რატომ "მოიცალა" პუტინმა აფხაზების "არმიისთვის"?
03-10-2019
რატომ "მოიცალა" პუტინმა აფხაზების "არმიისთვის"?
"რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა კე-გე-ბეს დროინდელ კოლეგა ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტად" ნიშნავს და მისი მოწინააღმდეგე აფხაზების გულის მოგებას აფხაზური "არმიის" მოდერნიზაციის დაპირებით აპირებს"

22 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომელიც "აფხაზური არმიის" მოდერნიზაციისთვის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს.

რატომ დასჭირდა რუსეთის პრეზიდენტს, ორიათასიანი, ნახევრად რეგულარული აფხაზური "არმიის" პრობლემების გახსენება და მის გაძლიერებაზე ფიქრი?

აფხაზური "არმია" რაოდენობით ერთ რუსულ მოტომსროლელ ბრიგადასაც ვერ უტოლდება და მისი გაძლიერება-არგაძლიერებით საქართველოს ამ ოკუპირებულ ნაწილში თითქმის არაფერი შეიცვლება,
რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში "აღლუმი მიჰყავთ" არა აფხაზებს, არამედ რუსეთის საოკუპაციო ძალებს მე-7 სამხედრო ბაზის სახით. მით უფრო, რომ 2015 წლის ნოემბერში შეიქმნა "გაერთიანებული დაჯგუფება აფხაზეთში", რომელშიც რუსეთის მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზის გარდა შევიდა აფხაზი სეპარატისტების "არმიის" ორი ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, სპეციალური
დანიშნულების ცალკეული რაზმი.

ამ "გაერთიანების" შემდეგ, რომელიც შეიძლება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზი სეპარატისტების "არმიის" ლომის წილის "გადაყლაპვად" შეფასდეს, რაღა დარჩა სეპარატისტულ სოხუმს, რომ ის "არმიად" ჩათვალოს და თანაც მის მოდერნიზაციაზე იფიქროს?

კრემლმა სეპარატისტები როგორც ცხინ­ვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში მეოთხედი საუკუნის განმავლობაში კარგად გამოიყენა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში (მათი გადასროლა არც ოკუპირებულ დონბასში დავიწყებია უკრაინის წინააღმდეგ), მაგრამ რუს გენერლებს აღარ სჭირდებათ წვერმოშვებული ავტომატიანი ოსებისა და აფხაზების ნაკლებად მართვადი შეიარაღებული რაზმები და რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზების შემადგენლობასთან მათ "შერწყმას" იმიტომ ცდილობენ, რომ "წვერი გაპარსონ" და უკეთ გააკონტროლონ.

ამ ფონზე ჩნდება მოსაზრება, რომ პუტინის ზრუნვა "აფხაზური არმიის" (რომელიც ერთ რუსულ ბრიგადასაც კი ვერ უტოლდება) მოდერნიზაციაზე სხვა არაფერია, თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის თვალში ახალ "პრეზიდენტად" "არჩეული" ძველი "პრეზიდენტის", რაულ ხაჯიმბას მხარდასაჭერი პოლიტიკური ნაბიჯი.

"თქვენ სწორი ნაბიჯი გადადგით, რომ ისევ ხაჯიმბა აირჩიეთ, სამაგიეროდ, რუსეთი თქვენს მხარესაა და ხედავთ, არმიასაც გიძლიერებთ" - დაახლოებით ასეთია შეტყობინება, რომელსაც კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთ უგზავნის, რომელთა უმრავლესობა - ძირითადად, აფხაზი ეროვნების ადამიანები - წინააღმდეგი იყვნენ ხაჯიმბას კანდიდატურის და მხარს მის მთავარ მოწინააღმდეგეს, ალხას კვიწინიას უჭერდნენ.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კვიწინიას ხაჯიმბამ, ძირითადად, სომეხი ეროვნების მოსახლეობის ხმებით აჯობა, რამაც აფხაზებსა და სომხებს შორის ურთიერთობა დაძაბა. ხაჯიმბას მეორედ "გაპრეზიდენტება", მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი აფხაზების უმეტესობა ამის წინააღმდეგი იყო, გარდაუვალი ჩანდა, რადგან პუტინი თავისი მმართველობის, ფაქტობრივად, ორი ათეული წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან პოსტზე სპეცსამსახურებიდან მოსულ კადრებს ნიშნავს. აულ ხაჯიმბა 1986-92 წლებში ტყვარჩელში საბჭოთა კე-გე-ბეს თანამშრომელი იყო, აფხაზეთის ომის დროს ტყვარჩელში აფხაზების სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, რომლებიც, როგორც ცნობილია, "თავისიანს არ მიაგდებენ..."

ჩვენი დოსიე:


აფხაზური "არმიის" შეიარაღებაში შეიძლება იყოს 50-მდე მოძველებული ტანკი, 70-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 30-35 სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარი, ათამდე თვითმფრინავი და შვეულმფრენი, ექვსი სასაზღვრო კატარღა. სეპარატისტების ამ შეიარაღების მოდერნიზაცია მაინცდამაინც ვერაფერს შეცვლის, რადგან მთავარი საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზებია.
მედეა
03 ოქტომბერი 2019 13:16
აფხაზები გვიან მიხვდებიან რა შარშიც აქვთ თავი გაყოფილი. ქართველებთან რომ იყვნენ, საუკუნეებში გამოატარეს იდენტობა, ენა და ტრადიციები, ახლა გარუსება და სომხებისგან მტკივნეულად შევიწროება 50-100 წელიწადშივე ემუქრებათ. ასირიელი ხალხი მძლავრობდა ერთ დროს, ახლა სადღა არიან, ასეთი ბედი მოინდომეს მათაც, ღმერთმა მიუზღოს ღალატისათვის უ ა რ ე ს ი ც! ამინ!
giga-s
03 ოქტომბერი 2019 12:39
ვინ დაუწესებს სანქციებს, პუტინის კოლეგა (ყოფილი "გედეერის" კგბ-შნიკი) მერკელი თუ ტუტუცი მაკრონი?
ჯაბა
03 ოქტომბერი 2019 12:24
რატომ? დაუმატებს 2-3 საბრძოლო კატარღას და როცა მოუნდება საქართველოს სანაპიროს დაარბევს? დავუპირისპირებთ რამეს?

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები