ჩორჩანას ხაზი
ჩორჩანას ხაზი
"როდესაც ცხინვალელი სეპარატისტების ლიდერები მიხვდნენ, რომ მათი ბრალდება, თითქოს ქართული საპოლიციო საგუშაგო 2 კმ-ით დაშორებულ სოფელ წნელისის მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნიდა, უსაფუძვლო იყო, ახალი ბრალდება მოიფიქრეს"

კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზეც ნათლად ჩანს, რომ ჩორჩანასთან მშენებარე ქართული პოლიციის საგუშაგო არანაკლებ 200 მეტრით არის დაშორებული ოკუპაციის ხაზიდან, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა აგვისტოს ომის შემდეგ თვითნებურად გაავლეს!

"გაღმა შემოდავებით" სეპარატისტები "ბორდერიზაციის" შეფარვას ცდილობენ.რა გამოდის? აგვისტოს ომის შედეგად ნაწილობრივ ოკუპირებულ საქართველოს იმის უფლებაც აღარ
დარჩა, რომ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგო მოაწყოს?

კვირის პალიტრამ" "გუგლის" კოსმოსური სურათების გამოყენებით განსაზღვრა სოფელ ჩორჩანასთან მშენებარე ქართული საპოლიციო საგუშაგოს ზუსტი კოორდინატები და აღმოაჩინა, რომ ის არანაკლებ 200 მ-ით არის დაშორებული ოკუპაციის ხაზიდან, რომელიც მანამდე ოკუპანტებმა თვითნებურად გაავლეს ქართულ მიწაზე, ანუ გამოდის, რომ სეპარატისტულ ცხინვალს თეორიული საბაბიც კი არა აქვს, გააპროტესტოს ქართული ბლოკპოსტის მშენებლობა

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ პატარა საგუშაგოს არავისთვის საფრთხის შექმნა არ შეუძლია, მით უმეტეს - ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სოფელ წნელისის მოსახლეობისთვის, რადგან საგუშაგოდან წნელისის ცენტრამდე მანძილი დაახლოებით 2 კმ-ია, მაგრამ ეს არის ოსი სეპარატისტებისა და რუსი
საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი - ახლა რუსული ტანკების ნაცვლად ოსი სეპარატისტების ლიდერები საინფორმაციო შემოტევას იწყებენ, რომელსაც მოგვიანებით მხარს რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანაც უბამს.
ფაქტია, რომ ცხინვალელი სეპარატისტების ლიდერები არ ისვენებენ და იმის მაგივრად, რომ პასუხი გასცენ კითხვას, რატომ ავლებენ მავთულხლართებს, ცდილობენ, ქართულ მხარეს ბრალი იქით დასდონ.

ანუ ხორციელდება "გაღმა შედავების" პოლიტიკა, როცა ოკუპაციის ხაზის "ბორდერიზაციის" პროცესის შესანიღბავად, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო, ყველა ხერხს იყენებენ და "ჩრდილოელი დათვის" ტორებქვეშ შეყუჟულ "ჩვენებურ" სეპარატისტებს ეს გამოსდით კიდეც, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის მწარე შედეგმა საქართველოს საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს გაუჩინა განწყობა - ოღონდ ნუ იქნება ომი! მათ ძნელად თუ გაამტყუნებს ვინმე, რადგან მართლაც რა გარანტია გვაქვს, რომ როცა სეპარატისტებს ოკუპაციის საზღვარზე გავლებულ მავთულხლართებს დავუჭრით, რუსული მოიერიშეები ქართული სოფლების თავზე არ გადაიფრენენ, ტანკები კი მათ ორღობეებში არ ჩაივლიან?!

ოკუპაციის ხაზზე პროვოკაციის მოწყობას ისე, რომ ის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს, არაფერი უნდა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სიფრთხილე გასაგებია, მაგრამ სეპარატისტების თავგასულობის შესაკავებლად გამოსავლის მოძებნა აუცილებელია.

საერთაშორისო ინსტიტუტების აღშფოთება-შეშფოთება შეიძლება ჩვენს გულს მალამოდ ედება, მაგრამ რეალურად ვერაფერს გვშველის. დასავლელი ლიდერები შეიძლება ქვეცნობიერად ელიან კიდეც, რომ ოსმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა დროზე გაავლონ მავთულხლართები ოკუპაციის ხაზზე. იქნებ ფიქრობენ, ჩვენც მოვისვენებთ და ქართველებიც ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან შეეგუებიანო...

ძალიან ძნელია, როდესაც თავს ზემოთ ძალა არ არის და შენი სისუსტით გათავხედებული სეპარატისტები ყოველდღე უფრო და უფრო მეტს გიბედავენ, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება და იმედია, დადგება ის დროც, როცა ჩადენილის გამო ყველას პასუხი მოეთხოვება.

დაპირისპირების მიზეზად ქცეული ქართული პოლიციის საგუშაგოს ძირში, ანუ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებელი საწარმოს ნახევრად დანგრეული შენობებია. სეპარატისტების ყოფილ "პრემიერ-მინისტრ" დმიტრი კოზაევს სამი წლის წინ სწორედ აქ სურდა ჩინური კომპანიის შემოყვანა და ამისთვის ოკუპაციის საზღვრის 2 კმ-ით "გადმოჩოჩება"

როდესაც ცხინვალელი სეპარატისტების ლიდერები მიხვდნენ, რომ მათი ბრალდება, თითქოს ქართული საპოლიციო საგუშაგო 2 კმ-ით დაშორებული სოფელ წნელისის მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნიდა, უსაფუძვლო იყო, ახალი ბრალდება მოიფიქრეს - თურმე ქართული მხარე იმიტომ ხსნის საპოლიციო საგუშაგოს სწორედ ამ ადგილას, რომ სურს ხელში ჩაიგდოს იმ სასარგებლო წიაღისეულის (მარმარილო, ბარიტი, ნეფრიტი, ტალკი) საბადოები, რომლებიც ამ რაიონში მდებარეობს და შემდეგ ყველაფერი უცხოურ კომპანიას გადასცეს, მაგრამ როგორც ირკვევა, თურმე თვითონ სეპარატისტები მალულად ცდილობდნენ, ამ ადგილზე წიაღისეულის მოპოვების უფლება ჩინური კომპანიისთვის მიეცათ. სეპარატისტების ყოფილმა "პრემიერ-მინისტრმა" დმიტრი კოზაევმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ იქ ჩაიყვანა ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, რომლებსაც მარმარილოს მოსაპოვებელი 150-კაციანი საწარმო უნდა გაეხსნათ, მაგრამ მარმარილოს საბადო ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო და საჭირო იყო ოკუპაციის საზღვრის ორი კილომეტრით "ჩაჩოჩება". "სამწუხაროდ, ცხინვალის ხელისუფლებამ ეს დროულად არ გააკეთა," - დარდობს ყოფილი "პრემიერ-მინისტრი".

ბეწვის ხიდზე სიარული ეროვნული თავმოყვარეობის შესანარჩუნებლად

ოსი სეპარატისტების ლიდერები, რომელთაც აგვისტოს ომში რუსეთი აშკარად უჭერდა მხარს, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების გაჭიანურებული პროცესით კვლავაც ცდილობენ შელახონ ქართველების თავმოყვარეობა, მაგრამ ამჯერად საქართველოს ხელისუფლება უკან არ იხევს, რადგან არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება საოკუპაციო ხაზიდან ორას მეტრში ქართული საპოლიციო საგუშაგოს მშენებლობა ნორმალურმა ადამიანმა პროვოკაციად ჩათვალოს.

ამის მიუხედავად, ყველაფერი მაინც ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, რადგან კრემლში მხოლოდ საბაბი სჭირდებათ, ისევ მოგვისიონ "ჩვენებური" სეპარატისტები და რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მანქანამ მთელ მსოფლიოში კვლავ დაიწყოს მტკიცება, რომ ქართველები არ ისვენებენ და ომს იწყებენ...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?