ოკუპაცია გრძელდება, ამჯერად მალულად... - კვირის პალიტრა

ოკუპაცია გრძელდება, ამჯერად მალულად...

ხაშურის რაიონში ოსმა სეპარატისტებმა ოკუპაციის საზღვარი კილომეტრზე "გადმოგვიჩოჩეს", თბილისს კი ისევ "სძინავს"?!

მაშინ, როდესაც საქართველოს დედაქალაქი შიდაპოლიტიკური გარჩევებით იყო "დაკავებული" - ახალი მთავრობის დამტკიცება და ოპოზიციის ისტერიკა ყველა ტელეარხის მთავარი გადაცემა გახლდათ - "ჩვენებურმა" სეპარატისტებმა ადმინისტრაციული საზღვარი ხაშურის რაიონში ერთ კილომეტრზე მეტად "გადმოგვიწიეს" და დამატებით არანაკლებ 300 ჰექტარი ქართული მიწის მიტაცება კიდევ სურთ.

უთუოდ ეს ოსი სეპარატისტების და მათ უკან მდგარი რუსი ოკუპანტების სამაგიერო გახლდათ ამ რაიონში, სოფელ ჩორჩანასთან სამი კვირის წინ გახსნილი ქართული საპოლიციო საგუშაგოს გამო.

მაშინ "კვირის პალიტრის" მკითხველს თანამგზავრიდან გადაღებული სურათის საშუალებით ავუხსენით, რომ ქართული საპოლიციო საგუშაგო ადმინისტრაციული საზღვრიდან, რომელიც საოკუპაციო ხაზად გვიქციეს, არანაკლებ 200 მეტრშია, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასე რომ, ქართულ მხარეს "ზედმეტი" არაფერი "გაუბედავს", მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა სეპარატისტ-ოკუპანტებისთვის მტკივნეული საპასუხო ნაბიჯის გადასადგმელად. ოსი სეპარატისტების საგუშაგო 944,8 მ-ის სიმაღლის მთის წვერზე, საიდანაც სოფელ ჩორჩანისა და ქართული საპოლიციო საგუშაგოს გაკონტროლება შეიძლება მათ ოსურ სოფელ წნელისიდან დასავლეთით, ქართულ სოფელ ჩორჩანისკენ, მთაში, თითქმის 1, 2 კმ-იანი სამანქანო გზა გაჭრეს ტრაქტორებით და 944, 8 მ სიმაღლის მთის წვერზე ოსური საგუშაგო დადგეს, რითაც დაარღვიეს ადმინისტრაციული საზღვარი.

უფრო მეტიც - დაუსჯელობით "ფრთაშესხმულმა" სეპარატისტებმა ადმინისტრაციული საზღვრის ზოლიც დასავლეთით ისე "გადმოაჩოჩეს", რომ მათი უკანონო საგუშაგო მის ფარგლებში მოქცეულიყო.

ამასთან, სეპარატისტები ამზადებენ მეორე საგუშაგოსაც, რის შემდეგაც ეს ორივე ოსური ბლოკპოსტი, ფაქტობრივად, ზურგში მოექცევა ქართულ საპოლიციო საგუშაგოს და იმის შიშით, ჩვენი პოლიციელები ალყაში არ მოგვიქციონ, შეიძლება იძულებული გაგვხადონ ჩვენი საგუშაგო მოვშალოთ.

რატომ დაიძაბა ვითარება მაინცდამაინც ოკუპაციის ზოლის ამ მონაკვეთში?

დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს სერიოზულ კომერციულ ინტერესებთან - საბჭოთა პერიოდში ამ რაიონში მუშაობდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების საწარმოები, რომელთა აღდგენა სურთ დღეს სეპარატისტებს, მაგრამ იმის გამო, რომ ყოფილი საწარმოები, ისევე როგორც საბადოები, ძირითადად, ადმინისტრაციული საზღვრის, საოკუპაციო ხაზის დასავლეთ, ანუ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა, სეპარატისტთა ლიდერები მათ მიტაცებას ცდილობენ.

სავარაუდოდ, სეპარატისტ-ოკუპანტებს საბადოების ასამუშავებლად უცხოელი ინვესტორების შემოყვანა სურთ, რადგან თავად საამისო არც ძალა და არც სახსარი არ გააჩნიათ, სამაგიეროდ, მათ დიდ წილში ჩაუსხდებიან.

ფალსიფიკაცია ოსურად

გაღმა შემოდავების პრინციპით ოსი და აფხაზი სეპარატისტები რუსი ოკუპანტების კარნახით მეოთხედ საუკუნეზე მეტია ებრძვიან საქართველოს მთლიანობას.

ამის კიდევ ერთ ნათელ დადასტურებად იქცა ოსი სეპარატისტების კა-გე-ბეს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელსაც კილომეტრებიდან ასდის ფალსიფიცირების სუნი. ოსი 'შტირლიცების' ფალსიფიცირებული, ვითომ ქართული 'სავსებით საიდუმლო' დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ღიმილს გამოიწვევდა, ვითარება ასე არასახარბიელო რომ არ იყოს ჩვენთვის... ოსი "კაგებეშნიკების" მტკიცებით, მათ ეს "სავსებით საიდუმლო" დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს "მოჰპარეს" და თითქოს "ქართული ოცნება" სუს-თან ერთად "ოსებზე მორიგი შეტევის" ორგანიზებას აპირებს.

შენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სეპარატისტული და საოკუპაციო ძალა რომ გასანადგურებელია, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ცხინვალელი "შტირლიცების" გამოფენილი ვითომ საიდუმლო დოკუმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს კანონი "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" (რომლის დახვეწაში ამ სტატიის ავტორსაც აქვს მცირე წვლილი შეტანილი) არ ითვალისწინებს ცნებას "სავსებით საიდუმლო". საიდუმლოობის ხარისხის გათვალისწინებით დადგენილია საიდუმლოების შემდეგი გრიფები: "განსაკუთრებული მნიშვნელობის", "სრულიად საიდუმლო", "საიდუმლო" და "შეზღუდული სარგებლობისთვის". ასე რომ, ოს "შტირლიცებს" ერჩივნათ ჯერ ქართულ კანონმდებლობაში ჩაეხედათ, სანამ "სავსებით საიდუმლო" ფალსიფიკაციას გამოაცხობდნენ.

თუმცა, რა კანონებში ჩახედვაზეა ლაპარაკი, როდესაც ეს ფალსიფიცირებული, ვითომ საიდუმლო დოკუმენტი იმდენ სტილისტურ და გრამატიკულ შეცდომას შეიცავს, რასაც ქართული სკოლის მოსწავლეც კი არ დაუშვებს - "ფინანსური რაკლის დამუხტვა", "რეგიონალური შეთნთქმულების დახურვა", "იუსტიციის სტრუკტურის განახლება" და "ფინანსური სტრუკტურის განახლება".

კარგად ჩანს, რომ ეს "მარგალიტები" ქართულ ენასთან მწყრალად მყოფის "შემოქმედებაა" და რაც უნდა საკრიტიკებელი იყოს ჩვენი სუს-ი, ვერაფრით დავიჯერებთ, რომ ამ სტრუქტურაში ქართული წერა-კითხვა ასე არ "ეკერკებათ".

უბრალოდ, ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს - საინფორმაციო ომის ხერხებით სეპარატისტ-ოკუპანტები ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოებრიობას ყურადღება გადაატანინონ ასეთ ფალსიფიცირებულ, ვითომ საიდუმლო დოკუმენტების განხილვა-ბჭობაზე, რათა ჩრდილში მოექცეს ამჯერად ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიების "ჩუმი" ოკუპაცია.

რისთვის ჭრიან მთებში გზებს სეპარატისტები...

1, 2 კმ-იანი გზა სეპარატისტებმა ექსკავატორებით გაჭრეს, რომელთა გუგუნი თბილისში რატომღაც არ 'ისმოდა'...

ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანის მიმართულებით მთებში გზის გაჭრის ტაქტიკა არახალია ოსი სეპარატისტებისთვის.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს მათ დიდი გუფთიდან ცხინვალამდე მთებში გზა გაჭრეს, რომელიც ჯავა-ცხინვალის შემაერთებელი ცენტრალური, თამარაშენი-კეხვის გზას დასავლეთიდან უვლიდა. ამით სეპარატისტებმა თავიდან აიცილეს ქართულ სოფლებში გავლა, რაც კარგად გამოიყენეს აგვისტოს ომის დროსაც.