ძველ ოკუპანტებთან ძალას არ გამოვიყენებთ, ახლებთან? - კვირის პალიტრა

ძველ ოკუპანტებთან ძალას არ გამოვიყენებთ, ახლებთან?

ბოლოდროინდელი ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი დასავლური ვოიაჟის დროს, სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი ვალდებულების აღების შესახებ.

გამოდის, რომ ოფიციალური თბილისი უარს აცხადებს, ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად, არადა ორი წლის წინ მეზობელმა რუსეთმა ეს ტერიტორიები სწორედ ძალის გამოყენებით დაიპყრო. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მანქანას, თუნდ ჩვენს მიწაზე, ძალით რომ ვერ დავაჩოქებთ, ისედაც ცნობილი იყო;

თუმცა აგვისტოს ომმა ეს  კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა. ამ ომამდე მილიტარისტული რიტორიკა ოფიციალური თბილისის პოლიტიკის საფუძველი იყო და ეს სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან საქართველოს სამხედრო დაპირისპირებაში ითრევდა, რაც რუსულ მოედანზე წინასწარ წაგებული თამაშის ტოლფასი იყო.

2008 წლის აგვისტოს ომი, ტრაგიკული, საშვილიშვილო შედეგით, 2004 წლის ზაფხულის ცხინვალის ომმა განაპირობა. 2004 წლის 19 აგვისტოს ახალგაზრდა პრეზიდენტ სააკაშვილს ეყო გამჭრიახობა და გამბედაობა, გაეცა ბრძანება ცხინვალის შემოგარენიდან საბრძოლო დანაყოფების ცალმხრივი გამოყვანის შესახებ; ამან მაშინ დიდ ომს გადაგვარჩინა, რადგან რუსული სამხედრო მანქანა უკვე მომდგარი იყო როკის გვირაბს.

ამ საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, ჯერ კიდევ 2004 წლის ბოლოს რომ მიეღო საქართველოს პრეზიდენტს ცალმხრივი გადაწყვეტილება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ამით ის სერიოზულ პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებდა დასავლეთის წინაშე და არც კრემლს მივცემდით აგრესიის  საბაბს. ამასთან, არც მილიონები დაიხარჯებოდა საქართველოს გაჭირვებული ბიუჯეტიდან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კლასისა და ტიპის ძვირად ღირებული შეიარაღების შესაძენად, რომელთა დიდი ნაწილი 2008 წლის აგვისტოში ნაალაფარის სახით გავატანეთ მოწინააღმდეგეს.

თუკი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში უარს ვამბობთ ძალის გამოყენებაზე და მხოლოდ დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის იმედად ვრჩებით, რაღა აზრი აქვს შეიარაღებული ძალების გაზრდას? ან იქნებ არმია მართლაც მხოლოდ იმიტომ გვჭირდება, რომ ერაყში, ავღანეთსა თუ კიდევ ვინ იცის სად, სამშვიდობო მისიებით წესრიგი დავამყაროთ მაშინ,  როცა ჩვენი ტერიტორიებისთვის ვერ მოგვივლია?

ისე, საინტერესოა, გავრცელდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ძალის გამოუყენებლობის შესახებ იმ სავარაუდო ოკუპანტებზე, რომლებმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის სამხრეთ რაიონების დაკავება მოინდომონ? ან როგორ მოვიქცევით, თუ "ძველი" ოკუპანტები საოკუპაციო საზღვრების გაფართოებას მოისურვებენ?