ვის შეუძლია ოკუპაციის მავთულხლართების გადაჭრა?!
26-08-2019
ვის შეუძლია ოკუპაციის მავთულხლართების გადაჭრა?!
"პროტესტისა და შეშფოთება-აღშფოთების გარდა, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესის შემაჩერებელი ეფექტიანი საშუალებები, სამწუხაროდ, არც საქართველოს ხელისუფლებას და არც დასავლეთს არ გააჩნიათ"

გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თერთმეტი წლის წინანდელი აგვისტოს ომის მძიმე შედეგებს დღემდე ვიმკით...

კრემლის ბინადართა დიდი სურვილის შემთხვევაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და ადგილობრივი სეპარატისტების ხელმძღვანელობას საოკუპაციო ხაზის ინჟინრული მოწყობა, ღობე-მავთულხლართების ჩათვლით, აგვისტოს ომიდან ორ-სამ წელშიც შეეძლოთ დაემთავრებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. რატომ?
ალბათ, იმიტომ, რომ საოკუპაციო ხაზზე "ბორდერიზაციის" მუდმივი პროცესი რუსეთის ხელისუფლებას საუკეთესო პოლიტიკურ ბერკეტს აძლევს, რომლის კონკრეტულ მომენტებში ამოქმედებით, შეუძლია საქართველოში დროდადრო პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვიოს.

მოსკოვში კარგად ხედავენ, რამდენიმე ათეული მეტრი საოკუპაციო მავთულხლართის გავლების შემდეგ როგორ აქტიურდება ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესის შესაჩერებლად აქტიური
ზომების მიღების მოთხოვნით. ეს ლოგიკურია, თუმცა გაკვირვებას იწვევს, რომ სწორედ ამ ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა იყო საქართველოს ხელისუფლებაში აგვისტოს ომის ტრაგედიის დროს და საოკუპაციო მავთულხლართების გავლებას ვერც მათ დაუპირისპირეს ქმედითი და ეფექტიანი ხერხები.

მაგრამ არსებობს კი ისეთი ხერხი, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის განახლების გარეშე საშუალებას მოგვცემს, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლება და მისი "სახელმწიფო საზღვრად" გადაქცევის არასასურველი პერსპექტივა შევაჩეროთ?

თუკი არ გვსურს თანამედროვე "ლეკიანობის" გაგრძელება, როცა "სახელმწიფო საზღვრის" დარღვევის საბაბით საოკუპაციო ხაზიდან ლამის ყოველკვირეულად გვტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ ქართულმა მხარემაც უნდა გააძლიეროს საოკუპაციო ზოლის კონტროლი პატრულირებისა და ვიდეომონიტორინგის (დღე-ღამის მთელ პერიოდში) აქტიურად გამოყენებით. ეს ძვირად ღირებული ქმედებები, ალბათ, შეამცირებს საოკუპაციო რეჟიმისა და სეპარატისტების მიერ მოქალაქეთა გატაცებას, თუმცა ხელს ვერ შეუშლის მავთულხლართების გავლების პროცესს.

მეორე მხრივ, თუკი გვექნება მაღალი ხარისხის ვიდეომონიტორინგის ტექნიკური საშუალებები, შევძლებთ მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცდილობენ შეიარაღებული ოკუპანტები ადგილობრივი მოსახლეობის დატყვევებას, ხოლო თუკი ასეთი ჯგუფი ქართულ სოფელში შემოიჭრა, მათი ძალისმიერი დაკავებაც შეიძლება შესაბამისი ვიდეოფაქტების დაფიქსირებით.

თუმცა კრემლისთვის ასეთი ვიდეოკადრებიც სულერთი იქნება - პუტინის რეჟიმი თუ მოინდომებს, საბაბს ყოველთვის იპოვის სამხედრო აგრესიის გასამართლებლად. ყველაფრის თავიდათავი კი სწორედ ქვეცნობიერი შიშია, რომ რუსეთმა საქართველოსთან ახალი ომი არ დაიწყოს. "ოღონდ არ იყოს ომი და პროტესტს პროტესტზე განვაცხადებთ," - ფიქრობენ მთავრობაში.

საზოგადოების ნაწილში უკვე მომწიფდა აზრი: "ოკუპანტები ავლებენ და ავლებენ მავთულხლართებს, არც საქართველოს და არც დასავლეთს კი ძალა არ შესწევთ შეაჩერონ ეს პროცესი. ჰოდა, დაე, გაავლონ ბოლომდე და თავი დაგვანებონ. ამ მავთულხლართების მეორე მხრიდან ჩვენს მოქალაქეებს ხომ მაინც ვეღარ მოიტაცებენ."

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო "ბორდერიზაცია" იმიტომ მიმდინარეობს ასე მტკივნეულად, რომ მისგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ენგურით არის გამოყოფილი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან და იქ მავთულხლართები ქართულ სოფლებს შუაზე ვერ ყოფს, თორემ სხვა მხრივ ოკუპაცია იქ უფრო "წარმატებით" ჩატარდა.

P.S. საინტერესოა, როდის მოვესწრებით იმ დღეს, როცა საოკუპაციო მავთულხლართებსა და ღობეებს ჯართში ჩასაბარებლად მოხსნიან.
ზაზა
05 სექტემბერი 2019 11:59
ვენახი მაქვს შემოსაღობი, როცა დრო მოვა არავინ დამასწროს.
Alex.F
04 სექტემბერი 2019 13:37
რეზო-ს:აბსოლუტურად გეთანხმები მეგობარო! და საბედნიეროდ არა მხოლოდ ბერლინის კედელი!!! დაიშალა და აღიგავა მიწისაგან პირითა რუსეთის იმპერია,რასაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა!!! გარდა ამისა ბოროტების "იმპერიამ" დაკარგა აბსოლუტურად ყველა ყოფილი სოც. ქვეყანა გარდა მარტივ მამრავლებად დაშლილი და ნახევრად დაცლილი სერბეთისა,რომელიც ასევე ემზადება ევროკავშირში შესასვლელად!!!ამას დაუმატეთ თავად ნახევრად დაცლილი,ეკონომიკა მოშლილი,ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი,მუდად წარსულისკენ მომზირალი,ინფრასრტუქტურა მოშლილი და ნახევრად მშიერი თანამედროვე რუსეთი და დაინახავთ,რომ მათი დასასრულის დასაწყისი კარგა ხნის დაწყებულია!!!ყველაფერი ადრე თუ გვიან მთავრდება,დამთავრება საქართველოს უკანონო ოკუპაცაც!!!ამინ!!!
რეზო
31 აგვისტო 2019 17:08
სადაც აქამდე რამე გაავლეს რუსებმა ხო ბოლომდე შეინარჩუნეს რა. როგორც ბერლინის კედელი დაინგრა და ჩაბარდა წარსულ, ეგ მავთულებიც მასე დაავიწყდება ხალხს.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?