კადიროვის სპეცრაზმი ნორვეგიაში და შეიძლება... საქართველოშიც?
კადიროვის სპეცრაზმი ნორვეგიაში და შეიძლება... საქართველოშიც?
"ნატოს წევრი ნორვეგიის ტერიტორიაზე კადიროვის სპეცრაზმელების დაუსჯელად "გასეირნების" ფაქტების დამტკიცების შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეპუტაცია შეილახება"

რამდენიმე დღის წინ ნორვეგიის მასმედიაში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, რომ არქიპელაგ შპიცბერგენს, არც მეტი, არც ნაკლები, რუსული სპეცდანიშნულების რაზმი დაუპატიჟებლად "ეწვია"! მეტიც - რუსული სპეცრაზმის შეიარაღებულმა წევრებმა შეიძლება დაუსჯელად "გაინავარდეს" ნორვეგიის კონტინენტურ ნაწილშიც კი, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი პირველი წევრი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთელი ნატოსთვის, დიდი სირცხვილი უნდა გახდეს.

ნორვეგიის ტერიტორიაზე რუსული სპეცრაზმის გამოჩენა, სავარაუდოდ, დააფიქსირა
ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის ეკიპაჟმა, რომელიც ბარენცის ზღვაში რუსეთის ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სწავლებას ჰაერიდან აკვირდებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ტრადიციულად, უარყო ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედროების გადასხმის ფაქტი, მაგრამ მათთვის მოულოდნელად, სოციალურ ქსელებში ისევ რუსმა ჟურნალისტებმა იპოვეს არაერთი ფოტო, რომლებზეც კარგად ჩანან ნორვეგიის ტერიტორიაზე "მოსეირნე"
რუსულდროშიანი სამხედროები, რომლებიც "კადიროვის მფრინავი ჯგუფის" სახელით ცნობილი ჩეჩნური სპეცრაზმის შემადგენლობაში არიან და ოფიციალურად "როსგვარდიას" ემორჩილებიან.

2016 და 2018 წლებში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქვეყნოდ ამაყობდა იმით, რომ მისმა ელიტარულმა სპეცრაზმმა არქტიკაში სადესანტო ოპერაციები ჩაატარა, თუმცა, ბუნებრივია, არსად უხსენებია ნორვეგიის ტერიტორიაზე დესანტირების ფაქტი.

არქიპელაგ შპიცბერგენს განსაკუთრებული სტატუსი აქვს და ნორვეგიის გარდა, მის დასავლეთ ნაწილში რუსეთსაც აქვს საწარმოო ობიექტები, სადაც რუსი სპეციალისტები ჩადიან, მაგრამ არქიპელაგი დემილიტარიზებულ ზონად არის გამოცხადებული და იქ შეიარაღებული სამხედროების გამოჩენა დაუშვებელია, არადა, არქტიკულ კამუფლაჟში გამოწყობილ და "კალაშნიკოვით" შეიარაღებულ ჩეჩენ სპეცრაზმელს სელფი ქალაქ ლონგირში აქვს გადაღებული, რომელიც შპიცბერგენის ადმინისტრაციული ცენტრია.

ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩეჩენი სპეცრაზმელების მალული "გასეირნება", რომლებიც "მწვანე კაცუნების" სახით 2014 წელს ყირიმს "ესტუმრნენ", ხოლო მანამდე, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოიჭრნენ, კარგი გაფრთხილება უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობისთვის და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის.

რუსეთის სამხედრო დაზვერვის დავალებით მომუშავე "კადიროვის სპეცრაზმის" მალული "სტუმრობები" სხვა ქვეყნების საზღვრებთან და მათი ტერიტორიების სიღრმეშიც კი, როგორც წესი, სადაზვერვო-დივერსიული ხასიათისაა და იმ საიდუმლო გეგმების განხორციელების საწყისი ეტაპია, რომლებიც კრემლის ბინადართა გონებაში მწიფდება.

კავკასიიდან ასე შორეულ ნორვეგიის სანაპიროზე კადიროვის "დესანტის" გამოჩენა, ბუნებრივია, აღძრავს ეჭვს - სანამ ჩეჩენი სპეცრაზმელები რამდენიმე ათასი კილომეტრის იქით სადაზვერვო ოპერაციას ჩაატარებდნენ, მეზობელ საქართველოს არ დაზვერავდნენ? ამის ოფიციალურად დამადასტურებელი ფაქტები არ გავრცელებულა, თუმცა რამდენიმე წლის წინ კადიროვმა სოციალური ქსელებით გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ის მთებშია, ავტომატით ხელში, ლანდშაფტი კი ძალიან ჰგავს საქართველოს ტერიტორიას.

რუსეთ-საქართველოს მთაგორიანი, რთული რელიეფის საზღვრის ჩეჩნეთისა თუ სხვა მონაკვეთების ყველა საცალფეხო ბილიკის გაკონტროლება ძალიან ძნელია და ყოველთვის არის საშიშროება, რომ საქართველოსადმი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე მეგობრულად განწყობილი მეზობელი ქვეყნიდან სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები შემოგვიგზავნონ, თუნდაც გზააბნეული მონადირეების სახით, მით უმეტეს, რომ პანკისის ხეობა, როგორც ზემოქმედების ბერკეტი, კრემლისთვის ყოველთვის საინტერესოა.
leri-ს
16 ოქტომბერი 2019 13:47
ეჰ ერთი კადიროვი კიდევ მთელ ერს თავის ჭკუაზე ატრიალებს
leri
15 ოქტომბერი 2019 16:00
ერთი ჩეჩენი მინიმუმ 10 ამერიკელ ჯარისკაც უდრის,
ოკ
12 ოქტომბერი 2019 12:12
პირველ რიგში მისახედია დემოგრაფიისთვის, მინიმუმ ჩვენი ტერიტორიები რომ შევავსოთ, ადამიანური რესურსი უნდა გავზარდოთ მთელს ქართულ მიწებზე განსაკუთრებით საზღვრისპირა ტერიტორიებზე, რომ უცხოტომელები მარტივად ვერ ვერ ბედავდნენ თავხედობას

როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები