა

დაიბომბა თუ არა მახათას მთა...

"ჟურნალისტური გამოძიება აგვისტოს ომის კიდევ ერთი საიდუმლოს ამოსახსნელად,რომელიც დღემდე მითებად არსებობს..."

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა და ბევრი თბილისელი დარწმუნებულია, რომ საჰაერო დაბომბვას ბეწვზე გადაურჩა, როდესაც რუსული ბომბები მახათაზე აფეთქდა. ეს მთა, ფაქტობრივად, თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს და მასზე საჰაერო იერიში დედაქალაქის დაბომბვის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ რუსულ ბომბდამშენებს მახათა არ დაუბომბავთ, თუმცა ქართულ მიწას "სასიკვდილო ნობათები" არ დააკლეს.

თუ მახათას მთა 11 წლის წინ, 2008 წლის 10 აგვისტოს ღამეს, რუსულ ბომბდამშენებს არ დაუბომბავთ, მაშინ რამ გააღვიძა ლამის ნახევარი თბილისი? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ და საინტერესო დეტალებიც აღმოვაჩინეთ.

აგვისტოს ომის დაწყების პირველ ორ დღეში რუსულმა საბრძოლო ავიაციამ რამდენიმე მოიერიშე და ბომბდამშენი დაკარგა. რუსი პილოტებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 9 აგვისტო, როდესაც შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენ Ту-22М3-ის გარდა, კიდევ სამი მოიერიშე ჩამოვუგდეთ. ამან რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი პუტინი გააცოფა - მის არმიას, რომელსაც პრეტენზია მსოფლიო პირველობაზე ჰქონდა, ვიღაც ქართველები პანტაპუნტით უყრიდნენ საბრძოლო თვითმფრინავებს. ამიტომაც რუსულმა გენერალიტეტმა მიიღო მკაცრი ბრძანება, რადაც უნდა დასჯდომოდათ, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემა "დაებრმავებინათ", რათა მას ვეღარ აღმოეჩინა ქართულ ცაში შემოჭრილი რუსული საფრენი აპარატები, ამისთვის კი ქართული რადიოლოკატორების წერტილოვანი დარტყმებით განადგურება იყო საჭირო.

რუსი პილოტები განსაკუთრებით უფრთხოდნენ სამკოორდინატიან ფაზირებულანტენიან რადიოლოკატორ 36Д6М -ებს, რომლებიც საქართველომ ჯერ კიდევ ომამდე უკრაინაში იყიდა.

ერთ-ერთი ასეთი მძლავრი რადიოლოკატორი თბილისი-გორის შემაერთებელი გზის მარცხენა მხარეს, შავშვებთან, მთის თავზე იდგა და მისი დაფიქსირება გამოსხივებული რადიოტალღებით ადვილი იყო. ამ რადიოლოკატორის ლიკვიდირება რუსმა სამხედროებმა 2007 წლის ზაფხულში სცადეს, როდესაც მოულოდნელად სოფელ წითელუბანთან საბჭოთა წარმოების "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის მართვადი რაკეტა ჩამოვარდა, ოღონდ არ აფეთქდა. მაშინ რუსეთმა უარყო მონაწილეობა ამ მეკობრულ საჰაერო თავდასხმაში, თუმცა ყველასთვის ნათელი გახლდათ, თუ ვისმა ბომბდამშენმა გამოუშვა ეს რაკეტა, რომელიც აუცილებლად ააფეთქებდა შავშვებთან რადიოლოკატორს, რომ არა ქართველი სამხედროების სიმარჯვე - მათ რადიოლოკატორის ეკრანზე დაინახეს მათკენ მფრინავი ობიექტი და მოასწრეს რადიოლოკატორის გამორთვა, რის შემდეგაც რუსული ბომბდამშენიდან გამოშვებულმა "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვადმა რაკეტამ მიზანი დაკარგა და წითელუბანთან ჩამოვარდა.

ამ მარცხის შემდეგ რუსეთის გენერალიტეტი უკეთესად მოემზადა, მით უმეტეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესია მას აშკარა მოქმედების საშუალებას აძლევდა. 8 აგვისტოს ვორონეჟიდან მოზდოკის აეროდრომზე გადმოფრინდა რუსეთის 455-ე ბომბდამშენი პოლკის რამდენიმე Су-24М ტიპის ბომბდამშენი. მათგან ყველაზე მომზადებულმა ეკიპაჟმა (რომელსაც ჩეჩნეთის მეორე ომში საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა), პილოტის, მაიორ სერგეევისა და შტურმანის, კაპიტან შპიტონკოვის შემადგენლობით, მიიღო სპეციალური დავალება ქართულ ლოკატორებზე საჰაერო "ნადირობის" დაწყების თაობაზე.

პირველ სამიზნედ შავშვების 36Д6М ტიპის რადიოლოკატორი განისაზღვრა, რომელიც როგორც ხელისგულზე, ისე "ხედავდა" ჩრდილოეთ ოსეთიდან კავკასიის ქედზე გადმოფრენილ რუსულ თვითმფრინავებს და მათ კოორდინატებს დროულად აწვდიდა ქართულ საზენიტო გათვლებს.

9-10 აგვისტოს ღამეს მოზდოკის სამხედრო აეროდრომიდან რამდენიმე რუსული ბომბდამშენი აფრინდა და გეზი საქართველოს საჰაერო სივრცისკენ აიღო. მათ სამხედრო ეშმაკობას მიმართეს - ფრენის მარშრუტები შეცვალეს და ქართულ ცაში სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრნენ.

როგორც ომის შემდგომ კაპიტანი შპიტონკოვი იხსენებდა, სხვა ბომბდამშენებისგან განსხვავებით, მათი ეკიპაჟი "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვადი რაკეტებით იყო შეიარაღებული. კავკასიის ქედზე გადმოფრენისას ეკიპაჟმა ბომბდამშენის საბორტე რადიოლოკატორი და სხვა რადიოელექტრონული აპარატურაც გამორთო, რათა ნაკლები აქტიური რადიოგამოსხივება ჰქონოდა მათ თვითმფრინავს, თუმცა ხელსაწყოებმა ეკიპაჟს "აუწყა", რომ შავშვებთან ქართულმა რადიოლოკატორმა მათი ბომბდამშენი მაინც აღმოაჩინა.

მართვადი რაკეტის გაშვება სწორედ შტურმან შპიტონკოვის მოვალეობა იყო და მან აქტიურ რეჟიმში მომუშავე ქართული რადიოლოკატორისკენ "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის რაკეტა გაუშვა. ამჯერად რუსული საჰაერო შეტევა შავშვებთან მდგარ ქართულ რადიოლოკატორზე შედეგიანი აღმოჩნდა - აფეთქებული რაკეტის ნამსხვრევებმა ის მწყობრიდან გამოიყვანა, თუმცა, საბედნიეროდ, გადავურჩით ადამიანურ დანაკარგს, რადგან ოპერატორები რადიოლოკატორის კაბინაში არ ისხდნენ.

შავშვების რადიოლოკატორის დაკარგვამ სერიოზულად "დააბრმავა" ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუმცა რჩებოდა კიდევ ერთი ძლიერი რადიოლოკაციური პოსტი - თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ქვიშიანში, მთის თავზე. აგვისტოს ომამდე ამ სამოქალაქო რადარის გვერდით ქართველმა სამხედროებმა სამკოორდინატიანი 36Д6М განათავსეს, ისეთივე, როგორიც შავშვებში, და დედაქალაქის გარშემო საჰაერო სივრცეს კარგად აკონტროლებდნენ.

შავშვების ქართული რადილოკატორის აფეთქების შემდეგ შტურმან შპიტონკოვს თბილისის ზღვასთან მომუშავე რადიოლოკატორების აფეთქებაც დაავალეს.

საჰაერო ოპერაცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა - Су-24М -მა კავკასიის ქედი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან გადმოკვეთა და თბილისს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან "მოეპარა". თბილისის ზღვის თავზე აქტიურ რეჟიმში მომუშავე სამოქალაქო და სამხედრო რადარები ძნელი აღმოსაჩენი არ გახლდათ და კაპიტანმა შპიტონკოვმაც მორიგი Х-58У გამოუშვა მათ ასაფეთქებლად.

ამჯერად ქართველმა სამხედროებმა იმარჯვეს და სამკოორდინატიანი 36Д6М-ის გამორთვა მოასწრეს, რის შემდეგაც რუსული "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის რაკეტა, რომელმაც მიზანი დაკარგა, ფრენის მარშრუტის შუაში ჩამოვარდებოდა, როგორც 2007 წლის ზაფხულში მოხდა შავშვებთან.

მაგრამ სამოქალაქო რადარი აგრძელებდა აქტიურ რეჟიმში მუშაობას და სწორედ ის ემსხვერპლა რუსულ მართვად რაკეტას, თუმცა რადიოლოკატორის მომსახურე პერსონალმა მოასწრო სამშვიდობოს გასვლა. სწორედ ეს აფეთქება გახდა დიდი შიშის მიზეზი, თბილისის დაბომბვა დაიწყესო.

ძნელი სათქმელია, ვინ გაავრცელა ჭორი, რომ მახათას მთა დაიბომბა, თუმცა ამის თეორიული მიზეზი არსებობდა, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან სწორედ აქ იყო განთავსებული საჰაერო თავდაცვის მართვის მიწისქვეშა ბუნკერი, რომლის ზუსტი ადგილსამყოფელი რუსულმა სამხედრო დაზვერვამ იცოდა, ისევე როგორც ის, რომ ქართულმა საჰაერო თავდაცვამ ამ ბუნკერში მართვის პუნქტი მოაწყო.

რუსული საჰაერო შეტევა არა მახათას მთაზე, არამედ თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ქვიშიანის მთაზე განთავსებული სამოქალაქო რადიოლოკატორის აფეთქებით დამთავრდა, მაგრამ, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ღამის სიჩუმეში 650 კგ-იანი რუსული რაკეტის 149 კგ-იანი საბრძოლო ქობინი აფეთქდა, ბევრმა იფიქრა, რომ დედაქალაქის დაბომბვა დაიწყო. არადა, ქვიშიანში აფეთქებული სამოქალაქო რადიოლოკატორიდან მახათას მთამდე პირდაპირი ხაზით დაახლოებით 10 კილომეტრია.

მითი რუსული Су-34-ებით დაბომბვაზე გაქარწყლდა

აგვისტოს ომის შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქართული რადარები მაშინ უახლესმა რუსულმა Су-34 ტიპის ბომბდამშენმა ააფეთქა, მაგრამ ეს უფრო რუსი სამხედროების დეზინფორმაცია გახლდათ.