მე-19 "გაელვება" - კვირის პალიტრა

მე-19 "გაელვება"

სიურპრიზი არმიისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ოლიმპზე ბრუნდება, ოღონდ ახალ ამპლუაში - თავდაცვის მინისტრად...

სამთავრობო ცვლილებებზე ათასი ჭორ-მართალი ჯერ კიდევ ორი-სამი თვის წინ გავრცელდა, ბოლო დღეებში კი მასმედიამ თითქმის ბეჭედი დაუსვა - გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად მოდის, ირაკლი ღარიბაშვილი კი ისევ შინაგან საქმეთა მინისტრად ბრუნდებაო... თითქოს ყველაფერი იმ სცენარით მიმდინარეობდა, რომელიც ჟურნალისტებმა სამთავრობო სტრუქტურების კულუარებიდან გამოიტანეს - პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა, მეორე დღეს კი მის ადგილზე უკვე ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინეს, მაგრამ თურმე დიდი სიურპრიზიც გველოდა - შსს-ს ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც ბრუნდება დიდ პოლიტიკაში, ოღონდ არა "მშობლიურ" შსს-ში, არამედ... თავდაცვის მინისტრად.

ეს სიურპრიზი ვერც ერთმა ექსპერტ-პოლიტიკოსმა ვერ გამოიცნო და ვერც რომელიმე ჟურნალისტმა მოჰკრა ყური ამას პარლამენტისა თუ მთავრობის აპარატის დერეფნებში.

ერთი შეხედვით, მართლაც ცოტა უცნაური იქნებოდა, "დიდ პოლიტიკაში" დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი ისევ შს მინისტრის სავარძელში რომ ჩამჯდარიყო ანუ "ერთ მდინარეში მეორედ შესულიყო", მაგრამ მეორე მხრივ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას პოზიციებიც ძალიან მყარი ჩანდა. ჯარში ჩურჩულებდნენ, ის ამერიკელებს ისე "ჩაეხუტა", მის მინისტრობას არაფერი ემუქრებაო.

მართლაც, ლევან იზორიამ, რომლის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა 2016 წლის 1 აგვისტოს ასეთივე სიურპრიზად იქცა ქართული არმიისთვის, სამწლიანი მინისტრობის პერიოდში საკმაოდ გაიმყარა პოზიციები, უპირველესად კი - ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან.

გვინდა თუ არა ამის აღიარება, ფაქტია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ჩვენთან მიმდინარე სამთავრობო საკადრო ცვლილებებს და კულუარებს მიღმა რჩევებსაც არ იშურებენ.

ეს არაოფიციალური "ტრადიცია" შევარდნაძის დროიდან მოდის, მაგრამ ყოველთვის ზუსტად როდი იცავდნენ, მაგალითად, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამ თბილისში მყოფი ამერიკელი სამხედრო მრჩევლების დიდი განცვიფრება გამოიწვია, რაც მათ გაოგნებად ექცათ, როცა დაინახეს, რას აკეთებდა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოქრუაშვილი თითქმის ორი წლის განმავლობაში.

სამაგიეროდ, აგვისტოს ომის შემდეგ თავდაცვის მინისტრად დავით სიხარულიძის დანიშვნას პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერა მოჰყვა, რადგან იცოდნენ, რომ სიხარულიძე ოქრუაშვილივით ახალი წლის ცხინვალში აღნიშვნას არავის დაჰპირდებოდა.

ლევან იზორია თავდაცვის მინისტრი სამი წელი და ერთი თვე იყო, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია, თუმცა ის ვერ დაეწია დავით თევზაძეს, რომელიც 18 თავდაცვის მინისტრს შორის ყველაზე "ხანდაზმული" აღმოჩნდა - თავდაცვის სამინისტროს ხუთი წელი ხელმძღვანელობდა. სამწლიანი მინისტრობის პერიოდში იზორიას გუნდი გამოირჩეოდა აქტიურობით, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ასპარეზზე, რაც საქართველოს პოლიგონებზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების გახშირებითა და მასშტაბების ზრდით გამოიხატა; ამასთანავე, მისი მინისტრობის დროს დაიწყო იმ პროგრამების განხორციელება, რომლებსაც, წესით, ქართული არმიის გაძლიერება უნდა მოჰყვეს.

ლევან იზორიას გადაყვანა უსაფრთხოების საბჭოს მდივნად არ უნდა იყოს საღ აზრს მოკლებული, რადგან წინა თანამდებობებზე მუშაობისას მას დაუგროვდა ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებისთვის საჭირო გამოცდილება. ამასთან, უკეთესია, როდესაც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მოქმედი მინისტრი არ არის, რადგან მას მეტი დრო ექნება ძირითადი და ასე მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ კანონით უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ერთ-ერთი მინისტრი უნდა იყოს. ეს კანონი რომ არ დაარღვიონ, ლევან იზორიას, ალბათ, დაზვერვის სამსახურის უფროსადაც დანიშნავენ, რომლის შთამბეჭდავი ოფისი თბილისის ზღვის პირას ააშენეს.

ირაკლი ღარიბაშვილს ძალოვანი სტრუქტურის - შსს-ს მართვის ერთწლიანი და პრემიერმინისტრობის ორწლიანი გამოცდილება აქვს. მართალია, თავდაცვის სტრუქტურის მართვას თავისი ნიუანსები აქვს, მაგრამ შეუძლებელი არ არის, მით უმეტეს, რომ თავდაცვის მინისტრის სავარძელში, 1991 წლიდან მოყოლებული, ზოგი ისეთი პიროვნება გვინახავს, რომლის ჯართან ახლოს მიშვებაც კი დანაშაული იყო.

კანონის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ფუნქციები გამიჯნულია, ანუ სამოქალაქო მოსამსახურეებმა თავისი საქმე უნდა აკეთონ, სამხედროებმა - თავისი, თუმცა არაოფიციალურად ერევიან თუ არა ერთმანეთის კომპეტენციაში (განსაკუთრებით - სამოქალაქოები სამხედრო საკითხებში), სხვა საკითხია.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროში, ალბათ, საკუთარი გუნდით მივა და მეტ-ნაკლებად გაჭიანურებული საკადრო ცვლილებების პროცესის მომსწრენი გავხდებით.

ახალ თავდაცვის მინისტრს (პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ) მოუწევს ორ ძირითად ფრონტზე ბრძოლა - საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დონის შენარჩუნება და გაზრდა და ქართული არმიის ყველა სამართლებრივი და ფინანსური პრობლემის მოგვარება ჩვენი თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაძლიერებლად.

საპარლამენტო კომიტეტების მოსმენაზე მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ძირითად კონკრეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება - ეს არის სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების გაწვევის სისტემის მოწესრიგება და ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარება.

პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" ნაბოძები ფიქტიური მღვდელმსახურის ფარატინა ქაღალდი უკვე გამოიყენა რამდენიმე ათასმა ახალგაზრდამ და გადაივადა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, რაც ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემად იქცა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მექანიზმი სასწრაფოდ არის დასახვეწი - გაწვევა მხოლოდ თავდაცვის ძალებში უნდა განხორციელდეს, ამ ჯარისკაცების სხვა სამინისტროებში განაწილება კი მხოლოდ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ შეიძლება და არა ისე, როგორც დღეს "მსახურობენ" დაცვის პოლიციაში.

მეორე საკითხი, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა გაამახვილა ყურადღება, არის ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარება. "ჩემი ჯერ მინისტრობის და შემდეგ პრემიერმინისტრობის დროს ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში," - განაცხადა მან საპარლამენტო მოსმენისას.

ეტყობა მომავალი მინისტრი "ტყვიის საწარმოში" ვაზნების წარმოებას გულისხმობდა, რაც მართლაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის და რის აუცილებლობაზეც, ორ ათეულ წელზე მეტია, ამაოდ გავყვირით "კვირის პალიტრის" ფურცლებიდან.

სხვადასხვა კალიბრის ვაზნების და მით უმეტეს - მცირე კალიბრის ჭურვების სერიული წარმოება, უპირველესად, გამოადგებოდა ქართულ არმიასა და სხვა პარამილიტარულ დანაყოფებს უფრო ინტენსიური საცეცხლე მომზადებისთვის.

და თანაც, ვაზნების ბიზნესი ძალიან მომგებიანია და მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მასალის მსოფლიო ბაზარი უკიდურესად გაჯერებულია და ძალიან ძნელია იქ შეღწევა, შედარებით იაფი ქართული წარმოების ვაზნების მყიდველების პოვნა ყოველთვის იქნება შესაძლებელი. ამასთან, ვაზნებისა და ჭურვების წარმოებისთვის საჭირო იქნება ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის ზოგიერთი მიმართულების გაძლიერება, რაც ასევე სასიკეთოდ გამოადგებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.

და ერთიც - თუკი საქართველო, ბოლოს და ბოლოს, მართლაც შეძლებს საბრძოლო სახარჯი მასალის - რამდენიმე კალიბრის ვაზნის წარმოებას, აღარ მოგვიწევს მათი საზღვარგარეთ ყიდვა, თანაც - უზომოდ გაბერილი ფასით.

"დელტას" პოტენციალის გამოყენებით მართლაც შეიძლება შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე ძალიან პატარა, მაგრამ მაინც ქართული ნიშა მოვძებნოთ, ამაზე ფიქრი კი არა მარტო თავდაცვის სამინისტროს, არამედ სახელმწიფოს მართებს.

გასაკეთებელი ძალიან ბევრია, რადგან თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების სამ ათეულათასიანი კოლექტივი, ფაქტობრივად, "ქვეყანაა ქვეყანაში" და მას მუდმივი ყურადღება და მართვა სჭირდება, ასე რომ, მალე ვნახავთ "ახალი სისხლის" - საქართველოს მე-19 თავდაცვის მინისტრის ხელში რა შეიცვლება ქართულ არმიაში.

შეგვიძლია კი სამხედრო თვითმფრინავების წარმოების განახლება?

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე =აღნიშნა, რომ სამხედრო თვითმფრინავების წარმოების აღდგენაზე ფიქრობს. Mმაგრამ რამდენად რეალურია ეს დღეს? თბილისის საავიაციო ქარხანა 1941 წლიდან მართლაც უშვებდა საბრძოლო თვითმფრინავებს, მაგრამ დღეს იგივე ჩე-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის წარმოების აღდგენა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან მის მაკომპლექტებელ ნაწილებს რუსეთი არ მოგვაწვდის. ქარხანაში შემორჩენილი დეტალებიდან კიდევ შეიძლება რამდენიმე მოიერიშის კორპუსის ნაწილობრივ აწყობა, მაგრამ რეაქტიული ძრავების, კატაპულტებისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების უქონლობა ამ წამოწყებას არარეალურს ხდის. ამას აჯობებდა, სახელმწიფოს ეფიქრა იმ 12 ერთეული ჩე-25 ტიპის მოიერიშის მოდერნიზაციაზე, რომლებიც მერამდენე წელია მარნეულის საჰაერო ბაზაში იმტვერებიან - თავდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობას მათი გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი. Mმონდომებისა და დიდი დაფინანსების შემთხვევაში შეიძლება სამხედრო დანიშნულების საფრენი აპარატების (ჩემი აზრით, ჯობს უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი თვითმფრინავების) წარმოება, რომელთა დეტალები მხოლოდ დასავლური უნდა იყოს, რათა მათ მოწოდებაზე ემბარგო არ დაგვიწესოს რუსეთმა.