ცხინვალთან ჩამოგდებული რუსი პოლკოვნიკი ტრამპის კოშმარად იქცა... - კვირის პალიტრა

ცხინვალთან ჩამოგდებული რუსი პოლკოვნიკი ტრამპის კოშმარად იქცა...

"ის, ვინც დღეს ამერიკას ბირთვული დაბომბვით ემუქრება, აგვისტოს ომში ჩვენი ტყვე გახდებოდა, რომ არა მარო ბებოს გულჩვილობა..."

გასულ კვირას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადგილს ვერ პოულობდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ზესახელმწიფოს ლიდერის რისხვის მიზეზი ჩრდილო ამერიკის კონტინენტის სიახლოვეს რუსული სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი ბომბდამშენების - Ту-160-ების გამოჩენა გახდა.

მოსკოვის მიერ "თეთრ გედად" მონათლული, 270-ტონიანი, ოთხძრავიანი თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე დიდი ზებგერითი ბომბდამშენია, რომელსაც სამი ათასი კილომეტრის სიშორიდან 12 ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლია ისე, რომ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების ზონაში არ შევიდეს. რუსული "თეთრი გედის" (ნატოში მას "შავ ჯეკს" ეძახიან) ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაცნობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის განრისხების მიზეზი ძნელი მისახვედრი აღარ იქნება - მას ხომ პუტინი ქვეყნის საზღვართან ასეთ საშიშ "ბირთვულ ნობათს" უგზავნის!

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ჩრდილო ამერიკის კონტინენტის სიახლოვეს პრეზიდენტ ტრამპის "ბირთვული კოშმარების" ფრენას ის რუსი პილოტი ხელმძღვანელობდა, რომელიც თერთმეტი წლის წინ ცხინვალთან ჩამოვაგდეთ და რომ არა ქართველი ბებოს გულჩვილობა, ის რაკეტმზიდი-ბომბდამშენის რადიოლოკატორის სამიზნეში ვერასოდეს იხილავდა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს.

ყველაფერი კი 2008 წლის 9 აგვისტოს, დილის 10:30 სთ-ზე მოხდა, როდესაც ორმა რუსულმა Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა გორიდან ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე აღმოჩენილი ქართული სამხედრო კოლონის საჰაერო დაბომბვა სცადა. საპასუხო ცეცხლის შედეგად საზენიტო რაკეტა ერთ-ერთი რუსული მოდერნიზებული მოიერიშის - Су-25СМ-ის მარცხენა ძრავასთან აფეთქდა. თვითმფრინავს ბუდიონოვსკის 368-ე მოიერიშე პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი კობილაში მართავდა, რომლის პოლკის მფრინავები ორი დღე ბომბავდნენ ქართულ მიწას (აღსანიშნავია, რომ მანამდე ქართველმა მეზენიტეებმა სოფელ ძევერასთან რუსული საფრონტო ბომბდამშენი Су-24М ჩამოაგდეს).

პოლკოვნიკმა კობილაშმა შეწყვიტა ქართული კოლონის დაბომბვა და თავის გადასარჩენად დაზიანებული თვითმფრინავით გეზი რუსეთის საზღვრისკენ აიღო, თუმცა ცხინვალის თავზე, დაახლოებით ათას მეტრ სიმაღლეზე გადაფრენისას, უკვე მეორე საზენიტო რაკეტა მიიღო "საჩუქრად", ამჯერად - მარჯვენა ძრავაში (ალბათ, მეორე რაკეტა რუს პილოტს ოსმა სეპარატისტებმა ისევ რუსი სამხედროების გადაცემული საზენიტო "იგლადან" მოარტყეს - ცხინვალის თავზე გამოჩენილი ყველა თვითმფრინავი მათ რატომღაც ქართული ეგონათ).

კობილაში იძულებული გახდა, ცეცხლწაკიდებული მოიერიშიდან პარაშუტით გადმომხტარიყო. ის ცხინვალის ჩრდილოეთით, დიდი ლიახვის ქართულ სოფელში დაეშვა.

როგორც შემდგომ თვითონ იგონებდა, ქართველმა ბებომ ერთი კი წაიბუზღუნა ბოსტნის გაფუჭების გამო, მაგრამ ციდან ჩამოვარდნილ რუს პილოტს წყალი დაალევინა და ოსური სოფლისკენ გზა მიასწავლა, სანამ ქართველი სამხედროები პარაშუტის დაშვების ადგილზე მიასწრებდნენ.

პილოტიც სოფლიდან სწრაფად გავიდა და რაციით გამოძახებულმა სამაშველო შვეულმფრენმა ის იქაურობას გაარიდა.

რუსი პოლკოვნიკი, ალბათ, სწორედ ქართველ ბებოს უნდა უმადლოდეს თავისი სამხედრო კარიერის წარმოუდგენელ აღმასვლას - ერთ თვეში კობილაშს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა დაქვემდებარებულმა ბუდიონოვსკის 368-ე მოიერიშე საავიაციო პოლკმა აგვისტოს ომის ორიოდე დღეში ყველაზე მეტი საბრძოლო დანაკლისი განიცადა - ექვსი ჩამოგდებული და დაზიანებული მოიერიშე თვითმფრინავი.

2013 წელს პოლკოვნიკ კობილაშს პრეზიდენტი პუტინი უკვე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაციის უფროსად ნიშნავს და ერთ წელში გენერალ-მაიორის წოდებას ანიჭებს.

2016 წელს პუტინი თავის ფავორიტ პილოტს რუსეთის შორეული მოქმედების ავიაციის სარდლად ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კობილაშს მოიერიშე ავიაციის პილოტის გამოცდილება ჰქონდა.

სწორედ ამის შემდეგ უკვე გენერალ-ლეიტენანტი კობილაში აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ თავსატეხად იქცა, რადგან თუკი პოლკოვნიკ კობილაშის პოლკის მოზდოკიდან აფრენილ Су-25СМ-ებს აგვისტოს ომის დროს ქართული მიწის დაბომბვა მაქსიმუმ 500 კგ-იანი ფუგასური საავიაციო ბომბებით შეეძლოთ, დღეს გენერალ-ლეიტენანტ კობილაშს დაქვემდებარებულ 16 სტრატეგიულ Ту-160-სა და 64 Ту-95МС-ს, ასევე შორი მოქმედების 150-მდე Ту-22М3-ს ჩრდილო ამერიკის კონტინენტისა და ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიების მიმართულებით რამდენიმე ასეული ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლიათ, რაც გენერალს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე საბრძოლო ძალის მეთაურად აქცევს.

რა მოხდებოდა, თერთმეტი წლის წინ მარო ბებო თავის ბოსტანში ცოტა გვიან გამოსულიყო, რომ ქართველ სამხედროებს ჩვენი მიწის დამბომბველი, ჩამოგდებული, პარაშუტით დაშვებული რუსი პოლკოვნიკი დაეტყვევებინათ?!