გაიმეორებს თუ არა უკრაინა აფხაზეთის ომისდროინდელ ჩვენს შეცდომებს? - კვირის პალიტრა

გაიმეორებს თუ არა უკრაინა აფხაზეთის ომისდროინდელ ჩვენს შეცდომებს?

"ოკუპირებულ დონბასში "შტაინმაიერის ფორმულით" არჩევნების ჩატარებამ ეს რეგიონი უკრაინას შეიძლება საბოლოოდ დააკარგვინოს?!"

უთ წელზე მეტია, უკრაინა თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის. უბრძოლველად დაკარგული ყირიმის ნახევარკუნძულის შემდეგ იგივე ბედი ელოდა დონბასს - ძირითადად, პრორუსული განწყობით დასახლებულ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს, მაგრამ უკრაინელები, დიდი მსხვერპლის მიუხედავად, დღემდე არ თმობენ საკუთარი ტერიტორიის ამ ნაწილს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო პრეზიდენტ პოროშენკოს მმართველობის პერიოდში, ახალარჩეულმა ვლადიმერ ზელენსკიმ კი ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები დაიწყო, რაც მართლაც სჭირდება უკრაინას კორუფციის დასაძლევად, თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილებები თანდათანობით უფრო მეტი უკრაინელის გულისწყრომას იწვევს.

პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო გადაწყვეტილებამ, როდესაც მან ხელი მოაწერა "შტაინმაიერის ფორმულას", უკრაინის მოსახლეობის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

2016 წელს გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერმა დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარებისთვის დაპირისპირებულ მხარეებს ამ რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭება და იქ არჩევნების ჩატარება შესთავაზა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო აცხადებდა, რომ ამ გეგმას მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდებოდა, რაც რუსეთის არმიის დანაყოფები დატოვებდნენ ოკუპირებულ Dდონბასს და რუსეთის საზღვართან ისევ უკრაინელი მესაზღვრეები ჩადგებოდნენ.

ძნელი დასაჯერებელია, რომ უკრაინის დღევანდელმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასეთი გარანტიები მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუკი იქ არჩევნების პერიოდში ისევ იდგებიან რუსეთის არმიის შენიღბული დანაყოფები, ოკუპირებულ დონბასში ჩატარებული არჩევნები მხოლოდ ფარსი იქნება, მით უმეტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, ბოლო თვეებია, დონბასში დარჩენილ მოსახლეობას რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტებს ურიგებენ.

ხომ არ გაგონებთ ეს ყველაფერი იმ სცენარს, რომელიც კრემლმა საქართველოს გაუთამაშა ჯერ აფხაზეთის, შემდეგ კი აგვისტოს ომების დროს?

აფხაზეთის ომის დროს ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდისა და მშობლიური ქალაქ-სოფლებიდან იძულებით გამოყრის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილებმა არაერთი ე.წ. არჩევნები ჩაატარეს, რომელთაც ვერავითარი ლეგიტიმაცია ვერ ექნებოდა.

იგივე სცენარი გათამაშდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის წინ სეპარატისტ ოსებსა და აფხაზებს კრემლი დიდი მონდომებით ურიგებდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტებს, რათა შემდგომ საქართველოში შემოჭრის კიდევ ერთი საბაბი ჰქონოდა - რუსეთის მოქალაქეების დასაცავად გავგზავნეთ ჯარიო!

ეს სცენარები კრემლის ბინადართ კარგად აქვთ დახვეწილი, მაგრამ ხვდებიან კი უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში რა საშიშროება ელით, თუკი ოკუპირებულ დონბასში, რუსული არმიის საფარქვეშ, უკვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტებით ჯიბეში, საარჩევნო ურნასთან მისული პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა დონბასის უკრაინისგან გამოყოფასა და რუსეთთან მიერთებას დაუჭერს მხარს?! ამით ხომ კრემლი უკრაინის ამ ნაწილის ჩამოჭრის "გაპრავებას" ეცდება - ხომ ხედავთ, მოსახლეობამ ასე აირჩიაო... მოვლენები სწორედ ასე განვითარდა რუსი "მწვანე კაცუნების" ყირიმში გადასხმის შემდეგ, როცა ნახევარკუნძულზე მალევე ჩატარებული ფიქციური რეფერენდუმით ის რუსეთის ფედერაციამ შეიერთა.

გასაგებია, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტ ზელენსკის სურს შეწყდეს ხუთწლიანი სისხლის ღვრა. ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად რამდენიმე უკრაინელი მებრძოლი იღუპება და იჭრება. მისივე დიდი მონდომების შედეგია, რომ მოხდა ტყვეების ნაწილის გაცვლა, მაგრამ კარგი იქნება, მათ გაითვალისწინონ ის მძიმე გამოცდილებაც, რაც საქართველოს დაუგროვდა აფხაზეთის ომში, როცა რამდენჯერმე მწარედ გაგვაცურეს, თანაც ყოველთვის ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულებების დადების შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა. ასე დაიწყო 1992 წლის ოქტომბერში გაგრა-განთიადის დაკარგვით და ასევე დასრულდა 1993 წლის სექტემბერში სოხუმზე მორიგი შეტევით.

დღეს შეიძლება, დონბასში ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებში ხდება პოზიციების უკან გადატანა და ადგილების დემილიტარიზაცია, მაგრამ ჩვენი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება უკრაინელებიც მოატყუონ და მათ ხელახლა მოუწიოთ ნებით დათმობილი პოზიციების დასაბრუნებლად სისხლის ღვრამ.

დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, მართალია, დღეს იწონებენ "შტაინმაიერის ფორმულის" მიღებას, მაგრამ არა გვგონია, მორიგი "შეშფოთება-აღშფოთების" გარდა რაიმე რეალური ნაბიჯი გადადგან, როდესაც რუსეთისგან მხარდაჭერილი და მართული სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას დაარღვევენ და იქით შეუტევენ უკრაინელებს ახალი ტერიტორიების დასაპყრობად.

პუტინი კი, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა "შტაინმაიერის ფორმულა", ისედაც მოგებულია, რადგან ამ თემის შემოგდებით უკრაინის საზოგადოება და პოლიტიკური ძალები უკვე ორ დაპირისპირებულ მხარედ გაიყვნენ, ანუ პროგრამა მინიმუმი შესრულებულია - უკრაინის საზოგადოებაში, რომელმაც ხუთწლიან ომში ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, დაპირისპირება დაიწყო.