თურქების ომი ქურთებთან...
თურქების ომი ქურთებთან...
რა მიზანს ისახავს პრეზიდენტ ერდოღანის მიერ მეზობელ სირიაში ქურთების წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო"?

მოხდა ის, რაც, დიდი ხანია, მწიფდებოდა - თურქეთის არმიამ მეზობელი სირიის ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "მშვიდობის წყარო". თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, "მშვიდობის წყაროს" მთავარი ამოცანაა "თურქეთის მუშათა პარტიისა" და "ისლამური სახელმწიფოს" შეიარაღებული დანაყოფების განადგურება, ასევე - სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ 30 კმ სიგანის ბუფერული ზონის შექმნა, სადაც სირიიდან თურქეთში დევნილი სამ მილიონამდე
ადამიანის დაბინავება იგეგმება.

თურქეთს მართლაც აქვს სერიოზული პრობლემა იმის გამო, რომ სირიაში თითქმის ცხრა წელი მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად მეზობელ თურქეთს თავი სამ მილიონზე მეტმა სირიის მოქალაქემ შეაფარა და, ბუნებრივია, ოფიციალურ ანკარას სურს, ეს მძიმე "ტვირთი" როგორმე შეიმსუბუქოს.

მეორე მხრივ, "თურქეთის მუშათა პარტიისა" და "ისლამური
სახელმწიფოს" მოწინააღმდეგეთა საერთო სიაში გაერთიანება ცოტა უცნაურად ჟღერს, რადგან სწორედ ქურთები იყვნენ და არიან "ისლამური სახელმწიფოს" ყველაზე დიდი მტრები, რადგან "ისლამისტები" ქურთებს დაუნდობლად ხოცავდნენ.

დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ოფიციალური ანკარის მთავარი მიზანი "ისლამური სახელმწიფოს" დაქსაქსული რაზმების ძებნა კი არა, სირიელი ქურთების სერიოზული გაძლიერებისა და მათ მიერ ავტონომიური რეგიონის შექმნისთვის ხელის შეშლაა.
სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ რუსეთის სამხედრო დახმარებით ქვეყნის დიდ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა, თუმცა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აქამდე ცხვირს ვერ ყოფდა, რადგან იქაურ ქურთებს აშშ სამხედრო ინსტრუქტორებისა და საბრძოლო ტექნიკის გაგზავნით ეხმარებოდა.

შესაბამისად, ქურთებმა სირიის ამ რეგიონში გაიძლიერეს პოზიციები, გაყარეს იქიდან "ისლამური სახელმწიფოს" შეიარაღებული დაჯგუფებები და რეგიონის ტერიტორიას აკონტროლებენ.
ქურთების გაძლიერება, თუნდაც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თურქეთის ხელისუფლებისთვის ძალზე საშიშია, რადგან სირიელ ქურთებს მალე შეიძლება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით კომპაქტურად მცხოვრებმა მილიონობით თურქეთის მოქალაქე ქურთმაც მიჰბაძოს, რაც თურქეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო ომის დაწყების ტოლფასი იქნება.

სირიის, ერაყის, ირანისა და თურქეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ათეულობით მილიონი ქურთის მრავალსაუკუნოვანი ოცნებაა ერთიანი ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნა, რის მცდელობებსაც სისხლში ახშობდნენ ზემოხსენებული ქვეყნების ხელისუფალნი; მაგალითად სადამ ჰუსეინის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის (საბრძოლო აირების) გამოყენებით მოწამლული ერაყელი ქურთების სოფლებიც კმარა.

"ისლამურ სახელმწიფოსთან" რამდენიმეწლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ ერაყელ და განსაკუთრებით კი - სირიელ ქურთებს მდიდარი საბრძოლო გამოცდილება დაუგროვდათ და შეიძლება ღირსეული პასუხი გასცენ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, თუმცა სამხედრო უპირატესობა, რა თქმა უნდა, მაინც თურქეთის არმიის მხარეს იქნება, რადგან სირიელ ქურთებს არც ავიაცია აქვთ, არც - ძლიერი საჰაერო თავდაცვა და ვერც არტილერიისა თუ ჯავშანტექნიკის სიუხვით დაიტრაბახებენ.
სამაგიეროდ, ქურთების უპირატესობა გამოჩნდება, თუკი ისინი აირჩევენ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას - "თავს დაესხი და მიიმალე!"

პარტიზანული ქმედებები ასევე გულისხმობს დივერსიულ ოპერაციებს მოწინააღმდეგის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, რამაც შეიძლება თურქეთს ბევრი პრობლემა შეუქმნას, თუ სირიელ ქურთებს გვერდით დაუდგებიან თურქეთის მოქალაქე ქურთებიც, რომლებიც უკეთ იცნობენ თურქეთის ქალაქებს.

დღემდე თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ადგილობრივი ქურთების წინააღმდეგ ორი სამხედრო ოპერაცია განახორციელეს.

ოპერაცია "ევფრატის ფარი" 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტამდე მიმდინარეობდა, რომლის დროსაც თურქეთის არმიის დანაყოფებმა, პროთურქულ "თავისუფალი სირიის არმიასთან" ერთად, სირიის ალეპოს პროვინციას შეუტიეს როგორც "ისლამური სახელმწიფოს", ისე ქურთული დანაყოფების (რომლებიც, თავის მხრივ, ერთმანეთს ებრძოდნენ) წინააღმდეგ და კონტროლი დაამყარეს სირიის ზოგ ქალაქზე.

თურქების მეორე სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის შტო" სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 2018 წლის იანვარ-მარტში ჩატარდა და აფრინის რაიონიდან ქურთების შეიარაღებული ფორმირებების გაძევებით დამთავრდა.
ორივე სამხედრო ოპერაცია თურქეთისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებულად დამთავრდა, მაგრამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების მეტი ძალაა თავმოყრილი, რომლებიც "მშვიდობის წყაროს" ოპერაციაში მონაწილე თურქეთის არმიას უფრო ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევენ.

ვინ შეიძლება დაუდგეს მხარში ქურთებს?

ქურთები თვლიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მათ უღალატა, როდესაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ქურთების პოზიციიდან გაიყვანა. მართალია, ქურთების რიგებში მხოლოდ რამდენიმე ათეული ამერიკელი სამხედრო იყო, მაგრამ მათი იქ ყოფნა ბოჭავდა თურქეთის არმიას, რადგან პრეზიდენტი ერდოღანი ვერ ბედავდა, გაეცა ბრძანება ქურთების იმ პოზიციების დასაბომბავად, სადაც ჭურვების ნამსხვრევებს შეიძლებოდა ამერიკელი სამხედროებიც ემსხვერპლა.
ამერიკელების მიერ ქურთების მიტოვების შემდეგ თურქეთის არმიას ხელები გაეხსნა და "მშვიდობის წყაროც" დაიწყო...

ქურთები ამერიკელებზე არანაკლებ მოღალატეებად თვლიან რუსებსაც. კრემლი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან "ეთამაშებოდა" ქურთებს, აფინანსებდა "ქურთების მუშათა პარტიას", ხოლო საბჭოთა სპეცსამსახურები ქურთ მებრძოლებს ამზადებდნენ ნატოს წევრი თურქეთის ტერიტორიაზე დივერსიული ქმედებების განსახორციელებლად, თუკი მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა.

კრემლმა, მართალია, არ მოიწონა სირიელი ქურთების წინააღმდეგ თურქული არმიის შეტევა, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს მკაცრად არ დაუგმია თურქი კოლეგის გადაწყვეტილება, რაც გასაგებია - ბოლო პერიოდში რუსეთ-თურქეთის ლიდერებს შორის განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობა დამყარდა, რითაც კრემლს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს (განსაკუთრებით კი - ვაშინგტონსა და ანკარას) შორის დისონანსი შეაქვს, ეს კი, ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს ნატოს ერთიანობასა და შესაძლებლობებზე.

ევროკავშირის ქვეყნები თურქეთის მიერ ქურთების წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგი არიან და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ევროპელი ლიდერების უმეტესობა კრიტიკულად აღიქვამს თურქეთის პრეზიდენტის ბოლო წლების საქმიანობას როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე - ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაზრისით, თუმცა ევროკავშირი მაინც მხოლოდ "აღშფოთება-შეშფოთების" ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფრაზებით შემოიფარგლება.

სამაგიეროდ, ქურთებს შეიძლება სამხედრო დახმარება გაუწიონ ზოგიერთი ქვეყნების სპეცსამსახურებმა, მათ შორის - ისრაელმა და საუდის არაბეთმა. ისრაელის დაზვერვა ყოველთვის ეჭვობს, რომ თურქეთის სპეცსამსახურები მალულად მხარში უდგანან "ჰესბოლას" - ებრაელების მუდმივ თავის ტკივილს და ქურთებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით ანკარას სამაგიეროს გადაუხდიან. საუდის არაბეთიც არ არის აღფრთოვანებული ამ რეგიონში თურქეთის გაძლიერებით და წინააღმდეგი არ იქნება, ქურთებს ფარულად დაუჭიროს მხარი, თუკი ეს პრობლემებს შეუქმნის პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობას.

ირანისა და ერაყის პოზიციები განსხვავებული იქნება, რადგან ქურთული სახელმწიფოს შექმნა, თუნდაც მეზობელი სირიის ტერიტორიაზე, მათ ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, რადგან მათთანაც მილიონობით დამოუკიდებლობის მსურველი ქურთი ცხოვრობს.

თუკი თურქების დაწყებული სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" შედარებით მალე დასრულდება და ანკარა თურქეთ-სირიის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში ბუფერული ზონის შექმნას შეძლებს, თურქეთი თავიდან აიცილებს თავის შესაძლო "ვიეტნამსა" და "ავღანეთს", როგორც ეს თავის დროზე აშშ-სა და და საბჭოთა კავშირს გამოუვიდათ.


თუ თურქების სამხედრო ოპერაციამ ფართო მასშტაბი მიიღო და დიდხანსაც გაგრძელდა, ამ ომის შედეგს იგემებს მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი - მეზობელი ქვეყნები. გამონაკლისი არც საქართველო იქნება, რადგან თურქეთში სამუშაოდ თუ ტურისტად ჩასული ჩვენი მოქალაქეების რიცხვი არცთუ მცირეა და მათაც შეიძლება დაემუქროს ის საფრთხე, რომელიც ქურთების მიერ თურქეთში პარტიზანული ომის დაწყების შემთხვევაში გაჩნდება.
მამუკა
19 ოქტომბერი 2019 10:54
ეს უკვე აისახა ტაქსებმა მომსახურეობა გაძვირეს ისევ მოსახლეობის ხარჯზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა