NATO რუსეთის მტერი აღარ იქნება - კვირის პალიტრა

NATO რუსეთის მტერი აღარ იქნება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლისაბონის სამიტზე ახალი ათწლიანი სტრატეგიული კონცეფცია დამტკიცდა, რომელშიც რუსეთი მოწინააღმდეგედ კი არა, პარტნიორად მიიჩნევა, ხოლო საქართველოსთან ურთიერთობა გაგრძელდება და განვითარდება...

NATO-ს ახლანდელ სამიტს საქართველოში ბევრი იმედის თვალით შეჰყურებდა, იქნებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტისაგან განსხვავებით, ახლა მაინც მოეცათ MAP-ი, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ასე არ მოხდა.

სამიტზე NATO-მ ახალი სტრატეგიული კონცეფცია მიიღო, რომელიც უახლოეს 10 წელში უნდა განხორციელდეს. ამ კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ ალიანსი უკრაინასა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების განვითარების გაგრძელებას სთავაზობს NATO-უკრაინის საბჭოსა და  NATO-საქართველოს კომისიის ფორმატით.

ანუ, როგორც მოსალოდნელი იყო, ლისაბონის სამიტზე დადასტურდა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები მხოლოდ მაშინ გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები, როდესაც ამისთვის მზად იქნებიან.

უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას, ისევე როგორც მოსახლეობის დიდ ნაწილს რომ აღარა აქვს სურვილი, თავისი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობაში იხილოს, საიდუმლო არ არის.

საქართველოს  NATO-ს სრულუფლებიან წევრად მიღება კი უახლოესი 5-7 წლის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდო ჩანს, მით უმეტეს, თუ რუსეთის ფაქტორს გავითვალისწინებთ.

ლისაბონის სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფციის ლაიტმოტივად სწორედ რუსეთის ფაქტორი იქცა.

შექმნის 61 წლისთავზე  NATO აცხადებს, რომ ის რუსეთისთვის აღარ წარმოადგენს საშიშროებას და სურს, რეალური სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის. ამ სერიოზული განცხადების შემდეგ  NATO-ს ხელმძღვანელობა მოელის, რომ მოსკოვიც შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე სთავაზობს რუსეთს, ერთობლივად შექმნან ევროპის ერთიანი ანტისარაკეტო სისტემა, რომლის პირველივე ეტაპზე რუსული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო და ევროპაში მოქმედი  NATO-ს წევრი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის სისტემები ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას შეძლებენ.

NATO-ში ასევე თვლიან, რომ  ISAF-ის ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ მოქმედებებში რუსეთს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია როგორც ავღანელი სამართალდამცავებისა და სამხედროების გაწვრთნით, ისე იარაღისა და შვეულმფრენების მიწოდებით და, რა თქმა უნდა, რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი საჰაერო და სახმელეთო დერეფნებით ევროპიდან ავღანეთში IშAF-ის მუდმივი მომარაგებით.

როგორც ვხედავთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მართლაც სერიოზულად არის დაინტერესებული რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებით.

რამდენად ძნელად აღსაქმელიც უნდა იყოს ეს ბევრი ჩვენი მკითხველისათვის, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ NATO-რუსეთის ურთიერთობა უფრო მჭიდრო და მეგობრული გახდეს. შესაძლოა, მომავალში დასავლეთთან დაახლოებამ შეაკავოს კრემლის ველიკოდერჟავული ზრახვები მეზობლების და პირველ რიგში, საქართველოს მიმართ.

სანამ ეს მოხდება (ან საერთოდ, მოხდება კი?), როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველო ვერ გახდება  NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, თუნდაც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გულის მოსაგებად ავღანეთში მთელი ქართული არმია გაგზავნოს.

რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების მსურველი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გადადგამს კრემლის გამაღიზიანებელ ნაბიჯს, მით უფრო, საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის გამო, რადგან სასწორზე უფრო დიდი (მათი გადმოსახედიდან) პოლიტიკა დევს.

NATO დღეს ისევეა ჩაფლული ავღანეთის ომის ჭაობში, როგორც თავის დროზე აშშ იყო  ვიეტნამში, ან საბჭოთა კავშირი - იმავე ავღანეთში. პრეზიდენტ ბუში-უმცროსს რომ არ დაეწყო  ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია ავღანეთში და მხოლოდ წერტილოვანი სპეცოპერაციებით შემოფარგლულიყო "ალ-ქაიდასა" და "თალიბანის" წინააღმდეგ, დღეს ასეთ დღეში არ აღმოჩნდებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელსაც ავღანეთში  ISAF-ის ოპერაციის ხელმძღვანელობა აშშ-მა 2003 წლიდან გადააბარა.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში NATO-ს ძირითადი ყურადღება და, რაც მთავარია, ფინანსები ბრიუსელიდან 5 ათასი კმ-ის დაშორებით, ავღანეთში, ISAF-ის მოსამარაგებლად იხარჯება. ამან უკანა პლანზე გადასწია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების დაწყებული გეგმა, რასაც, გარკვეულწილად, საქართველოს სტრატეგიული ინტერესი  -  NATO-ში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრებაც - შეეწირა.