რას მოუტანს საქართველოს "ზედა" და "ქვედა" მეზობლების "ჩახუტება"?
რას მოუტანს საქართველოს "ზედა" და "ქვედა" მეზობლების "ჩახუტება"?
მოსკოვთან, ჟუკოვსკში, ტრადიციულ ავიაკოსმოსურ გამოფენაზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ნაყინს ერთად შეექცეოდნენ, რითაც მთელ მსოფლიოს თავიანთ მეგობრობას აჩვენებდნენ.

ეს მათი ერთობლივი პიარქმე­დება,­ უპირველესად, მათივე ოკეანისგაღმელი კოლეგის - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გასაღიზიანებლად დაიგეგმა. ტრამპი დღემდე ვერ ეგუება, რომ ნატოელმა პარტნიორმა თურქეთმა ალიანსის პოტენციური მოწინააღმდეგის - რუსეთისგან С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეიძინა, რის გამოც ანკარას მეხუთე თაობის გამანადგურებლის - F-35-ის პროგრამაში მონაწილეობა შეუჩერა.

ერდოღანმა და პუტინმა მშვენივრად გაითამაშეს თავიანთი როლები, როდესაც
გამოფენაზე პირველად გამოტანილი რუსუ­ლი მეხუთე თაობის გამანადგურებელი­ თვითმფრინავი Су-57 დაათვალიერეს - რუსეთის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა ამ გამანადგურებლის საექსპორტო ვარიანტის თურქეთისთვის მიყიდვაზე, ერდოღანმა კი არ დააყოვნა და აღნიშნა, რომ თუკი ამერიკელები F-35-ს არ მიჰყიდიან, მას რუსული თვითმფრინავით ჩაანაცვლებს.

თურქული არმიის შეიარაღებაში ჯერ რუსული С-400-ების, შემდეგ კი
Су-57-ების გამოჩენა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წევრს ნელ-ნელა ჩამოაშორებს ნატოს არეალს და დროთა განმავლობაში მის მოწინააღმდეგესთან - რუსეთთან ჩახუტებისკენ უბიძგებს.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნაყინის ერთად მირთმევისას პუტინი და ერდოღანი დიდი ხნის მეგობრებს ჰგავდნენ, რუსეთ­ისა და თურქეთის ურთიერთობა არცთუ უღრუბლო ცის ქვეშ ვითარდება - სირი­ის იდლიბის პროვინციაში დღეს რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა და მოსკოვში თურქეთის პრეზიდენტის სასწრაფო ვიზიტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვით იყო გამოწვეული.

რუსეთის მხარდაჭერილმა­ ასადის რეჟიმმა სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ძალაუფლების დაბრუნება მოახერხა და ახლა იდლიბის პროვინციიდან პროთურქული შეიარაღებული რაზმების გაყრას ცდილობენ. ამაში ასადის არმიას დიდ დახმარებას უწევს ჰმეიმის საჰაერო ბაზიდან აფრენილი რუსული საბრძოლო ავიაცია, რომლის ინტენსიურმა დაბომბვებმა პროთურქ მებრძოლებთან ერთად ასობით მშვიდობიანი მოსახლეც შეიწირა. იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჰან-შეიჰუნის აღების შემდეგ, სირიის არმიას გაუჩნდა კარგი­ შანსი, პროთურქული შეიარაღებული ფორმირებები ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვარზე გადარეკოს, რითაც პრეზიდენტ ერდოღანს ჩაეშლება დიდი ხნის ოცნება - გააკონტროლოს სამოქალაქო ომში გახვეული სირიის ჩრდილოეთი ნაწილი.

მოსკოვისა და ანკარის ინტერესების დაპირისპირებას ქურთების საკითხიც იწვევს.­ იმ ქურთებისა, რომლებსაც საბჭოთა­ სპეცსამსახურები "ცივი ომის" დროს სომხეთის ტერიტორიაზე მალულად წვრთნიდნენ­ თურქეთში ტერაქტების ჩასატარებლად.

დღევანდელ რუსულ სპეცსამსახურებს ქურთული ფორმირებების (რომლებიც გაძლიერდნენ სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე მას შემდეგ, რაც "ისლამური სახელმწიფო" შეიქმნა) ლიდერებთან ეს კავშირი შენარჩუნებული აქვთ და საჭიროების შემთხვევაში მათი ამოქმედებაც შეუძლიათ.

ამას პრეზიდენტი ერდოღანიც ხვდება და დაპირისპირების ნაცვლად რუს კოლეგასთან დამეგობრების წარმოჩენას ცდილობს. მას არც პუტინისთვის სახალხოდ ბოდიშის მოხდაზე უთქვამს უარი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო.

საქართველოს "ზედა" - ჩრდილოელი და "ქვედა" - სამხრეთელი მეზობლების ასეთი დაახლოება მნიშვნელოვნად ცვლის გეოპოლიტიკურ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში.
თურქეთ-რუსეთის "ჩახუტება" ვაშინგტონზე არანაკლებად აღიზიანებთ ერევანშიც, რადგან აზერბაიჯანთან ერთად, თურქეთსაც მტრად მიიჩნევენ. Oოფიციალური ბაქოსთვის კი, პირიქით, ასეთი დაახლოება მისაღები უნდა იყოს, რადგან მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი­ უახლოვდება მისსავე მეზობელ რუსეთს, იმ რუსეთს, რომელმაც გასულ ომებში სომხეთის მხარე დაიჭირა. აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს, კრემლთან ისეთი ურთიერთობა დაამყაროს, რომ რუსეთი სომხეთს აშკარად არ დაეხმაროს. ამის გამოც­ არის, რომ ბაქომ მოსკოვისგან ბოლო ათი წლის განმავლობაში ხუთ მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული შეიარაღება შეიძინა და თუკი თურქეთის რუსეთთან დამეგობრება აზერბაიჯან-სომხეთის შესაძლო ომში კრემლს­ გარკვეულწილად ნეიტრალურს გახდის, ამას ბაქოში მხოლოდ მიესალმებიან.

და აი, მოვედით საქართველომდე, რომელსაც იმდენი პრობლემა დაუგროვდა "ბორდერიზაციისა" თუ შიდაპოლიტიკური­ "გარჩევების" სახით, რომ ერთი შეხედვით, აღარ უნდა ეცალოს "ზედა" და "ქვედა" მეზობლების "ჩახუტებისთვის", მაგრამ ასე არ არის. მათ მეზობლობას ვერსად გავექ­ცევით. თურქეთსა და რუსეთს საქართველოს მიმართ ისტორიულად თავიანთი ინტერესები ჰქონდათ, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, რადგან ეს ინტერესები არ განელებიათ. საქართველოს წისქვილზე დაასხამდა წყალს, რამდენიმე წლის წინ თურქეთი ევროკავშირის წევრად რომ მიეღოთ, ამერიკელებს მათთვის საზენიტო "პეტრიოტები" მიეყიდათ და უფრო გაღრმავებულიყო თურქეთის ევროინტეგრაცია, მაგრამ ასე არ მოხდა. ამაში გადამწყვეტი როლი ერდოღანმა ითამაშა, რომელიც პიროვნულად­ მიუღებელი დარჩა დემოკრატიის მღაღად­ებელი ევროპელი ლიდერებისთვის. შესაბ­ამისად, ერდოღანმა თავი გარიყულად იგრძნო. ამას დაემატა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რაშიც ის, დიდი ალბათობით, ევროპელებთან ერთად ამერ­იკულ სპეცსამსახურებსაც ადანაშაულებს. ამას დაემატა ერდოღანის გარემოცვისთვის რუსეთის აგენტურული და რადიოელექტრონული დაზვერვის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის გადაცემა (რა თქმა უნდა, პუტინის მითითებით), რამაც თურქეთის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, სიცოცხლე შეუნარჩუნა და საშუალება მისცა, ამბოხი სისხლში ჩაეხშო. ერდოღანის "გადაბირებით" პუტინს დიდი დისონანსი შეაქვს ნატოს რიგებში, განსაკუთრებით კი - მის სამხრეთ ფლანგსა და შავი ზღვის რეგიონში, რაც ართულებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების ისედაც ბუნდოვან პერსპექტივას.
ელგუჯა
22 სექტემბერი 2019 03:00
ჩვენ ვართ უპატრონო თხები, რომლებიც მეზობელ მგლებს აგინებენ..... ფინალი იქნება ერეკლე მეორე.
1
08 სექტემბერი 2019 14:35
ბატონო ირაკლი სწორეთ ნატოში გაწევრიანებული საქართველო იქნება ხაზგამყოფი ურჩ თურქეტსა და რუსეთს შორის
mzirali
08 სექტემბერი 2019 13:32
მეზობლების ეს რომანი მოკლევადიანიაა, მაგრამ ჩვენ მათვის ყოველთვის უნდა ვიყოთ კერკეტი კაკალიი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?